ყოველდღიურად კოვიდ-19-ით ინფიცირების ასობით ათასი შემთხვევა ფიქსირდება ინდოეთში. დელიში და სხვა ქალაქებში კვლავ კარანტინის შემზღუდავი ზომები მოქმედებს.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხოლოდ ოთხშაბათს, ქვეყანაში 295 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეალურად ეს რიცხვი 2-3-ჯერ მეტი შეიძლება იყოს.
ვირუსით და მასთან დაკავშირებული გართულებებით ბოლო 24 საათში 2 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 182 553 ადამიანია გარდაცვლილი. ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან კოვიდ-19 ოფიციალურად დაუდასტურდა 15.6 მილიონ ადამიანს. ეს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ასევე ნახეთ: აზიის ნაწილი კოვიდ-19 ის კრიზისის წინაშეა"ამჟამად ინფექცია ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ადამიანებს მკურნალობის მისაღებად საკმარისი დრო არ რჩებათ. ბევრი იქამდე იღუპება, სანამ მათი ანალიზის შედეგებს მივიღებთ", - ამბობს ექიმი პანდი ინდოეთიდან.
ინდოეთის ბევრი მცხოვრები ვირუსის გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობენ, რომ არ უნდა გამართულიყო ზოგიერთი მასშტაბური ღონისძიება, სადაც ადამიანთა დიდი რაოდენობის დაინფიცირება იყო შესაძლებელი. გასულ თვეში რელიგიური ლიდერები და ასობით ათასი მორწმუნე მდინარე განგის ნაპირებთან ტრადიციული ფესტივალის აღსანიშნად შეიკრიბა. ამ ღონისძიების შემდეგ ერთ-ერთი ცნობილი რელიგიური ლიდერი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი, ისევე როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი მასობრივ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობდნენ. ეს შეხვედრები 5 მჭიდროდ დასახლებულ შტატებში ტარდებოდა, სადაც ათობით ათასი მხარდამჭერი არც ნიღაბს ატარებდა და არც სოციალური დისტანციის მოთხოვნას იცავდა.
ასევე ნახეთ: რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ ახლა