ამერიკის ხმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ უილსონს ესაუბრა, რომელმაც სენატორების-მაკკეინის, გრემისა და კლობუჩარის საქართველოში განხორციელებული ვიზიტი და ამერიკა-საქართველოს შორის სამომავლო, სავარაუდო ურთიერთობები შეაფასა:
ამერიკის ხმა: როგორ შეაფასებდით სამი სენატორის ორპარტიულ დელეგაციას საქართველოში, მათ ვიზიტს ასევე უკრაინაში, და რა გზავნილი მიიღეს ამ ვიზიტით მოსკოვსა და ვაშინგტონში?
დეიმონ უილსონი: სენატორ მაკკეინის, სენატორ გრემისა და სენატორ კლობუჩარის საქართველოში სტუმრობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ვიზიტს წინასწარ განზრახული ამოცანები ჰქონდა. სენატორები შეეცადნენ, დაეგზავნათ მკაფიო შეტყობინებები. მათ იმოგზაურეს ბალტიისპირეთში, შემდეგ უკრაინასა და საქართველოში, რათა მოკავშირეები და პარტნიორები - და სენატორმა მაკკეინმა თქვა, რომ ის საქართველოში მოკავშირეს ხედავს - ამ ქვეყნების მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაში დაერწმუნებინათ. ამავე დროს, სენატორების გზავნილები ვაშინგტონისა და მოსკოვისთვისაც იყო განკუთვნილი. მოსკოვის გასაგონად ითქვა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ისმის ხელისუფლების გადაბარების ფონზე, ან პირადად არჩეული პრეზიდენტისაგან, აშშ-ის კონგრესი და სენატი გააგრძელებენ მოკავშირეთა ძლიერ მხარდაჭერას, ეჭვითა და შეშფოთებით შეხედავენ რუსეთის ქმედებებს და იმოქმედებენ უფლებამოსილების ფარგლებში, რათა აშშ წინ აღუდგეს პუტინის ავანტურიზმს და მხარი დაუჭიროს სანქციებს. ვაშინგტონისათვის განკუთვნილი გზავნილი იყო ის, რომ სენატს ჩამოყალიბებული მოსაზრებები აქვს რუსეთის შესახებ, რომ ამ მოსაზრებებს ვერავინ წაუყრუებს და ყველა იმოქმედებს შესაბამისად. ვფიქრობ, გაურკვევლობაში, რაც ტრანზიციას ახლავს, სენატორ მაკკეინს, სენატორ გრემსა და სენატორ კლობუჩარს სურდათ, ორპარტიული სიცხადე შეეტანათ იმ საკითხში, რომ ჩვენ ვიცით, რას აკეთებს რუსეთი, გვსურს, უკეთ ავუხსნათ საკითხი ამერიკელ ხალხს და ამავე დროს, მხარში დავუდგეთ ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში.
ამერიკის ხმა: შეძლებენ თუ არა აღნიშნული სენატორები აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას საკუთარი პოზიციების დასაცავად და რეგიონის ქვეყნების გვერდში დგომას?
დეიმონ უილსონი: ვფიქრობ, ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ. პოლიტიკის შესამუშავებლად ბევრი სამუშაოა გასაწევი. სენატი და სენატორები ამბობენ, რომ მათთვის ყველაფერი ცხადია, რომ აქვთ სტრატეგია და აპირებენ სენატის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, უფლებამოსილების გამოყენებას, რათა დაეხმარონ ადმინისტრაციას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც რუსეთს აშშ-ის ინტერესების მოწინააღმდეგედ წარმოაჩენს, შეზღუდავს ადმინისტრაციის ნაბიჯებს, რომელიც მან შესაძლოა მოსკოვთან მიმართებაში გადადგას და მკაფიოდ იტყვის, რომ ჩვენი ურთიერთობები ნატოელ მოკავშირეებსა და ბალტიის ქვეყნებთან ხელშეუვალია და რომ აშშ-ის სენატი მხარს უჭერს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ამერიკის ხმა: რისი თქმა მოახერხეს მათ ოფიციალური თბილისისთვის და რა იყო აქ ყველაზე საყურადღებო?
გზავნილები მრავალმხრივი იყო. პირველ რიგში, გზავნილი, რომ შეერთებულ შტატებში ხელისუფლების გადაბარების მიუხედავად, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიის მხარდაჭერა;დეიმონ უილსონი
დეიმონ უილსონი: ვფიქრობ, სენატორების გზავნილები მრავალმხრივი იყო. პირველ რიგში, გზავნილი, რომ შეერთებულ შტატებში ხელისუფლების გადაბარების მიუხედავად, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიის მხარდაჭერა; რომ აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს და განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები. და რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად ადგილნაცვალ პირთა მონახულება ნიშნავდა, რომ ეს საკითხი არაა დავიწყებული, რომ არ ვაპირებთ პრობლემის უგულვებელყოფას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ გახსოვთ, რუსეთი ყოველთვის ცდილობს აშშ-ში ხელისუფლების გადაბარების პროცესით სარგებლობას და ამერიკის ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას იმ იმედით, რომ მას ეტყვიან, „რაც იყო, იყო, მოდით, რაიმე ახალი შევქმნათ.“ ასეთია პუტინის სტრატეგია, დაიმტკიცოს ის, რაც მოიპოვა, მაგრამ სენატორი მაკკეინი, სენატორი გრემი და სენატორი კლუბუჩარი მას მკაფიოდ პასუხობენ, ‘მოითმინეთ, თქვენ დაუსჯელად ვერ გააგრძელებთ იმის კეთებას, რას საქართველოში ჩაიდინეთ.’
რუსეთი ყოველთვის ცდილობს აშშ-ში ხელისუფლების გადაბარების პროცესით სარგებლობასდეიმონ უილსონი.
ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, რამდენად მტკიცედ შეეცდება აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას და მისი ინტერესების დაცვას რუსეთთან დიალოგის თუ ოკუპაციონისტური ხელისუფლების ჰიბრიდული ზრახვების, მოქმედებების გასანეიტრალებლად?
დეიმონ უილსონი: ვფიქრობ, კარგი ამბავია ის, რომ დღეს ვაშინგტონში ბევრად უკეთ ესმით რუსეთის სტრატეგია, განსაკუთრებით, რეგიონში. უკეთ ესმით, როგორ იყენებს რუსეთი ინფორმაციას, როგორ წარმართავს პროპაგანდისტულ ომს, საინფორმაციო ომს, ჰიბრიდულ ომს. უკეთ ესმით, რომ რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ძალა, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში ვნახეთ. რუსეთთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, კითხვები აღარ არსებობს. ვაშინგტონის უმეტეს წრეებში და ცხადია, აშშ-ის კონგრესში, თანხმდებიან, რომ რუსეთმა ჩაიდინა მთელი რიგი აღმაშფოთებელი ქმედებები და რომ შეერთებული შტატები მას წინ უნდა აღუდგეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახლა უნდა ვნახოთ, როგორ ჩამოაყალიბებს ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკას. სენატორები გამოხატავენ პოზიციას და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ რა მიმართულებით წავა ახალი ადმინისტრაცია. არ დაგვავიწყდეს, ესაა არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც სურს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო ხარჯები და გააძლიეროს შეიარაღებული ძალები, რათა დაიცვას ამერიკის ინტერესები ოკეანის გაღმა. ვფიქრობ, გასარკვევია, რას ნიშნავს მისი სურვილი და როგორ აისახება ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებზე.
ამერიკის ხმა: სანქციებს ერთადერთ ზომად მიიჩნევთ ვლადიმირ პუტინის შესაკავებლად და როგორი იქნება ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა მომავალში, შეგიძლიათ განსაზღვროთ ახლა?
მიმაჩნია, რომ სტრატეგია, რომელიც მხოლოდ სანქციებს ეყრდნობა, უადგილოა.დეიმონ უილსონი
დეიმონ უილსონი: სანქციები აშშ-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. კონგრესიდან გვესმის, რომ საკანონმდებლო ორგანო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მტკიცედ დაიცავს, სანამ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბატონმა პუტინმა ეს ვალდებულებები უახლოეს მომავალში შეასრულოს. მაგრამ ვფიქრობ, არასწორია იმის თქმა, რომ სანქციები რუსეთზე ზემოქმედების ერთადერთი, ან საუკეთესო იარაღია. სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ სტრატეგია, რომელიც მხოლოდ სანქციებს ეყრდნობა, უადგილოა. მოწმენი ვართ ჩვენ ინტერესებზე სრულმასშტაბიანი შეტევის ბევრ რეგიონსა და ბევრ საკითხში. ვფიქრობ, რუსეთის მიმართ ეფექტური სტრატეგია სანქციებით არ უნდა შემოიფარგლოს. სანქციები მეტისმეტად არასაკმარისია. როგორც სენატორმა გრემმა აღნიშნა, მგონი, დროა, შეტევაზე გადავიდეთ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთის ქმედებებს მხოლოდ თავდაცვითი პოზიციიდან არ პასუხობდნენ. რუსეთს უნდა ვუპასუხოთ სანქციებით, რომელსაც მხარს ვუჭერ, და ამავე დროს ვიფიქროთ შეტევაზეც. შესაძლოა, ბატონი ტრამპის არაპროგნოზირებადობამ დააფიქროს მოსკოვი, თუ რა პასუხის გაცემა შეუძლია შეერთებულ შტატებს. ვხედავთ ამერიკის პასუხს რუსეთის კიბერთავდასხმებსა და ჩვენ არჩევნებში ჩარევაზე. შეერთებულ შტატებს პასუხის გაცემის არა ერთი საშუალება გააჩნია. შეგვიძლია, ვიყოთ დესტრუქციული ძალა და რეგიონში რუსეთის ინტერესები დავაზიანოთ. ამგვარად, სანქციები მნიშვნელოვანია და სენატი მას მხარს უჭერს, მაგრამ უფრო ეფექტურ სტრატეგიას უფრო მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება.