საემიგრაციო რეფორმაზე დებატები დაიწყო

საემიგრაციო კანონის მიხედვით, დამსაქმებელს არალეგალი ემიგრანტების სამსახურში აყვანა აეკრძალება
გასული კვირის დასაწყისში სენატმა დაიწყო ისტორიული საემიგრაციო კანონმდებლობის განხილვა. წარმოდგენილი კანონ-პროექტი 11 მილიონამდე უსაბუთო ემიგრანტს ამერიკის მოქალაქეობის მიღების საშუალებას მისცემს. ის ასევე უცხოელი მუშა-ხელის რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს სამუშაო ადგილებზე იმ დროს, როდესაც თავად ამერიკელების უმრავლესობას უმუშევრობა ემუქრება.

გასულ სამშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში წელს საუკეთესო შანსია, რომ რეფორმის შესახებ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. მან ასევე კონგრესს კანონის მიღებისკენ მოუწოდა.

„თუ თქვენ ზოგადად გჯერათ, რომ საემიგრაციო კანონმდებლობის გამოსწორებაა შესაძლებელი, მაშინ დღეს საუკეთესო საშუალებაა“, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

დებატების დაწყების თაობაზე ხმები ასე გადანაწილდა: 82 მომხრე და 15 წინააღმდეგი. ეს შედეგი უკვე გზას ხსნის დისკუსიისთვის, რომელიც როგორც პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, თვის ბოლომდე გაგრძელდება. კანონმდებლობა 13-წლიან პროცესს გულისხმობს მათთვის ვისაც ამერიკის მოქალაქეობის მიღება სურს მას შემდეგ რაც შეერთებულ შტატებში არალეგალურად შემოვიდა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციამ ხუთშაბათს რეფორმების მიმართ მხარდაჭერის საინტერესო შედეგები გამოაქვეყნა. 29 შტატში ამერიკელებს საემიგრაციო საკითხებზე ჰკითხეს. გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს საზღვრების გამკაცრებას, უსაბუთო ემიგრანტების ლეგალიზაციას და იმას, რომ აიკრძალოს ამერიკაში მცხოვრები უსაბუთო ემიგრანტების არალეგალურად დასაქმება.

გამოკითხვის დროს არ დასმულა კითხვა კანონ-პროექტის სადავო ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც უცხოელი დროებითი მომსახურე პერსონალის რაოდენობის გაზრდას გულისხმობს სამუშაო ადგილებზე. ზოგიერთი მშრომელთა უფლებების დამცველი და ბიზნეს- ორგანიზაციები ამ პრობლემას არ იზიარებენ. ზოგიერთი ორგანიზაცია კი ამ კანონ-პროექტის მხარდამჭერთა რიგებიდან გასვლით იმუქრება, თუკი კანონში არ აისახება რომ სამსახურში აყვანის დროს პრივილეგიით ამერიკელები უნდა სარგებლობდნენ.

ბიზნეს ვიზის საშუალებით უცხოელ მეცნიერებს, ინჟინრებს, და პროგრამისტებს შეერთებულ შტატებში ცხოვრება და მოღვაწეობა შეეძლებათ.

განვითარებადი ქვეყნების, მაგალითად ინდოეთის და ჩინეთის მეცნიერები და ინჟინრები ერთმანეთს სამუშაოს მიღებაში ეჯიბრებიან. დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორიცაა ინტელი, ადობი და მაიკროსოფთი, სამუშაო ვიზის საშუალებით ამერიკაში წამომსვლელთა რაოდენობის გაზრდა მოითხოვა.

ამერიკის ინჟინერთა საზოგადოების ჯგუფმა კონგრესს კანონ-პროექტის ფარგლებში უცხოელი ინჟინრების რაოდენობის შეზღუდვა მოსთხოვა. ამის ნაცვლად ახალი კანონი გაზრდის ეიჩ- ბი1 ანუ ბიზნესს ვიზის მქონე პირთა რაოდენობას.

მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ არალეგალ, დაბალ ანაზღაურებადი ემიგრანტების ლეგალიზაციას. დავის საგანია, თუ შეერთებულ შტატებში რა რაოდენობის დროებითი მუშახელია საჭირო. ისინი აცხადებენ, რომ უცხოელები ხელფასების დაბლა დაწევას შეუწყობენ ხელს.

ვაშინგტონში, ორგანიზაცია „ამერიკის ახალმა ალიანსმა“ სენატის კენჭისყრის შემდეგ დისკუსია და პრესკონფერენცია გამართა. ალიანსი ლათინოამერიკული წარმოშობის საქმიანი ადამიანების მიერ არის შექმნილი.

ამ ღონისძიებაზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა ერთ-ერთ არალეგალ ახალგაზრდა ქალბატონს. ჯულიეტა გერიბეი სხვა ახალგაზრდებთან ერთად მუშაობს ორგანიზაციის კანონმდებლობაზე „ ერთიანი ძალებით ოცნების ასასრულებლად.“

"ამ ქვეყანაში სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას იმსახურებენ. რადგან საბოლოოდ ეს ჩვენთვის არ არის მხოლოდ კანონი რომელიც ათასობით ფურცელზე დაიწერა, არამედ ჩვენი ცხოვრებაა."