კარზაის ვიზიტი ინდოეთში

ავღანეთის პრეზიდენტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის ალტერნატიულ გზებს ეძებს
ჰამიდ კარზაის ინდოეთში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე საპატიო ხარისხი მიანიჭეს. ავღანეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ინდოეთს 2-მილიარდიანი დახმარებისთვის, რომელიც მისი ქვეყნის აღმშენებლობისთვის არის გამოყოფილი.

მოგვიანებით კარზაი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინგჰს შეხვდა. სავარაუდოდ ავღანეთის პრეზიდენტმა მას აღთქმული დახმარების მასშტაბის გაფართოვება მოსთხოვა, რომელშიც სამხედრო მხარდაჭერაც შედის. პრეზიდენტ კარზაის თანაშემწეების განცხადებით, ავღანეთს უსაფრთხოების ძალების განმტკიცება ესაჭიროება, რათა ნატოს ჯარების მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ სამხედრო დანაკლისი აინაზღაუროს.

ავღანეთის ლიდერის დელიში ჩასვლამდე, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საიდ აქბარუდინმა ამ თემაზე მინიშნება გააკეთა. მისი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ინდოეთის მიერ ავღანეთისთვის გაწეული დახმარების კონცენტრირება განვითარების პროგრამებზე ხდება, დელი საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის დახმარებასაც შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს. სპიკერის თქმით, „განვითარებადი ქვეყნისთვის შესაფერი საშუალებებით“ ინდოეთმა შესაძლოა ავღანეთის მთავრობის სპეციფიური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიან ავღანეთთან დაკავშირებით ილუზიები არ გაგვაჩნია, ჩვენ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ეკონომიკური აღმავლობის გზაზე ავღანეთის პოლიტიკური და უსაფრთხოების მთავარი საკითხების იგნორირებას ვერ მოვახდენთ“ - აღნიშნავს ინდოეთის საგარეო უწყების სპიკერი.

ანალიტიკოსების აზრით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევა ამ საკითხებზე ერთბაშად არ მოხდება. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების თქმით, ამ თემაზე მსჯელობა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში გაგრძელდება, რომელსაც ხელი ინდოეთმა და ავღანეთმა 2011 წელს მოაწერეს.

ავღანეთის ელჩმა ინდოეთში რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბარში ორივე სახის შეიარაღება ახსენა, ლეტალური, ანუ მომაკვდინებელი, და არამომაკვდინებელიც, რომელიც ავღანეთს ესაჭიროება. ინდოეთის მიერ ავღანეთისთვის გაწეული დახმარება აქამდე მხოლოდ ქვეყნის რეკონსტრუქციას მოიცავდა. იგულისხმება გზების, საავადმყოფოების, თუ ელექტროენერგიის გადამცემების მშენებლობა. აქამდე სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის წვრთნებით შემოიფარგლებოდა. და ისიც მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სამხედრო კონტინგენტისთვის. ჯერჯერობით ინდოეთს ავღანეთის არმიისთვის შეიარაღება არ მიუწოდებია.

მომავალი წლის ბოლომდე ავღანეთმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან ქვეყნის უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა უნდა გადაიბაროს. შესაბამისად, ავღანეთი ალტერნატიული სამხედრო დახმარების გზების ძიებაშია. ინდოეთთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გაფართოების შემთხვევაში, პაკისტანმა შესაძლოა ეს ნაბიჯი ინდოეთის მხრიდან ალყაში მოქცევად აღიქვას.

ინდოეთის და ავღანეთის ლიდერები პაკისტანის საკითხებსაც მიმოიხილავენ. ანალიტიკოსების აზრით, სწორედ პაკისტანის საზღვარზე მომხდარმა ბოლო ინციდენტებმა უბიძგა ავღანეთს იმისკენ, რომ სამხედრო მხარდაჭერის მიზნით ინდოეთისთვის მიემართა.