თადარიგის გენერალი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, დემოკრატიულ ღირებულებებთან არათავსებადია და ქვეყნის ნატოსკენ მიმავალ გზას ართულებს. ის ასევე ამბობს, რომ მომხდარი საქართველოში საინვესტიციო გარემოს აზიანებს, რადგან დასავლურ ბიზნესებს ქვეყნის ინსტიტუტებში ნდობა ეკარგებათ. გენერალი სანქციების ალბათობასა და კრიზისის დამთავრების შესაძლო გზებზეც საუბრობს. ბენ ჰოჯესს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოს აკვირდებით. როგორ აფასებთ მათ თქვენი პოზიციიდან?
სამი რამ მაქვს, ია. რა თქმა უნდა, განვიცდი, როცა ვხედავ, რომ ჩვენი მეგობრები იმას განიცდიან ახლა, რაც ხდება. ის, რომ მთავრობამ ასეთი ძალა გამოიყენა კანონიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, ისე გამოიყურება, როგორც უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ეს შემაშფოთებელია. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ უკან გადადგას ნაბიჯი და სიტუაციას კონტროლიდან გასვლის საშუალება არ მისცეს. ამით მხოლოდ კრემლი და კრემლის მხარდამჭერები სარგებლობენ. ასეთ ძალადობას ქართველი ხალხისთვის კარგი არაფერი მოაქვს. საქართველოს მეგობრებმა, განსაკუთრებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დაელაპარაკოს. ამასთან, იმედი მაქვს ნებისმიერი სახის ძალადობის შედეგად, მეტი ადამიანი აღარ დაშავდება.
Your browser doesn’t support HTML5
შეერთებული შტატები ამას ცდილობს. ალბათ უკვე ნახეთ, რომ კაპიტოლიუმის ორივე პალატიდან ორპარტიული განცხადებები გამოქვეყნდა. ასევე განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა. აქამდე ამ მოწოდებებს შედეგი არ მოჰყოლია. თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი?
ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება. ისედაც ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრით, საქმე ურთულდება შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს.
ვნახე სანქციების დაწესების მოწოდებები. არ ვისურვებდი, ვნახო სანქციები მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ყურადღებით უნდა შევაფასოთ ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არ არის კუნძული. ის მსოფლიოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი არაპირდაპირ თუ სხვა გზებით ჩართულია ამ ყველაფერში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთადერთი ბენეფიციარია. კრემლს არ სურს ისეთი საქართველო, რომელიც ევროპასთან მეტად ინტეგრირებულია. ჩვენ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმაზე, თუ სადაა ეს გავლენა. ამასთან, ოპოზიციასაც აქვს აქ საკუთარი როლი. ის, რა თქმა უნდა, დაზარალებული მხარეა, მაგრამ პასუხისმგებლიანი, შემდგარი და ცივი გონების მქონე ოპოზიციის ლიდერშიპი ასევე დამხმარე [ფაქტორი] იქნება. ვფიქრობ, არ შეიძლება მოლაპარაკებამდე წითელი ხაზების გავლება, რადგან ამ შემთხვევაში რეალური მოლაპარაკება ვერ გექნება. იმედი მაქვს, მოვნახავთ გზებს, რომ ორივე მხარემ შეძლოს დაძაბულობის შემცირება.
ანუ, სანქციებს არ ემხრობით?
არ ვიტყოდი იმას, რომ სანქციებს ვეწინააღმდეგები. გულახდილად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაცია სიფრთხილეს გამოიჩენს მეგობარი ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესების მხრივ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ ამ ვალდებულებას კანონი დააკისრებს ან როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს. შეერთებული შტატები ყველასთვის საუკეთესო შედეგს აღწევს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს. ვისურვებდი, რომ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა ისეთი ქვეყნებიც ჩაერიონ ამ ყველაფერში, რომლებიც რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე ზრუნავენ, ან უნდა იზრუნონ. კარგი იქნება, ამერიკასთან ერთად, სხვებიც რომ ჩაერთონ ისეთი გამოსავლის მონახვაში, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას სცემს პატივს. ლიბერალურ დემოკრატიაში ძლიერი ოპოზიციური პარტიები უნდა არსებობდეს. ხალხის ინტერესი მაშინაა საუკეთესოდ დაცული, როცა მათ ერთგული და ძლიერი ოპოზიციური პარტიები ჰყავთ. ეს ყველაფერი მმართველ პარტიას უბიძგებს, უკეთესად იმუშაოს სწორედ იმის გამო, რომ მას კონკურენტი ჰყავს.
თუ სიტუაცია არ განიმუხტა, თქვენი აზრით, ექნება ამას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენა?
ჩვენი საუკეთესო დიპლომატები - ელჩი დეგნანი და მისი გუნდი - სწორედ ამაზე მუშაობენ. არა მგონია, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედიოდეს ის, რომ საქართველოს ზურგი შეაქციოს. თუმცა, ვიტყვი , რომ ამ ყველაფრის გამო ამერიკული ბიზნესისთვის საქართველო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. თუ ისინი არ ენდობიან სასამართლო პროცესს, გამჭვირვალობას, თუ ვერ ხედავენ იმას, რომ მთავრობა სამართლიანია, ამას შეიძლება შედეგად ის მოჰყვეს, რომ ამერიკულმა და ევროპულმა ბიზნესმა საქართველოს ზურგი შეაქციოს.
ასევე ვიტყოდი, რომ ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება. ისედაც ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრით, საქმე ურთულდება შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს. ვაშინგტონის ხელშეკრულება საუბრობს მოკავშირეების მიერ საერთო ღირებულებების გაზიარებაზე და ის, რაც ახლა თბილისში ხდება, ამ ღირებულებებთან თანხვედრაში არ არის. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ორივე მხარე დაჯდეს და გამოსავალი სწრაფად მონახოს.
Your browser doesn’t support HTML5