დღეს, 10 ოქტომბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ახალ ანგარიშზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ფონდმა შეამცირა ჩინეთის და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ფონდის განცხადებით, გლობალური ზრდა მთლიანობაში დაბალი და არათანაბარი რჩება, შეერთებული შტატების ეკონომიკის "აღსანიშნავი სიძლიერის" მიუხედავად.
მაროკოში 190 ქვეყნის ოფიციალური პირები იმყოფებიან, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები გრძელდება. მარაქეშში ფონდის ანგარიშის წარდგენა ისრაელს და პალესტინელებს შორის განახლებული კონფლიქტით შექმნილი ახალი რისკების ფონზე გაიმართა.
ასევე ნახეთ: საქართველოს ეკონომიკა, როგორც უკრაინის ომისა და რუსეთის ირიბი ბენეფიციარი2023 წლის ნაწილში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი უცვლელად დატოვა - 3.0%-მდე. თუმცა, შემცირებულია 2024 წლის პროგნოზი და ის ივლისში ნავარაუდევი 3%-ის ნაცვლად, 2.9%-ზეა დასული.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა პიერ-ოლივიე გარინჩასმა თქვა, რომ გლობალური ეკონომიკა განაგრძობს გაჯანსაღებას, კოვიდ-19-ის, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის და გასული წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ. თუმცა, ეკონომიკური ზრდის განსხვავებული ტენდენციები იმაზე მიუთითებს, რომ საშუალოვადიანი პერსპექტივები "უღიმღამო" იქნება.
ამასთან, გარინჩასის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კვლავ შეშფოთებულია რამდენიმე სხვა გლობალური პრობლემით. მათ შორის ის ასახელებს ჩინეთში ქონებრივ კრიზისს, საქონლის არასტაბილურ ფასებს, გეოპოლიტიკურ ფრაგმენტაციას და ინფლაციის ხელახალ ზრდას.