სტრატეგიული ქარტია: ფორმა თუ შინაარსი?

სტრატეგიული ქარტია: ფორმა თუ შინაარსი?

ამერიკა საქართველოს უპირობო მხარდაჭერას ადასტურებს, მაგრამ დემოკრატიის განვითარებას ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე მეტი მნიშვნელობას ანიჭებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში უკვე დასრულდა, ანალიტიკოსები კვლავ აგრძელებენ მისი შედეგების შეფასებას. იმაზე, თუ რას შეიძლება ელოდეს საქართველო ვიზიტის შემდეგ, ვაშინგტონში დაფუძნებული გერმანული მარშალის ფონდის უფროს მკვლევარს, ბატონ დევიდ კრეიმერს ვესაუბრეთ.

ბატონი კრეიმერის თქმით, ჰილარი კლინტონმა საქართველოს უპირობო მხარდაჭერა გამოხატა და მის ნათქვამში არაფერი იყო გაუგებარი ან შეფარული:

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მდივანმა სწორ თემებზე გაამახვილა ყურადღება და ქალებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრით დემოკრატიისა და ადამინის უფლებების საკითხსაც გაუსვა ხაზი. მაგრამ ამასთან ერთად მან საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა.“

მხარდაჭერის გამოხატვის აუცილბელობა ბატონმა კრეიმერმა იმასთან დააკავშირა, რომ თბილისში გაჩნდა შეხედულება, რომ ამერიკამ საქართველოს მიმართ ყურადღება მოადუნა. ეს შეხედულება იმითაც დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, ვაშინგტონში აპრილში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დროს ბარაკ ობამა მას არ შეხვდა. კლინტონის ვიზიტის ერთ-ერთი დანიშნულება ამ შეხედულების განეიტრალება იყო.

საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შესახებ ბატონმა კრეიმერმა აღნიშნა, რომ ქარტიის პირობების სრულად ამუშავებას დრო სჭირდება, ამ ეტაპზე კი ის ამერიკას საშუალებას აძლევს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიის გაძლიებაში დაეხმაროს.

„ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ საქართველოში დემოკრატიიდან გადახვევის შემთხვევები აღარ იქნება. ამასთან, აუცილებელია ხელისუფლებამ პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, განავითაროს დამოუკიდებელი მედია და სასამართლო და გარდაქმნას სასჯელაღსრულების სისტემა. საქართველომ ასევე უნდა შექმნას ჯანსაღი საარჩევნო გარემო და დააკამყოფილოს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები.“

ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციამაც უნდა გააცნობიეროს ის, რომ ქვეყანაში დემოკრატია მხოლოდ შიგნიდან შეიძლება დაინერგოს. დემოკრატიის იმპორტი ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. ამიტომ, ბატონი კრეიმერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოში უნდა აწარმოონ საკუთარი პოლიტიკური კამპანია და არა მოსკოვში ან ვაშინგტონში.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ამერიკასა და საქართველოში სხვადასხვანაირად აღიქვამენ. საქართველოში ის გარკვეულ წილად ეროვნული უშიშროების გარანტადაა აღქმული, ხოლო ამერიკაში კი მას იმ დოკუმენტად მოიხსენებენ, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობას უბრალოდ მიმართულებას აძლევს. ქარტიის ერთ-ერთი ნაწილი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასაც მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ქარტიას ხელი ორი წლის წინ მოეწერა, ამერიკა კვლავ თავს იკავებს საქართველოსთვის სამხედრო შეიარაღების ექსპორტზე. ეს კი ბადებს მრავალ შეკითხვას: მაგალითად, რატომ იჩენდა თუნდაც ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს შეიარაღების მხრივ სიფრთხილეს, უკავშირდება თუ არა იარაღის ექსპორტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობას და რამდენად გულწრფელია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში მაშინ, როცა ამერიკის ტექნიკური დახმარების გარეშე ძნელი იქნება ნატოს სტანდარტებთან მიახლოება და შესაბამისად ალიანსში გაწევრიანება.

ბატონი კრეიმერის აზრით, იარაღის თემა სავარაუდოდ უფრო აქტიურად წამოიჭრება მომავალში:

„ამ საკითხში ინტერესი გაღრმავდება. განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთთან აწარმოებენ სამხერდო შეიარაღებასთან დაკავშირებულ გარიგებებს. ეს საკმაოდ რთული საკითხია. ერთის მხრივ, შეუძლებელია არ გაამართლო ქვეყნის მიერ თავდაცვის გაძლიერების სურვილი. ხოლო მეორეს მხრივ, ვაშინგტონი იმაზეც ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯმა რუსეთთან კონფლიქტი არ წარმოქმნას. ასევე იქმენბა იმის საფრთხეც, რომ იარაღის მიყიდვაზე თანხმობის მიღებით, საქართველოს მთავრობამ იარაღის ექსპორტი შეიძლება ამერიკის სამხედრო მხარდაჭერასთან გააიგივოს და თავი წაიქეზოს.“

საქართველოს ტერიტორიული მთლინობის აღდგენაზე ბატონმა კრეიმერმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება ახლო მომავალში არ მოხდება, თუმცა არსებობს იმედი, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება ფართოდ განხილული თემა არ იყოს:

„ეს თემა შეიძლება ეს ამ ეტაპზე ოცნებასავით ჟღერდეს, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გამოსავალი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იქნება. საქართელო ევროპის ნაწილი რომ გახდეს, არ არის გამორიცხული, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოში დაბრუნება მოუნდეთ.“

იმისთვის რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანამ სრული ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს. უნდა შეიცვალოს საარჩევნო, სასამართლო, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო და კიდევ უამრავი სხვა სისტემა. საქართველოში უნდა დამკვიდრდეს დემოკრატია და შეიქმნას ჯანსაღი პოლიტიკური გარემო. ამ ყველაფერს შეიძლება თაობები დასჭირდეს. ბატონი კრეიმერის აზრით, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა გამოიყენოს.