ამერიკის პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეერთებულ შტატებში "ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება". ჯო ბაიდენის თქმით, ეს ძალზე გადამდები ომიკრონის ვარიანტით აიხსნება, რომელიც კოვიდ-19-ს იწვევს. შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე ჯანდაცვის სისტემა "გამოწვევის" წინაშე იქნება - ამბობს პრეზიდენტი.
აღნიშნული განცხადებების გაკეთებამდე, ბაიდენი ესწრებოდა შეხვედრას თეთრი სახლის კოვიდ-19-ზე რეაგირების ჯგუფთან, სადაც წამყვანი სპეციალისტებისგან მოისმინა ინფორმაცია ქვეყანაში პანდემიური სიტუაციის დეტალებზე და სამომავლო პროგნოზებზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკელებს, "ისარგებლონ [პანდემიასთან ბრძოლის] იმ საშუალებით, რაც უკვე გვაქვს" და აიცრან კოვიდ-19-ზე. "აუცრელობის არანაირი გამართლება არ არსებობს" - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ: ფაუჩი საავადმყოფოების გადატვირთვის საფრთხეზე საუბრობსბაიდენმა ასევე ისაუბრა ტესტების დეფიციტზე - პრობლემაზე, რომელიც ჯერ ისევ მოუგვარებელია და ბევრი ამერიკელის აღშფოთებას იწვევს. პრეზიდენტი დაპირდა თანამოქალაქეებს, რომ ტესტერები და ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები, ე.წ. ბუსტერები, ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.
ამას გარდა, თეთრი სახლი კოვიდ-19-ის სამკურნალო საშუალებების მიმართულებაზეც ამახვილებს ყურადღებას. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ამერიკის მთავრობამ "ფაიზერის" ანტივირუსული სამკურნალო საშუალების შეკვეთა გააორმაგა და ის 10 მილიონიდან 20 მილიონ სამკურნალო კურსამდე გაზარდა.
ინფიცირების მონაცემები შეერთებულ შტატებში კვლავ რეკორდულია. გამოცემა "ბლუმბერგის" მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მარტო ბოლო 24 საათში შეერთებულ შტატებში აღებულ კოვიდ-19-ის ტესტებში მილიონზე მეტი დადებითი პასუხი მოვიდა. ქვეყნის უდიდეს მეგაპოლის ნიუ-იორკში, რომელიც ასევე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულიც არის, ყოველ მესამე ტესტზე პასუხი დადებითია.
Your browser doesn’t support HTML5