გუშინ რვა სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა საიმიგრაციო რეფორმის მთავარ პრინციპებზე შეთახნმებას მიაღწია
Your browser doesn’t support HTML5
დღეს პრეზიდენტი ობამა რეფორმისადმი საკუთარ დამოკიდებულებას საჯაროდ გაავრცელებს.
საიმიგრაციო რეფორმის გატარება წინააღმდეგობებით აღსავსე და რთულად მისაღწევი პროცესია. ბოლო დროს რამდენიმე მცდელობა საიმიგრაციო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, მარცხით დასრულდა. თუმცა გუშინ რვა სენატორისგან შემდგარმა ჯგუფმა რეფორმის მთავარ პრინციპებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
დემოკრატმა სენატორმა ჩარლზ შუმერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საიმიგრაციო რეფორმასთან დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია:
„პირველად ისტორიაში, ამ საკითხის წინააღმდეგ გალაშქრება უფრო მეტად სარისკოა, ვიდრე მისი მხარდაჭერა.“
ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტ ობამას ესპანურენოვანმა მოსახლეობის 71 პროცენტმა დაუჭირა მხარი. რესპუბლიკელ მიტ რომნის ამ კატეგორიის მოსახლეობის ხმათა მხოლოდ 27 პროცენტი ხვდა წილად.ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რომნი ამერიკაში არალეგალურად მცხოვრებ იმიგრანტებს არა საიმიგრაციო რეფორმის გატარებას, არამედ გარიგების საფუძველზე სამშობლოში დაბრუნებას დაპირდა.
რეფორმის გეგმაში გათვალსწინებულია რესპუბლიკელთა დაჟინებული მოთხოვნაც, რაც საზღვრების გამაგრებას და სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ეხება. რესპუბლიკელები მოითხოვენ ყველა ეს საკითხი მოგვარდეს მანამ, ვიდრე არალეგალურად მცხოვრებ იმიგრანტებზე მწვანე ბარათების ან პასპორტების გაცემა დაიწყება.
რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო წარმოშობით კუბელია. სენატორი კატეგორიულად მოითხოვს, გამკაცრდეს შეერთებულ შტატებში შემოსვლის და გასვლის სავიზო პროცედურები, რათა ამერიკას ანალოგიური პრობლემები მომავალშიც არ შეექმნას:
„ამ პრინციპულ საკითხებზე შეთხნხმება მარტო საიმიგრაციო კანონების გამკაცრებას არ ეხება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წარსულის შეცდომები აღარ გავიმეოროთ.’’
საიმიგრაციო რეფორმის ახალი გეგმის მიხედვით, სტატუსის მისაღებად არალეგალურად მომუშავე მუშახელს სამშობლოში დაბრუნება აღარ მოუწევს. რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკეინის განცხადებით, შეერთებულ შტატებში დეპორტაციის შიშით მილიონობით ადამიანი ცხოვრობს:
„ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ამ ხალხის შრომას და ჯაფას ვიყენებთ, ვალაგებინებთ სახლებს, ვაკრეჭინებთ ბალახს, მივირთმევთ მათ გაკეთებულ საკვებს, ვაზრდევინებთ შვილებს. რატომ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება , რომ ჩვენი ქვეყნისგან რაიმე სარგებელი ნახონ. ამერიკა ხომ ამით არის უდიადესი.“
სამოქალაქო და შრომის დაცვის ორგანზიაციებმა სენატორების მიერ წარმოდგენილი გეგმა პოზიტიურად შეაფასეს. თუმცა ზოგიერთი კონგრესმენისთვის რეფორმის ახალი გეგმა მიუღებელია. რესპუბლიკელი სენატორი ჯეფ სეშენსი ამ საკითხს სკეპტიკურად აფასებს:
„მინდა ჩემი კოლეგები გავაფრთხილო, რომ ჯერჯერობით ეს გეგმაა და არა კანონი.“
პრეზიდენტი ობამა საიმიგრაციო გეგმას დადებითად შეხვდა და მალე რეფორმის საკუთარ ვერსიას წარმოადგენს.