ინდოეთი ამბობს, რომ ის განაგრძობს ავღანეთის დახმარებას და მისი დახმარების პროგრამა ქვეყანას აღდგენასა და სტაბილურობის მოპოვებაში დაეხმარება. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის ომით განადგურებულ ქვეყანაში ბიბლიოთეკის დაფინანსების გამო დასცინა.
ინდოეთის მთავრობის წევრები ამბობენ, რომ დელი არაერთ ინფრასტრუქტურულ მეგა-პროექტს ახორციელებს, რომელთაც ადამიანთა ცხოვრებაში გარდამტეხი როლის თამაში შეუძლია.
ინდოეთის მხარის კომენტარები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მედიაში ტრამპისა და მოდის შეხვედრის შესახებ დაიწერა. შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ის ინდოეთის პრემიერს კარგად შეეწყო, მაგრამ მან "ხუთი საათი დახარჯა იმის მოსმენაში, რომ მოდი ავღანეთში ბიბლიოთეკას აფინანსებს. არ ვიცი, ვინ სარგებლობს ამ ბიბლიოთეკით", - თქვა პრეზიდენტმა.
ინდოეთის მხარე ამბობს, რომ ზოგიერთი მცირე ბიბლიოთეკა მართლაც შენდება ადგილობრივი სათემო პროექტების ფარგლებში, მაგრამ ძირითადად, ქვეყანა ავღანეთში დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს, როგორებიცაა მაგალითად 200 კმ-იანი გზა, საირიგაციო კაშხალი და სხვა ტრენინგ-პროგრამები.
ინდოეთი ავღანეთის დახმარების პროგრამასი დაახლოებით 3 მლრდ დოლარს ხარჯავს და ის რეგიონში ომით განადგურებული ქვეყნის უდიდესი მხარდამჭერია.