2016 ივნისში, უმცროს ტრამპთან „ტრამპ თაუერში“ შემდგარი შეხვედრის მერვე მონაწილის ვინაობა გაირკვა. ის აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი ოლიგარქის, არას აგალაროვის მიერ მართული სამშენებლო კომპანია „კროკუს გრუპის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი ირაკლი ( აიკ) კაველაძეა.
მის პირად ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის „კომპანიის რუსეთის პროექტებში მრავალ ელემენტზეა პასუხისმგებელი“. ვებგვერდი აჩვენებს, რომ ის მოსკოვის ფინანსების აკადემიაში სწავლობდა და, კონექტიკუტის შტატის ნიუ-ჰევენის უნივერსიტეტისგან, ბიზნესის მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული.
კაველაძის ვინაობა მისმა ადვოკატმა, სკოტ ბალბერმა დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ კაველაძე დიდი ხანია შეერთებული შტატების მოქალაქეა, რუსულ ენას კარგად ფლობს და „რუსეთის მთავრობასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია“.
ამერიკის ხმისთვის ცნობილი გახდა, რომ კაველაძე ამჟამად კალიფორნიის შტატში ცხოვრობს. ის ფლობს ქართულს.
ადვოკატის თქმით, საგანგებო პროკურორის გამომძიებლებს მისი კლიენტისგან ინფორმაციის მიღება სურთ და გამოძიებისგან გამომდინარე, პროკურორებთან სრულად თანამშრომლობენ.