ინდოეთში დღეს კოვიდ-19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოთხშაბათიდან ხუთშაბათამდე ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდენობა 314 835-ს აღწევს. აქამდე ყველაზე მეტი ინფიცირების ფაქტი შეერთებულ შტატებში იყო. იანვარში იქ ერთ დღეში 297 430 ახალი შემთხვევა აღრიცხეს.
დელიში აცხადებენ, რომ პანდემიის მეორე ტალღის მართვა რთულდება და ჯანდაცვას ინფიცირების ასეთ ტემპებთან გამკლავება უჭირს. საავადმყოფოების უმეტესობაში აღარ ჰყოფნით არც ინტენსიური თერაპიის საწოლები და არც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჟანგბადი. თითქმის ყველა ვენტილატორი გამოყენებულია. კრემატორიუმები ბევრგან გავსებულია და მგლოვიარე ოჯახებს მიცვალებულების დროულად მოვლის საშუალება არ აქვთ.
ასევე ნახეთ: ინდოეთში დღეში ასობით ათასი ადამიანი ინფიცირდებაზოგ დასახლებებში ექიმები პაციენტებს შინ დარჩენას ურჩევენ. "ახლა აღარც საწოლები გვაქვს და არც ჟანგბადი. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია... ინფრასტრუქტურა თავზე გვექცევა" - ამბობს შაჰიდ ჯამილი, ვირუსოლოგი, აშოკას უნივერსიტეტის ბიომეცნიერებათა სკოლის დირექტორი.
ინფიცირებულთა რაოდენობა ინდოეთში 16 მილიონს აღწევს. ბოლო ერთ დღეში კოვიდ-19-ის გართულებებით 2 104 ადამიანი გარდაიცვალა და 184 657-ს მიაღწია. თუმცა, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ თანდათან სიკვდილობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ინდოეთი 1.4 მილიარდი ადამიანით, მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოა. ქვეყანაში ყოველდღიურად კოვიდ-19-ის ვაქცინის 2.7 მილიონი დოზის ადმინისტრირება ხდება, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 10%-ზე ნაკლებია ერთი დოზით აცრილი.