როდესმე დაინტერესებულხართ, სად ინახება მონაცემები, რომელსაც ინტერნეტით ყოველდღიურად მოიხმართ? ან სად არის ე.წ. ქლაუდი (Cloud - ქართულად ღრუბელი), სადაც ჩვენი ფოტოები, დოკუმენტები, თუ ვიდეოები იტვირთება?
ეს ყველაფერი ჩვენი კომპიუტერებიდან ერთ არც ისე მჭიდროდ დასახლებულ, მშვიდ სამეზობლოში მიემგზავრება, რომელიც ვირჯინიის შტატში მდებარეობს, ქ. აშბურნში, ვაშინგტონიდან დაახლოებით ნახევარი საათის გზაზე. ტიპიური ამერიკული მცირე ზომის ქალაქი, სხვებისგან არაფრით გამოირჩევა. პატარები დადიან სკოლაში, ვარჯიშობენ ფეხბურთის მოედნებზე, უფროსები ხან მანქანებით მოძრაობენ, ხან ასეირნებენ ძაღლებს და დარბიან პატარა ხელოვნური გუბურების ირგვლივ.
სწორედ აქ, ამ გარეგნულად არაფრით გამორჩეულ ქალაქში გადის მსოფლიოს ინტერნეტ-საცობებში მოძრავი ინფორმაციის უმეტესი ნაწილი, უფრო ზუსტად - ინფორმაციის 70%. ნებისმიერი იმეილი, ანუ ელექტრონული წერილი, რომელსაც თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აგზავნით, აუცილებლად აშბურნში გაივლის. ქალაქი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დარგის სპეციალისტებს აშბურნისთვის რამდენიმე მეტსახელი აქვთ: მონაცემთა ბაზის ხეივანი, ქლაუდის დედაქალაქი, ან აღმოსავლეთის სილიკონის დაბლობი.
აშბურნში 100-ზე მეტი მონაცემთა ცენტრია. „გასაოცარია, თუ გაიაზრებთ, რა რაოდენობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელებია აქ მიწაში მჭიდროდ დამარხული“ - ამბობს ბადი რაიზერი, ლაუდონის საგრაფოს ეკონომიკური განვითარების აღმასრულებელი დირექტორი. აშბურნი ლაუდონის საგრაფოს ნაწილია. ბადი რაიზერის თქმით, უამრავი გაყვანილობა ადრე მხოლოდ გზების და ტრასების ორივე მხარეს იყო დაფლული, ახლა კი ქსელები გზის შუა ნაწილშიც გაჰყავთ.
ქლაუდს (ღრუბელს) რომ ახსენებ, უმეტესობას თვალი ინსტიქტურად მაღლა გაურბის. „ნუ, ამ დროს რეალობაში, ის არც ისე ზევითაა... არამედ 16.7 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ შენობებშია მოქცეული, მონაცემთა ბაზის ცენტრებში“ - ამბობს ბადი რაიზერი.
ეს ყველაფერი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. მაშინ ვებ-პორტალმა "ამერიკა ონლაინ" (AOL) ქალაქში პირველად ჩამოიტანა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები და ელექტროენერგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. შემდეგი კომპანია იყო "მაე-ისთ" (MAE-East), რომელიც 2001 წელს დაიხურა. „ორიოდ კაცი შეიკრიბა, ცოტა ლუდი დალიეს და გადაწყვიტეს, ქსელები შეექმნათ, რომელიც ინფორმაციას გაატარებდა და შეინახავდა“ - ყვება ჯონ დეი, „საბეის მონაცემთა ცენტრების“ ვიცე-პრეზიდენტი გაყიდვის და გაქირავების მიმართულებით.
„ინტერნეტი რეალურად ასეთ ცენტრებში ცხოვრობს. მონაცემთა ცენტრების გარეშე, სინამდვილეში ინტერნეტი ვერ გვექნება“ - აღნიშნავს ჯონ დეი. მისი მონათხრობის მიხედვით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, აშბურნი თანდათან გაიზარდა და მალე გლობალურად მონაცემთა ბაზების მთავარ ცენტრად გადაიქცა. დღეს აქ უდევს ბინა ისეთი ტექნო-გიგანტების საინფორმაციო ბაზებს, როგორიცაა მაგალითად, „გუგლი“ და „ამაზონი“.
ძნელია იმის თქმა, თუ რით და რატომ მოხიბლა აშბურნმა თავის დროზე ინტერნეტ-კომპანიები. ვარაუდობენ, რომ შეიძლება ეს იყო შედარებით ხელმისაწვდომი ფასები მიწაზე, ელექტროენერგიაზე. ამას გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა განათლებული მუშახელი და სიახლოვე წყალთან, რომელიც დანადგარების გასაგრილებლად არის საჭირო. ამასთან, აშბურნი არც ისეა მოწყვეტილი დიდ ქალაქებს, ვაშინგტონთან მისი სიახლოვეც უნდა თამაშობდეს გარკვეულ როლს.
ისეთი კომპანიები, როგორიცაა „საბეის მონაცემთა ცენტრები“, პრაქტიკულად, შუამავლის როლს ასრულებენ. „საბეის“ კლიენტთა სიაზე ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჯონ დეი მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ მისი ერთი კლიენტი ერთ-ერთია 5 უდიდეს ქლაუდ-პროვაიდერებს შორის.
შუამავალი კომპანია ტექნო-გიგანტებს უზრუნველყოფს ფართით, ელექტროენერგიით და გაგრილების მომსახურებით. ელექტროენერგიის შეწყვეტა ამ ცენტრებს არ ემუქრება, რადგან აშბურნში უამრავი გენერატორია, რომელიც პრობლემის გაჩენისთანავე, ავტომატურად ირთვება.
ინტერნეტ-მომსახურებაზე მასობრივად გადასვლასთან ერთად, შუამავალი კომპანიების მომსახურებაც ფასდაუდებელი გახდა. მათზეა დამოკიდებული არამარტო ტექნოლოგიური კომპანიები, არამედ ისინი, ვისაც თავად ეს კომპანიები უზრუნველყოფენ მომსახურებით, ანუ: ბანკები, ბირჟები, სადაზღვევო კომპანიები, ინტერნეტში ნებისმიერი კომერციული საქმიანობის მწარმოებელი მაღაზიების ქსელი, სასტუმრო, თუ რესტორანი.
შესაბამისად, ცენტრების უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. აშბურნში უზარმაზარი მოცულობის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყრის თავს, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა ესაჭიროება. ეს საწყობის ტიპის, გარეგნულად სადა და ხშირად შეუხედავი შენობები, სადაც მონაცემთა ბაზებია განლაგებული, წელს ლაუდონის საგრაფოს გადასახადების სახით, 320 მილიონ დოლარს გადაურიცხავს.
„ყოველ დოლარზე, რომლითაც ამ ცენტრებს ვემსახურებით, უკან 15 დოლარს ვიბრუნებთ, რაც ინვესტიციისთვის არაჩვეულებრივ მოგებად ითვლება“ - აღნიშნავს ბადი რაიზერი, ლაუდონის საგრაფოს ეკონომიკური განვითარების აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, ტექნოლოგიური კომპანიებისგან მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და მათ სრულად დაკმაყოფილებას, სულ ცოტა, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.