ილარიონოვი: რუსეთს საქართველო ცოტა ხნით მივიწყებული ჰყავდა, მაგრამ ახლა ომი ახალ ეტაპზე გადავიდა

ანდრეი ილარიონოვი, კატონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი

ანდრეი ილარიონოვი, კატონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და წარსულში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ის ამბობს, რომ 20 ივნისს შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კარგად დაგეგმილი „სპეციალური ოპერაციაა.“ ილარიონოვს ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ბატონო ანდრეი, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. ცოტა ხნის წინ, კომუნისტური პარტიის წევრი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში იმყოფებოდა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებელი ასამბლეისთვის სიტყვით მიმართვისას, ის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა. საქართველოში ამ ნაბიჯს სწრაფი საპროტესტო რეაგირება მოჰყვა, რაც ანტი-საოკუპაციო მასშტაბური დემონსტრაციებით გაგრძელდა. რას ფიქრობთ ზოგადად ამ უცნაურ მოვლენაზე, რუსი კომუნისტი მართლმადიდებელი დეპუტატი საქართველოში სპიკერის სავარძელში?

არ ვიცი და ვერ გავიგე, რატომ დართო საქართველოს პარლამენტმა მას ნება ისე მოქცეულიყო, როგორც მოიქცა. ესეც შეკითხვებს წარმოქმნის. ნებისმიერი დეპუტატი, ნებისმიერი ქვეყნიდან, პატივს სცემ ძალაუფლებას, სიმბოლოებს და კარგად ესმის სად იკვეთება ეს ხაზი. ასე რომ, ყველაფერი ძალიან უცნაურად ჩანს თავიდან ბოლომდე.

ამაზე ჩემი რეაქცია ისაა, რომ ეს ადამიანი, ალბათ, ძალიან ჭკვიანი არ არის. ის არა მხოლოდ არ ფიქრობს იმაზე, თუ რას აკეთებს და როგორ აკეთებს, არამედ მას ინტელექტიც არ აქვს. მან ბევრი არაფერი იცის საქართველოზე, ქვეყნის ისტორიაზე და კულტურაზე. თუმცა, მან ასევე ბევრი არაფერი იცის ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ეს უბრალოდ მის დაბალ ინტელექტზე მიუთითებს. თუმცა, მეორეს მხრივ, ამით გამოჩნდა ის სიღრმისეული იმპერიული აზროვნება, რომელიც რუს დეპუტატებს და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წევრებს ხშირად აქვთ. არ მგონია გავრილოვი გამიზნულად მოიქცა ასე, ის უბრალოდ ფიქრობდა, რომ ეს მისაღებია. ამასთან, გაუგებარია თვითონ ამ უცნაური ორგანიზაციის მიზანიც, რომლის შესახებაც, უნდა გამოვტყდე და აქამდე არაფერი მსმენია. ჩემთვის ასევე გაუგებარია ისიც, თუ რატომ არის საქართველო და რატომ არიან ქართველი დეპუტატები ასეთი უცნაური ორგანიზაციის წევრი. არ ვიცი და ვერ გავიგე, რატომ დართო საქართველოს პარლამენტმა მას ნება ისე მოქცეულიყო, როგორც მოიქცა. ესეც შეკითხვებს წარმოქმნის. ნებისმიერი დეპუტატი, ნებისმიერი ქვეყნიდან, პატივს სცემს ძალაუფლებას, სიმბოლოებს და კარგად ესმის სად იკვეთება ეს ხაზი. ასე რომ, ყველაფერი ძალიან უცნაურად ჩანს თავიდან ბოლომდე.

საქართველოს საზოგადოების რეაქცია საღი იყო. ის, რომ ზუსტად პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციები გაგრძელდა იმაზე მიუთითებს, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა და ჯანსაღია. ხალხმა საკუთარი აზრი გამოხატა.

გავრილოვი საინტერესო ფიგურაა. საქართველოში ჩასვლამდე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მას შემდეგ კი თითქმის ყოველ დღე გამოდის უცნაური განცხადებებით. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში თქვა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო აღარ არსებობს. არ მინდა ამ ინდივიდზე ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ საინტერესოა ის, თუ რამდენად წარმოადგენს გავრილოვი რაღაც უფრო დიდს, ვიდრე მხოლოდ ერთ დეპუტატს. რუსეთის დუმაში ბევრია ისეთი დეპუტატი, როგორიც გავრილოვი?

არც მე და კიდევ ბევრ ადამიანს საქართველოში მის უცნაურ ქცევამდე, მის შესახებ არაფერი სმენია. მაგრამ ახლა ის საჯარო ყურადღების ცენტრშია და როგორღაც გაიგო, რომ ამ პოზიციის გამოყენება შეუძლია. შეიძლება მას სხვა ადამიანები იყენებენ, როგორც მექანიზმს იმისთვის, რომ გარკვეული მესიჯების კომუნიკაცია მოახდინონ, სიგნალები გაგზავნონ. ვფიქრობ მას იყენებენ ამ განცხადებების გასაჟღერებლად. გავრილოვს ეს განცხადებები ორიოდე კვირის წინ რომ გაეკეთებინა, მას ყურადღებას არავინ მიაქცევდა, მაგრამ დღეს ყველა მასზე საუბრობს. საკითხმა ევოლუცია განიცადა -- ახლა სცენარის განვითარების მეორე საფეხურზე ვართ.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას საქციელიც ერთ-ერთი უცნაური მოვლენაა. მის მიერ ვლადიმირ პუტინის პირდაპირ ეთერში ასე გინება უპრეცედენტოა, მიუხედავად იმისა, რომ გინება ქართულ მედიასივრცეში არც თუ ისე იშვიათი რამაა. რას ფიქრობთ მის მონოლოგზე?

ეს ადამიანი კითხულობდა მის მონოლოგს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი, ემოციური აფეთქება. მას კარგად ჰქონდა გააზრებული რას აკეთებდა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არც ისე კარგად კითხულობდა. ეს ყველასთვის ნათლად გამოჩნდა.

ამ ადამიანზეც არაფერი მსმენია წარსულში. გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აშკარად მოუმზადებელი იყო და ყველაფერი შემთხვევით მოხდა, გაბუნიას შემთხვევაში პირიქით, არაფერი იყო შემთხვევითი. ის ძალიან კარგად იყო მომზადებული. აქ არ ვსაუბრობ უბრალოდ გინებაზე. ეს არ არის ბუნებრივი ქცევა ბევრ დონეზე -- იქნება ეს ყოველდღიური საუბრები თუ მედია სივრცე -- განსაკუთრებით, როცა ასე ჟურნალისტი საუბრობს და მით უმეტეს, სხვა ქვეყნის პრეზიდენტზე. ეს ცხადია საქართველოში არსებული მედიის ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევა და საზოგადო ნორმებიდან უცნაური გადახვევა იყო. სწორედ ამის გამო, ეს ძალიან საინტერესო საკითხია.

ეს ადამიანი კითხულობდა მის მონოლოგს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი, ემოციური აფეთქება. მას კარგად ჰქონდა გააზრებული რას აკეთებდა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, არც ისე კარგად კითხულობდა. ეს ყველასთვის ნათლად გამოჩნდა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბევრმა ქართველმა რუსული გინება თითქმის უნაკლოდ იცის. გაბუნია უნაკლო ნამდვილად არ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამ ლექსიკით ზოგადად არ საუბრობს და ამიტომაც უშვებდა შეცდომებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს მისი იდეა არ იყო.

ვისი იდეა იყო ეს, თქვენი აზრით?

არ ვიცი. თავისი იდეა რომ ყოფილიყო ამას ისე გააკეთებდა, რომ მისთვის უფრო ბუნებრივი ყოფილიყო. ეს ძალიან კარგად მომზადებული ოპერაცია იყო.

რა ვნახეთ გაბუნიას გინების შემდეგ? საქართველოს ყველა ლიდერი მას ბოდიშს უხდის, ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. აი, რა იყო ყველაზე დიდი ეფექტი ამ სპეციალური ოპერაციის. ეს საოცარი შედეგია.

ახლა შევხედოთ ამ ოპერაციის შედეგებს. გაბუნია ორ წუთზე ნაკლები დრო საუბრობდა. ამას, როგორც სპეციალურ ოპერაციას თუ შევხედავთ დავინახავთ თუ რამდენად ეფექტური იყო ის. რუსთავი 2 ამის გამო ჯერ ისევ თავდასხმის ქვეშაა. კომპანიას მაუწყებლობის შეწყვეტაც კი მოუწია რამდენიმე საათით. რუსთავი 2 ოპოზიციური არხია, რომელიც საქართველოს მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს. ამ ორი წუთის გამო ბევრს გაუჩნდა იდეა, რომ რუსთავი 2 გაანეიტრალოს, იყო იმაზე საუბარიც, რომ კომპანიისთვის მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვათ. ამასთან, საქართველოს ყველა ლიდერმა -- პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა -- პუტინს ბოდიში მოუხადა. ერთი წამით ამაზე დავფიქრდეთ -- ბატონი პუტინი საქართველოს თავს დაესხა, მოკლა საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი. მან დაბომბა საქართველოს მთელი ტერიტორია. მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. აცხადებს, რომ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. აწარმოებს ბორდერიზაციას, ყოველ თვე ამ ტერიტორიებზე ვიღაცას იტაცებენ ან კლავენ. და რა ვნახეთ გაბუნიას გინების შემდეგ? საქართველოს ყველა ლიდერი მას ბოდიშს უხდის, ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. აი, რა იყო ყველაზე დიდი ეფექტი ამ სპეციალური ოპერაციის. ეს საოცარი შედეგია.

ამ კონტექსტში ისიც უნდა ვთქვათ, რომ კიდევ ერთი შედეგი -- ბევრ სხვა შედეგს შორის -- ის არის, რომ ბატონი გავრილოვის ამბის შემდეგ მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლამ მთავრობას დაანახა, თუ როგორი დაუცველია.

ვფიქრობ, ეს ოპერაცია საინფორმაციო ომის სასწავლებელ სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება 2-მა წუთმა პოლიტიკური გარემო შეცვალოს.

თუ ეს მართლაც ოპერაცია იყო, მაშინ მისი წარმატების შანსი მხოლოდ 50 პროცენტი იყო.

კიდევ ერთს დავამატებ, რომ ამ ინციდენტს რუსეთის მხრიდან კარგად ორკესტრირებული რეაგირება მოჰყვა, რომლის დროსაც რუსი დეპუტატები გამოვიდნენ და აღშფოთებულებმა ზოგმა სანქციები მოითხოვა და ზოგმა სხვა მკაცრი ზომები. ბატონი პუტინი კი ბოლოს გამოვიდა და თქვა, რომ კარგით ახლა... ეს არ არის სერიოზული რეაქცია, რომ ის, ამ ყველაფერს, ყურადღებას არ აქცევს. ის გამოჩნდა, როგორც ნამდვილი ევროპელი, შემწყნარებელი, სულგრძელი ლიდერი. ამით მან ზედაპირულად მაინც შეცვალა დისკუსია რუსეთზე.

ამ კონტექსტში, როცა ამბობთ, რომ ეს სპეციალური ოპერაცია იყო, ბოლომდე ვერ გავერკვიე კონკრეტულად ვის გულისხმობთ? ამ, ეგრეთწოდებული, ოპერაციის შედეგების პირველი ტალღა რუსთავი 2-ის და ოპოზიციის სასარგებლოდ წარიმართა, მთავრობა უხერხულ და სუსტ მდგომარეობაში აღმოჩნდა. შედეგების მეორე ტალღა კი არც ისე სახარბიელო იყო ოპოზიციისთვის, იმის გამო, რომ პუტინმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და პროპაგანდისტებს საშუალება მისცა საქართველოზე დიდი დარტმა მიეტანა. ამიტომაც ვკითხულობ -- ვინ დაგეგმა ეს ოპერაცია?

მე არ ვიცი ვინაა ბატონი გაბუნია, როგორ მოხვდა ის რუსთავი 2-ში, ვისი გავლენის ქვეშ იყო ის, როცა ეს მონოლოგი წაიკითხა. ბოლო ორიოდე ათწლეულის განმავლობაში ხშირად ხდება ისეთი მოვლენები, როცა არც ისე მნიშვნელოვანი ადამიანები მნიშვნელოვან პროცესებს იწყებენ. ამის ერთი მაგალითი თვითონ ბატონი პუტინია. დღემდე უცნობია, თუ როგორ დაწინაურდა იმ პოზიციებზე ბატონი პუტინი, რომლებმაც ის პრეზიდენტობამდე მიიყვანა. ზედაპირულად, ეს თითქოს პრეზიდენტი ელცინი იყო, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანი, რომელიც მას მფარველობდა ვალენტინ იუმაშევია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მისი სახელი რუსეთში თითქმის არსად ფიგურირებს. ასე რომ, არ ვიცი ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონი გაბუნიას საქციელს მნიშვნელოვანი პროცესების დაწყება მოჰყვა.

თქვენ ახსენეთ რუსეთის დუმის დეპუტატების რეაქცია პუტინის შეურაცხყოფაზე. სანქციებით დამუქრება გასაკვირი არ იყო. მაგრამ ასევე გაჟღერდა ერთი აბსურდული მოთხოვნაც -- მოხდეს გაბუნიას ექსტრადირება რუსეთში მის გასასამართლებლად. ეს უცნაური იმიტომაა, რომ ყველამ კარგად იცის - მათ შორის, იმ ადამიანებმაც, ვინც ამას ითხოვენ - რომ გაბუნიას რუსეთში არავინ გაგზავნის იმის გამო, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არაეთიკურად მოიქცა. როგორ ახსნით ამ უსაფუძვლო მოთხოვნას, რომელიც ყველასთვის წინასწარვე გასაგებია, რომ არ შესრულდება?

ეს საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის გაგრძელების კამპანიის ნაწილია. გავრილოვის საქციელი უბრალოდ “უბედური შემთხვევა” იყო, ხოლო ის, რაც მის უგუნურ საქციელს მოჰყვა არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შემთხვევით ხდება. ეს ძალიან სერიოზული კამპანიაა, რომელშიც რუსეთის პირველი პირი პირადად მონაწილეობს. ეს, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ შემთხვევით აღარაფერი ხდება.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო კრემლის, პირადად პუტინის რადარზე აღარ ჩანდა. ის თითქოს მივიწყებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბორდერიზაციას და სხვა ქმედებებს აგრძელებდა, რუსული მხარეც აქტიურად ცდილობდა საქართველოზე დიდი ყურადღება არ გაემახვილებინა. და ახლა, უცებ რას ვხედავთ, რომ ბატონი პუტინი პირადად აკეთებს საქმეში ინტერვენციას და თან რაზე? გაბუნიას საქმეზე!

ეს ყველაფერი გამოიყურება, როგორც რუსეთ-საქართველოს ხანგრძლივი ომის ერთ-ერთი თავი. ამ ომს ბევრი ელემენტი აქვს -- 2008, 2004, 1990-ანების დასაწყისში ეს სამხედრო მეთოდები იყო, მოგვიანებით ვხედავთ ბრძოლის მეთოდებს ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, არის ჯაშუშობის, საინფორმაციო ოპერაციების და სხვა შემთხვევები. ახლა ვხედავთ, ძირითადად, საინფორმაციო ომის მეთოდებს. ეს გაგრძელდება.

რით შეიძლება ეს გაგრძელდეს? თუ საქმეში პუტინი ერევა, რას ცვლის ეს? შეიძლება საინფორმაციო ომს ლიმიტირებული სამხედრო ოპერაცია მოჰყვეს?

ერთი ელემენტი, რაც კრემლს და ბატონ პუტინს აწუხებს ისაა, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოს მთავრობის უკან დგას, მხარდაჭერას კარგავს და ეს ძალიან ცხადია. ამის ბევრი ინდიკატორი არსებობს. ბატონი ივანიშვილი ბატონი პუტინისთვის უკეთესი პარტნიორია, ვიდრე სააკაშვილი იყო ან ვინმე სხვა შეიძლება იყოს. კრემლი არ შეწუხებულა საქართველოში ქართული ოცნების მმართველობით. მაგრამ ახლა, როცა პარტია მხარდაჭერას კარგავს, პუტინი ნერვიულობს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვითარება შეიძლება კიდევ უფრო შეიცვალოს და პარლამენტში სულ სხვა ძალები მოვიდნენ. კრემლში ამაზე ფიქრობენ.

საინტერესოა, ამას რომ ამბობთ. “ქართული ოცნების” მთავრობა ინარჩუნებს დასავლურ ორიენტაციას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება კვალავ ქვეყნის პრიორიტეტია. ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთზე დამოკიდებულება და რუსული ინვესტიციები გაიზარდა, თუმცა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, მთავარობა არაფერს აკეთებს ისეთს, რაც ღია პრო-რუსული პოლიტიკის წარმოების ნიშნები იქნებოდა. როგორ ხსნით იმას, რომ პუტინს “ქართული ოცნების” მთავრობა მოსწონს?

პოლიტიკაში ფიქრობ იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი. ბოლომდე სასურველი შედეგი ძალიან რთული მისაღწევია, მათ შორის, კრემლისთვისაც. თუმცა ყოველთვის არის არჩევანი, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში ეს არის ორი ძირითადი ძალა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა.” კრემლისთვის პირველი უფრო მისაღებია, ვიდრე მეორე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლს “ქართული ოცნება” მოსწონს, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ მასთან მუშაობა ურჩევნია. ამიტომაც, კრემლს ურჩევნია, რომ ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” დარჩეს და როცა ჩნდება იმის ნიშნები, რომ ეს ძალა მხარდაჭერას კარგავს, ბატონ პუტინს დისკომფორტი ექმნება. არავის ჰგონია, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, მაგრამ ის უდავოდ უფრო კომფორტული პარტნიორია რუსეთისთვის, ვიდრე ვინმე სხვა.