საიმიგრაციო კანონი კვლავ განხილვის თემაა

შეერთებულ შტატებში საზღვრის არალეგალურად გადამკვეთი ყველა პირი დამნაშავედ ითვლება და მათი გვარები მონაცემთა ბაზაში ინახება

Your browser doesn’t support HTML5

აშშ

იმიგრაციის რეფორმის დასამტკიცებლად პრეზიდენტ ობამას კონგრესში რესპუბლიკელების დარწმუნება მოუწევს, რომ ქვეყანაში საზღვრების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა სამოქალაქო ლიბერტარიანები და ადამიანის უფლებადამცველთა ჯგუფები ფედერალური კანონის სამართალდაცვითი პროგრამის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რომლის მესვეურები აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევები შემცირდა.

სამშაბათს კონფერენციაზე, რომლის სპონსორი ამერიკული სამოქალაქო თავისუფლების კავშირი გახლდათ, ადამიანის უფლებადამცველებმა და ექპსერტებმა შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის სააგენტოს პროგრამა გააკრიტიკეს.

დღესდღეობით შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში ამ პროგრამის ნაირსახეობები მოქმედებს, რომლის მიხედვითაც საზღვრის არალეგალურად გადამკვეთი ყველა პირი დამნაშავედ ითვლება და მათი გვარები მონაცემთა ბაზაში ინახება.

ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ეს პორგრამა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტებს საგრძნობლად შეამცირებს.
თუმცა საიმიგრაციო საკითხებზე ამერიკის კათოლიკური სამღვდელოების ადმინისტრაციული წარმომადგენელი კევინ ეფლიბაი აცხადებს, რომ პროგრამა უკეთესი ცხოვრების მაძიებელ ადამიანთა უფლებებს სასტიკად ლახავს.

„ადამიანები, ვინც სამუშაოს იმედით საზღვარს კვეთენ ან ოჯახთან შეერთება სურთ, კრიმინალები არ არიან და მათ დამნაშავეებივით არ უნდა მოექცნენ. ეს ადამიანები დიდი ხნით არ უნდა დააკავონ და კრიმინალებთან ერთად საკანში არ უნდა გამოამწყვდიონ. ასეთი არაადამიანური მოპყრობა აუცილებლად უნდა შეწყდეს.“

ორგანიზაცია ჰიუმან რაითს ვოჩის წარმომადგენელი გრეის მენგი ამ საკითხზე მუშაობს :

„ამერიკულ საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს, თუ რამდენად უსამართლოდ არის გაიგივებული მსგავსი ფაქტები კრიმინალურ დანაშაულთან. დღესდღეობით ამერიკაში კრიმინალურ საქმეთა 50 პროცენტი იმიგრანტების საქმეებს წარმოადგენს. შეერთებულ შტატებში საზღვრის უკანონო გადაკვეთა ყველაზე გავრცელებულ ფედერალურ დანაშაულად ითვლება.“

გადამდგარი სახელმწიფო მოსამსახურე ჯეიმს სტივენი,კალიფორნიის შტატში სასაზღვრო ქალაქ სან დიეგოდანაა. იგი კმაყოფილია იმით, რომ მსგავსი პროგრამა იქ ჯერ არ დაუნერგავთ:

„ჩვენთან ეს პროგრამა რომ ამუშავებულიყო, შრომაც და საქმეებიც გაათმაგდებოდა.ასევე გაიზრდებოდა მართლმსაჯულების სფეროს მოსმახურების ხარჯებიც.“

თუმცა შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხიების სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პროგრამა“ ნულოვანი ტოლერანტობის“ ამუშავების შედეგად, ბოლო დროს ქვეყანაში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტებმა იკლო. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ თუ დაკავებულ პირს საზღვრის გადაკვეთის გარდა სხვა დანაშაული არ ჩაუდენია ან ეს მისი პირველი მცდელობაა და დანაშაულს აღიარებს, დაკავებული სამშობლოში უკან რამდენიმე საათის განმავლობაში იგზავნება.

"ნულოვანი ტოლერანტობის" პროგრამას არაერთი საადვოკატო ჯგუფი იცავს, ირა მეჰიმანი ამერიკის იმიგრაციის რეფორმის ფედერაციის სპიკერია.ის აცხადებს, რომ მსგავსი კრიტიკა სამართალდაცვითი პროგრამის ეფექტურ ზომებს ეწინააღმდეგება:

ჩვენ ვალდებული ვართ განსაკურებული ყურადღება მივაქციოთ პირებს , ვინც ამერიკულ საზოგადოებას საფრთხის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე, იგნორირებას ვერ გავუწევთ იმ პირებს, ვინც საიმიგრაციო კანონს არღვევს. კანონი იმიტომ არსებობს, რომ ის არ უნდა დაირღვეს.“

ვიდრე პრეზიდეენტი ობამა კონგრესში საიმიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით ორპარტიულ მხარდაჭერას ელის, ობამას ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებამ სათანადო შედეგები გამოიღო.

პოლიტიკური დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საიმიგრაციო პროგრამის შეცვლამ შესაძლოა საიმიგრაციო სისტემის რეფორმას ხელი შეუშალოს.