რა ბედი ელის 11 მილიონ ამერიკელ იმიგრანტს?

როგორ და როდის და რატომ შეიქმნა ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელსაც კონგრესი დასამტკიცებლად განიხილავს?
2012 წლის ნოემბერი. პრეზიდენტი ობამა მეორე ვადით აირჩიეს და ის თეთრ სახლში კიდევ 4 წლით რჩება.

„ჩვენ გულუხვი და გულისხმიერი ამერიკის გვწამს. გვჯერა იმ ტოლერანტი ამერიკის, რომელიც იმიგრანტების შვილებს ოცნებების კარს გაუღებს, რათა მათ ჩვენ უნივერსიტეტებში ისწავლონ და ჩვენს დროშას ერთგულება შეჰფიცონ“ - განაცხადა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: საიმიგრაციო რეფორმა


დემოკრატ პრეზიდენტს ნდობა იმიგრანტების უდიდესმა უმრავლესობამ გამოუცხადა. ის ესპანურენოვანი მოსახლეობის 71 პროცენტის და აზიური წარმოშობის ამერიკელთა 72 პროცენტის რჩეული იყო. ამის შემდეგ რესპუბლიკური პარტია იძულებული გახდა საკუთარი პრინციპებისთვის გადაეხედა და თავიდან გაეაზრებინა იმიგრანტების, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უმცირესობის, უფლებების საკითხი.

„ძალიან დიდი რაოდენობით რესპუბლიკელი შეშინდა არჩევნების შემდეგ: ერთი წუთით უნდა შევჩერდეთ. რაიმე უნდა ვიღონოთ იმიგრანტებთან დაკავშირებით. პრობლემა უნდა გადაწყდეს“ - ამბობს ანჯელა კელი ამერიკული პროგრესის ცენტრიდან.

პრობლემა ყველაზე მარტივად ციფრებში ასე გამოიყურება: შეერთებულ შტატებში სულ ცოტა 11 მილიონი არალეგალურად მცხოვრები იმიგრანტია. რეკორდული რაოდენობით დეპორტაციების გამო, ოჯახები შუაზეა გახლეჩილი. მოსაწესრიგებელია საზღვრის რეგულირების საკითხებიც. მექსიკის საზღვარზე ნარკოტრეფიკინგის შემთხვევები ფიქსირდება. აგრარული და განვითარებული ტექნოლოგიების სფეროები დიდი რაოდენობით უცხოელი თანამშრომლების დაქირავებას აგრძელებენ.

„დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ გონივრული და ყოვლისმომცველი საიმიგრაციო რეფორმისთვის დრო მომწიფდა. მისი მიღების დრო დადგა“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ მეორე ვადით არჩევიდან სულ რაღაც ერთ კვირაში და კანონმდებლებს ახალი საიმიგრაციო რეფორმის გეგმა წარუდგინა.

პროცესში რესპუბლიკელებიც ჩაერთნენ. სენატის ოთხწევრიანმა გუნდმა, რომელშიც ორი რესპუბლიკელი და ორი დემოკრატი შედიოდა, 844-გვერდიანი კანონპროექტი შეიმუშავა. ახალი საიმიგრაციო რეფომა ქვეყანაში უკანონოდ მცხოვრები იმიგრანტების 13-წლიანი ლეგალიზაციის პროცესთან ერთად, სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრებასაც ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორი 3 კოლეგასთან ერთად რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინიც იყო.

ძალიან დიდხანს ვიყავით კმაყოფილი იმით, რომ ამ ადამიანებს ჩვენთვის ბალახის კრეჭის, საჭმლის მირთმევის, ჩვენი სახლის დალაგების და ჩვენი შვილების მოვლის უფლებას ვაძლევდით. ამ დროს ვართმევდით უფლებას ესარგებლათ იმ დანარჩენი სიკეთეებით, რაც ჩვენს ქვეყანას სიდიადეს ანიჭებს“ - განაცხადა სენატორმა მაკეინმა.

თუმცა, მაკეინს რესპუბლიკელების ერთი ნაწილი არ ეთანხმება. წარმომადგენელთა პალატის წევრი პენსილვანიის შტატიდან, რესპუბლიკელი ლუ ბარლეტა პრეზიდენტ რეიგანის ამნისტიას იგონებს და აცხადებს, რომ რეფორმამ არც მაშინ გაამართლა და არც ახლა იქნება მისი მიღება მიზანშეწონილი.

თუ გახსოვთ, 1986 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა ამერიკაში უკანონოდ მცხოვრები 1.5 მილიონი იმიგრანტისთვის ამნისტია გამოაცხადა. მათი რიცხვი მოულოდნელად 3 მილიონი გახდა. ამიტომ ითქვა, რომ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს და იმიგრანტებისთვის ამნისტია აღარ უნდა მოხდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, იგივეს ვაკეთებთ და მჯერა, რომ იმავე შედეგს მივიღებთ“ - აღნიშნავს რესპუბლიკელი კონგრესმენი.

ექსპერტები ამბობენ, რომ საიმიგრაციო რეფორმის ირგვლივ დღეს ფონი იცვლება. შეერთებული შტატების ეკონომიკის განვითარების პროგნოზირება შეუძლებელი ხდება.

ბევრ სპეციალისტს, მათ შორის „ამერიკა ონლაინის“ ხელმძღვანელ, სტივ ქეისს, მიაჩნია, რომ ახალი კანონი ქვეყანაში ეკონომიკურ სურათსაც გააუმჯობესებს. საიმიგრაციო კანონმდებლობა ფუნქციონირებას ათეულობით წლების მანძილზე სერიოზული ცვლილებების გარეშე აგრძელებდა. ამჟამად ჯერი კონგრესზეა. უახლოეს მომავალში გაირკვევა, დამტკიცდება თუ არა შეერთებულ შტატებში ყველაზე მასშტაბური საიმიგრაციო რეფორმა.