საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დღეს გაკეთებული ერთობლივი შეფასებების თანახმად, არჩევნების მეორე ტურამდე წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატთა კამპანიები გააქტიურდა და ამავე დროს გაიზარდა დაძაბულობა მხარეებს შორის, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეებზე. დამკვირვებლები ხაზს უსვამენ იმას, რომ მხარეებმა ასევე ფართოდ გამოიყენეს დემონსტრაციები, როგორც ნეგატიური კამპანიის წარმოების გზა. არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაფასებელი წინასწარი მოხსენება წარმოადგინეს: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), დამკვირვებლებმა.
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართული მხარეები აღნიშნავდნენ, რომ არჩევნები აღარ წარმოადგენდა ორ კანდიდატს შორის არჩევანის გაკეთებას, არამედ დაემსგავსა რეფერენდუმს, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრებოდა ქვეყნის სათავეში არსებული მმართველი ძალა“, - წერია დამკვირვებლების დასკვნაში. აქვე ნათქვამია, რომ დაძაბული კამპანიის ფარგლებში, თითქმის აღარ რჩებოდა შესაძლებლობა წინასწარ გაწერილი წინასაარჩევნო პროგრამის წარმოსადგენად და მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირებული დებატების გასამართად. ეს კი, თავის მხრივ, ასუსტებდა ამორჩეველთა შესაძლებლობას, გაეკეთებინათ გაცნობიერებული არჩევანი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ყურადღების ცენტრში მოექცა „საყოველთაოდ გავრცელებული ძალზედ აგრესიული და ძალადობრივი რიტორიკა“, რომელიც ისმოდა სატელევიზიო გადაცემებში, სოციალურ ქსელებსა და დემონსტრაციების დროს, ასევე პარტიის მაღალჩინოსანი წევრებისა და სახელმწიფო მოხელეების ცალკეულ განცხადებებში.
სალომე ზურაბიშვილმა, „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, 2018 წლის 28 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურში 1 147 627 ხმა მიიღო - ხმათა 59,52%. ამომრჩეველთა აქტივობა 56% იყო. პირველ ტურთან შედარებით მოქალაქეთა აქტივობა თითქმის 10% იყო გაზრდილი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მაშინ სალომე ზურაბიშვილს მხარი 38,64%-მა, ანუ 615 572-მა მოქალაქემ დაუჭირა. პირველ ტურთან შედარებით, ზურაბიშვილმა დამატებით ნახევარ მილიონზე მეტი ხმა (532 600) მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ მხოლოდ 180 ათასი ხმით მეტი.