კონგრესში თვლიან, რომ 11 მილიონისთვის ერთბაშად მოქალაქეობის მინიჭება არასწორია და პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს
Your browser doesn’t support HTML5
ოთხშაბათს საღამოს, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის წევრები თავიანთ ლიდერებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა სენატის მიერ გასულ თვეში დამტკიცებული საიმიგრაციო რეფორმა იყო, რომელიც კონგრესში კენჭისყრაზე უნდა დადგეს.
რესპუბლიკელი ლიდერები ეთანხმებიან დემოკრატ კანონმდებლებს იმ საკითხში, რომ საიმიგრაციო სისტემა ქვეყანაში დაკნინებულია და რეფორმირებას საჭიროებს. თუმცა, კონგრესის წამყვანი კანონმდებლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ერთბაშად, ე.წ. „ობამას სტილის“ კანონით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.
იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარე წარმომადგენელთა პალატაში, ბობ გუდლატი აღნიშნავს, რომ საკითხს „ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილი მიდგომა სჭირდება. აუცილებელია საკონგრესო მოსმენები და თითოეული კანონის დეტალური განხილვა, ისე რომ 1986 წელს დაშვებული შეცდომების გამეორება აღარ მოხდეს“.
ვირჯინიის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი გულისხმობს 1986 წელს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ გამოცემულ მასობრივ ამნისტიას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში უკანონოდ მცხოვრებ 3 მილიონ იმიგრანტს ლეგალური სტატუსი მიენიჭა. კონგრესმენი გუდლატის თქმით, რესპუბლიკელებს აშფოთებთ თითქმის 30 წლის წინანდელი გამოცდილების გამეორების შესაძლებლობა. მათ სურთ, მასიურად მოქალაქეობის მინიჭებამდე, საზღვრებზე კონტროლი იმაზე მეტად გამკაცრდეს, ვიდრე ეს სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტშია.
კანონმდებელი მიშელ ბაკმანი, რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, დემოკრატთა მიერ წარმოდგენილი საიმიგრაციო რეფორმის კატეგორიული წინააღმდეგია. მისთვის სრულიად მიუღებელია ის გზა, რომლითაც პრეზიდენტი ობამა 11 მილიონი არალეგალური სტატუსის მქონე იმიგრანტებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას გეგმავს.
„ერთადერთი, რასაც ამ წუთას მხარს ვუჭერ, ეს არის სასაზღვრო კედლის აშენება“ - აცხადებს მიშელ ბაკმანი.
ოთხშაბათსვე, მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 500 ახალგაზრდა იმიგრანტი და მათი მშობლები კაპიტოლიუმთან შეიკიბნენ და მოქალაქეობის მიღების საზეიმო ცერემონიალის იმიტაცია მოაწყვეს. ამით მათ სურდათ ეჩვენებინათ, რომ ახალგაზრდა იმიგრანტები მზად არიან შეერთებული შტატების კანონიერი მოქალაქეები გახდნენ.
დემოკრატი კონგრესმენი ლუის გუტიერესი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს საიმიგრაციო რეფორმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მას მიაჩნია, რომ კონგრესის დემოკრატები რესპუბლიკელთა სულ მცირე რაოდენობით მხარდაჭერის შემთხვევაში, აუცილებელ 218 ხმას მოაგროვებენ და რეფორმის დამტკიცებას შეძლებენ.
„რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატას მივმართავთ და ვთხოვთ, ხალხის ხმა შეისმინონ. მეც და თქვენც კარგად მოგვეხსენება, რომ სულ 218 ხმაა საჭირო, რომ ეს მასშტაბური საიმიგრაციო რეფორმა დავამტკიცოთ. მოგიწოდებთ, 5 წუთით მაინც მოხვიდეთ და მოგვისმინოთ“ - აცხადებს პალატის დემოკრატი წარმომადგენელი.
ლორელა პრაელი, ვაშინგტონში პერუდან ჩამოსული იმიგრანტი ამბობს, რომ ლათინურამერიკული წარმოშობის ამერიკელები დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს საიმიგრაციო რეფორმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ძალიან მალე გაირკვევა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ესპანურენოვანი მოსახლეობის ხმა რესპუბლიკური პარტიისთვის.
„ჩემი აზრით, მათ სწორედ ახლა აქვთ შესაძლებლობა გადაწყვიტონ, თუ რას აპირებენ სამომავლოდ: იქნებიან წარსულის პარტია თუ მომავლის პარტია“ - ამბობს პერუელი წარმოშობის ამერიკელი.
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა, მიტ რომნიმ დემოკრატ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ესპანურენოვან მოსახლეობაში ძალიან დიდი განსხვავებით, 71 პროცენტით 21-ზე წააგო. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტორი გადამწყვეტი საიმიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით არ იქნება, რადგან რესპუბლიკელი კანონმდებლებისთვის საკუთარი სკამი, ანუ ის პლატფორმა, რითაც არჩეულები არიან, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული ინტერესები და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელი პრეზიდენტის მოგება.