რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დამთავრდა. ალიანსი მომავალი სამიტისთვის და ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებისთვის ემზადება. ზოგად სტრატეგიულ საკთხებთან ერთად, მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მხრიდან მეზობლების, განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ გაძლიერებული სამხედრო აგრესია იყო. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოსკოვი გააფთხილა, რომ თუ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს, ეს მოსკოვს ძვირი დაუჯდება. ამასთან, ალიანსმა პირველად საკუთარი ძალების სრული სამხედრო მობილიზება მოახდინა ბალტიისპირეთის რეგიონში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების გამო.
რას ნიშნავს ეს ნაბიჯები პრაქტიკული თვალსაზრისით? რამდენად ერთსულოვანია ნატო რუსეთის მიმართ მტკიცე პოზიციის ქონაში? ასევე, როგორია ამ ეტაპზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით? ამ შეკითხვებს ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის, და მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი პასუხობს.
ის ამბობს, რომ ნატომ ისეთი შეცდომა აღარ უნდა დაუშვას, როგორიც 2008 წელს დაუშვა, როდესაც საქართველოს და უკრაინას სამოქმედო გეგმა არ მისცა. ლინკევიჩუსს ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს უნდა ახსოვდეს, რომ ნატო არა მხოლოდ თავდაცვითი ალიანსი, არამედ უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და მასში გაწევრიანების მსურველი ნებისმიერი ქვეყანა სამხედროსთან ერთად, დემოკრატიულ კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. ლინკევიჩიუსს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო ლინას, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დამთავრდა. რამდენად კმაყოფილი ხართ გაკეთებული განცხადებებით და ზოგიერთი სამომავლო გეგმით, რომელიც მინისტერიალის განმავლობაში გაჟღერდა?
იმედია ყველას, მათ შორის, საქართველოში ჩვენს მეგობრებსაც ესმით, რომ ნატო არ არის მხოლოდ იარაღი, ტანკები და რაკეტები. ეს არის დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებზე, ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, წესებზე და კანონებზე, რომლებზეც ალიანსი თანხმდება. ეს მნიშვნელოვანია და ამ ღირებულებებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
მე არ ვესწრებოდი ამ შეხვედრებს და რაც ვიცი, საჯარო განცხადებებზე დაყრდნობით ვიცი. როგორც მოსალოდნელი იყო, არაფერი განსაკუთრებით ახალი არ მომხდარა. ასევე, მოსალოდნელი იყო ის, რომ ალიანსი სოლიდარობას გამოხატავდა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით დიდ ზეწოლას განიცდიან რუსული აგრესიის გამო. როგორც იცით, ცალკე შეხვედრა გაიმართა უკრაინასა და საქართველოსთან ალიანსის მხარდაჭერის დასაფიქსირებლად. ერთი მარტივი რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ ის არის, რომ ნატოს არ აქვს რაიმე აქტიური როლი რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში. ნატოს არ აქვს გაცემული დაცვის გარანტიები. ამიტომ რაიმე სამხედრო მოქმედების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. თუმცა, ჩემი აზრით, ნატომ უკვე არსებული მექნიზმები უნდა გააძლიეროს. ამაში ვგულისხმობ პარტნიორების სტატუსს. ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ საჭიროა ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გავხადოთ. ეს საჭიროა რუსეთისთვის მკაფიო გზავნილის გასაგზავნად და პუტინისთვის პასუხის გასაცემად იმ განცხადებებზე, რომლებსაც ის ბოლო დროს წითელ ხაზებზე აკეთებს. ნატოსაც უნდა ჰქონდეს საკუთარი წითელი ხაზები, რაშიც უნდა შედიოდეს: „უკრაინას და საქართველოს თავი დაანებე.“ ამის შემდეგ კი ის უნდა ვნახოთ, თუ ვისი წითელი ხაზები უფრო წითელია, ვისი დაპირება უფრო მყარია. აი, ამ თემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ.
Your browser doesn’t support HTML5
როგორ აფასებთ გენერალურ მდივან სტოლტენბერგის განცხადების დამაჯერებლობას იმაზე, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია ძვირი დაუჯდეს?
როგოც ვთქვი, ეს მოსალოდნელი იყო. სხვა რის თქმა შეუძლია მას გარდა იმისა, რომ რუსეთს აგრესია ძვირი უნდა დავუსვათ. თუმცა, ჯერ არ ვიცით, რა ზომებზეა საუბარი. ასევე ვიცით ისიც, რომ ზოგჯერ ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, რადგან მას ევროკავშირის თანხმობაც სჭირდება. თვითონ ნატოს სანქციების დაწესება არ შეუძლია, ნატოს წევრ სახელმწიფოებს - კი. ნატოს 21 წევრი სახელმწიფო ევროკავშირის წევრიცაა. გადაწყვეტილებების მიღებას დიდი დრო სჭირდება და უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ დამტკიცებული ნაბიჯები საკმარისად ეფექტური არ არის. რომ შევაჯამო ნაბიჯები ნატოს მხრიდან - პირველ რიგში უნდა გავაძლიეროთ უკვე არსებული მექანიზმები, გავაღრმაოთ პარტნიორობა საქართველოსთან და უკრაინასთან, უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი საქმიანობა შავ ზღვაში, იქნება ეს სამხედრო წვრთნების, საზღვაო მანევრების თუ სხვა გზით. ეს იქნება ის, რის გაკეთებაც ნატოს, როგორც ორგანიზაციას შეუძლია. მე ამის მოლოდინი მაქვს. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთს ჩვენი პოზიციები დავანახოთ, დავანახოთ, რომ რუსეთის წითელი ხაზები უფრო წითელი არ არის.
ასევე ნახეთ: პუტინი დასავლეთის წინააღმდეგრუსეთის გათვლებზე რას ფიქრობთ? გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა მინისტერიალის დროს განაცხადა, რომ რუსეთის მოქმედებები უკრაინის ახლოს და უკრაინაში არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალეა. რა მიზნის მიღწევას ცდილობს რუსეთი გამჭვირვალობის ნაკლებობით და არაპროგნოზირებადობით?
გააჩნია, რაზე ვსაუბრობთ. თუ უკრაინაზეა საუბარი, მაშინ ვფიქრობ რუსეთი ცდილობს უკრაინა ჩამოშლილ სახელმწიფოდ აქციოს და მისი წარმატება არ დაუშვას. რუსეთს სურს უკრაინამ იფიქროს, რომ წარმატების ერთადერთი გზა რუსეთთან პარტნიორობით არის მისაღწევი. თუ უკრაინა ამ არჩევანს არ გააკეთებს, მაშინ რუსეთს სურს უკრაინას დაუმტკიცოს, რომ ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. სტრატეგიულად ეს არის ის, რის მიღწევასაც რუსეთი ცდილობს. სწორედ ამას ემსახურება არსებული უწყვეტი ზეწოლა. კრემლის მეორე მიზანი ჩვენი სიმტკიცის გამოცდაა, რასაც ისინი ტრადიციულად ყოველთვის აკეთებენ. გულახდილები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ნელა ვმოქმედებთ და ზოგჯერ სუსტად ვრეაგირებთ. ისინი ახლა ცდიან იმას, თუ რამდენად შორს წავლენ მათთვის მისაღები საფასურის ფარგლებში. აი, ასეთია სიტუაცია დღეს.
საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს ნატოსთან მინისტერიალის ფარგლებში ალიანსთან შეხვედრა ჰქონდათ. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს და გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ მომავალ სამიტზე ნატომ შესაძლოა მეტად ხელშესახები ნაბიჯი გადადგას ამ ქვეყნებთან დასაახლოებლად?
პირველ რიგში, მსურს ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატი გაგრძელდეს. ერთობლივი შეხვედრები კარგია, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ტრადიციად არ იქცევა და ქვეყნები ინდივიდუალურადაც შეხვდებიან ალიანსს. მიმდინარე მოვლენების გამო უკრაინა უფრო დაუყოვნებელ ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ ეს საქართველოს ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ამასთან, ეს ქვეყნები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და მათ ინდივიდუალური გამოწვევები აქვთ. ამიტომ, იმედი მაქვს ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისიები კვლავ იმუშავებს. მოლოდინებს რაც შეეხება, ამ შეხვედრების შემდეგ ახალი სტრუქტურა, ახალი ფორმატი ან რაიმე ინიციატივა არ გამოიკვეთა.
თვითონ ის ფაქტი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეშია და რომ სავარაუდოდ ის აწამეს, თუ შიმშილობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა... კითხვა იმაში მდგომარეობს ეს არის თუ არა კარგი საქართველოსთვის. ჩემი პასუხია არა, ეს არ არის კარგი საქართველოსთვის, ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის. დანარჩენი ყველაფერი დეტალებია...
ამიტომაც, იმ მექანიზმებს, რომლებიც უკვე მუშაობს, მეტი ძალა და მეტი დატვირთვა უნდა მივცეთ. უკან არ უნდა დავიხიოთ, რადგან ეს აგრესორს წითელი ხაზების გავლების საშუალებას აძლევს. ეს შეცდომა აღარ უნდა გავიმეოროთ, რომელიც სამწუხაროდ რამდენჯერმე დავუშვით 2008 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს და უკრაინას სამოქმედო გეგმა არ მივეცით. ეს აგრესორის წახალისებას გამოიწვევს. ზოგჯერ ზედმეტად ვნერვიულობთ ჩვენი პარტნიორების მოლოდინების მართვაზე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ აგრესორის მოლოდინებს. ეს უნდა შევცვალოთ და ჩვენი მოქმედებები რეალობას უნდა მოვარგოთ და არა სურვილებს, რომ მოწინააღმდეგესთან რაღაცნაირად ურთიერთობა გამოგვიკეთდება.
ძალიან მოკლედ საქართველოზეც მინდა გკითხოთ. ქვეყანაში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა მორიგი კრიზისი შექმნა. ეს ის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება, მისი დაპატიმრება, ციხეში მისი შიმშილობა და ახლა უკვე სასამართლო პროცესი. რას ფიქრობთ, აქვს თუ არა ამ მოვლენებს გავლენა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე?
ამ შეკითხვაზე მოკლე პასუხს გაგცემთ და იმ დეტალებზე, თუ ვინ რა თქვა და გააკეთა და რა არის პროცედურა და რა არა, არ ვისაუბრებ. თვითონ ის ფაქტი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეშია და რომ სავარაუდოდ ის აწამეს, თუ შიმშილობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა... კითხვა იმაში მდგომარეობს ეს არის თუ არა კარგი საქართველოსთვის. ჩემი პასუხია არა, ეს არ არის კარგი საქართველოსთვის, ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის. დანარჩენი ყველაფერი დეტალებია, რომლებიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და რომლებზეც ცალკე დებატები შეიძლება გაიმართოს. მაგრამ ფაქტია, რომ ის რაც ხდება ქვეყნისთვის კარგი არ არის.
ნატოში ამ ყველაფერს ითვალისწინებენ თუ არა?
ითვალისწინებენ. იმედია ყველას, მათ შორის, საქართველოში ჩვენს მეგობრებსაც ესმით, რომ ნატო არ არის მხოლოდ იარაღი, ტანკები და რაკეტები. ეს არის დემოკრატიული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ პრინციპებზე, ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, წესებზე და კანონებზე, რომლებზეც ალიანსი თანხმდება. ეს მნიშვნელოვანია და ამ ღირებულებებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია არ გაუმჯობესდება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ისე, როგორც ნამდვილი მეგობრები საუბრობენ, ღიად, დაუფარავად და არა ნახევარ-სიმართლეებით. ეს არის მეგობრობა.