დამოუკიდებლობის დღე ამერიკაში

4 ივსლისს ამერიკელებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდი ბრიტანეთისგან ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. სადღესასწაულო განწყობასთან ერთად, მთელს ქვეყანაში სამართალდამცავი სამსახურების მობილიზება შეიმჩნეოდა, რისი მიზეზიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პოტენციური ტერორისტული თავდასხმების განხორციელების შესახებ გაკეთებული გაფრთხილებები გახდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ყოველკვირეული მიმართვისას მიულოცა.

4 ივლისვე პრეზიდენტის ოჯახმა უფროსი ქალიშვილის-მალიას 17-ე დაბადების დღე აღნიშნა და თეთრი სახლის ეზოში სამხედრო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სადღესასწაულო ბარბექიუს გეგმავდა, თუმცა ღონისძიება უამინდობის გამო ჩაიშალა.

ვაშინგტონის შემოგარენში, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ჯონ ბრენანი ნატურალიზაციის ( მოქალაქეობის) ცერემონიისას ამერიკის 100 ახალი მოქალაქისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება მაუნთ ვერნონში, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის სამუზეუმო კომპლექსში შედგა.

ვაშინგტონის ცენტრში, ეროვნულ მოლზე, ამ დროს ასობით ადამიანი შეგროვდა კონცერტისა და ულამაზესი ფეიერვერკის სანახავად.

სამართალდამცავი ოფიცრების მობილიზება შაბათ-კვირას გაგრძელდება, ქალაქის ცენტრში კი უსაფრთხოების დამატებითი ჯებირები და პოლიციის საკონტროლო პუნქტები განლაგდება.

პარასკევს, ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განკარგულება გასცა. მისი თქმით,ნიუ-იორკის ხელისუფლება კარგად აცნობიერებს, რომ ეს ადგილი ტერორისტთა უპირველეს სამიზნედ რჩება. ამიტომაც, ნიუ-იორკში 7000 პოლიციელზე მეტის მობილიზება მოხერხდა, რათა ქალაქში მაცხოვრებლებსა და დამთვალიერებლებს მშვიდად დასვენების საშუალება მიეცეთ.

კვირის დასაწყისში, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაქვეყნეს განცხადებები, სადაც მუნიციპალიტეტებსა და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებენ და დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ უკანასკნელ დღეებში ძალადობის მოწოდებით გავრცელებულ გზავნილებს ახსენებენ. სწორედ “ისლამურმა საელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა ტუნისსა და კუვეიტში განხორციელებულ თავდასხმებზე.

1776 წლის 4 ივლისს, ამერიკის 13 კოლონიის წარმომადგენლებმა ოფიციალურად მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, სადაც დიდ ბრიტანეთთან კავშირების გაწყვეტის შესახებ გამოცხადეს.

ერთი წლით ადრე, დამოუკიდებლობისათვის ომი დაიწყო, რომელიც 1783 წელს, პარიზის ხელშეკრულებით დასრულდა და მას ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენიტეტის ფორმალური აღიარება მოჰყვა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთერთი ავტორი-დოკუმენტისა, რომელიც ყველა ადამიანის თანაბარ უფლებებზე საუბრობს ღვთის წინაშე-ერთ დროს მონათმფლობელი თომას ჯეფერსონი იყო. შემდეგ ის ამერიკის მესამე პრეზიდენტი გახდა.

ჯეფერსონი ამ დოკუმენტის ერთადერთი მონათმფლობელი ავტორი არ ყოფილა. ასეთივე იყო ჯორჯ ვაშინგტონიც, რომელსაც ასამდე მონა ჰყავდა.

მონობის აქტიური მოწინააღმდეგე იყო ჯონ ადამსიც-ამერიკის შეერთებუოლი შტატების მეორე პრეზიდენტი. ამ საკითხის დარეგულირება მხოლოდ სამოქალაქო ომის დასრულებისას, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 80 წლის შემდეგ მოხერხდა.