ჰააგა საქართველო-რუსეთის ომის შესწავლას დღის წესრიგიდან არ ხსნის

„ჩემმა ოფისმა მოსამართლეებისგან მიიღო უფლებამოსილება გამოიძიოს საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მომხდარი დანაშაულები“- ეს განცხადება ჰააგის პროკურორს ფატუ ბენსუდას ეკუთვნის.

მისი ოფისი 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის და საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნების იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ პერიოდში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიების სრულყოფისთვის ჰააგის პროკურორი თანამშრომლობს როგორც ქართულ მხარესთან, ასევე რუსულთან და სამხრეთ ოსურთან. სამივე მხარეს, თავის მხრივ, იმედი აქვს, რომ ჰააგის პროკურორი ისეთ დანაშაულს აღმოაჩენს, რომელიც მათი ქმედებების გამართლებისთვის იქნება მოსახერხებელი.

მაგალითად, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი, დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი ამბობს, რომ უსამართლობა იქნება, თუ ჰააგის სასამართლო არ გაითვალისწინებს ქართველი ჯარისკაცების მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ ჩვენებებს, რომლებიც ათასობით არსებობს და ყველა ადასტურებს ქართველი სამხედროების უკანონო ქმედებასა და სისასტიკეს. ყველა ეს დოკუმენტი, ტასოევის თქმით, ჰააგის პროკურორს წარუდგინეს.

საკუთარი ქმედებების გამართლების იმედი აქვს რუსულ მხარესაც 2008 წლის ომის პერიოდში. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული მხარე დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა მის ხელთ არსებულ 2008 წლის ივლისი-ოქტომბრის ამსახველ მასალებს. ოფიციალური განცხადებით კი აგვისტოს ომს მათ „მშვიდობის იძულების“ ოპერაცია უწოდეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი კი განმარტავს, რომ მისმა უწყებამ 2008 წლის მოვლენების გამოძიება ჩაატარა და მასალები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადასცა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჰააგის სასამართლოს მიერ გამოთქმულ მზადყოფნას განიხილოს 2008 წლის ივლისი-ოქტომბრის მოვლენები მიესალმებიან და მზად არიან თანამშრომლობისთვის. თეა წულუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, იმედს გამოთქვამს, რომ სხვებთან ერთად, სათანადოდ იქნება შესწავლილი ანწუხელიძის და სხვა ჯარისკაცების მიმართ ჩადენილი ქმედებები. „ჰააგის გადაწყვეტილებაში ნათქვამია არაერთხელ, რომ სამხრეთ ოსეთი არაა დამოუკიდებელი სახელმწიფო და ისაა საქართველოს ნაწილი. ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთის მხრივ რუსეთში და მეორეს მხრივ საქართველოში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის“,- ამბობს თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი.

რამდენადმე განსხვავებულია თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის კომენტარი იუსტიციის მინისტრის მოსაზრებებისგან: „გუშინდელ განცხადებაში ჩვენ ვნახეთ, რომ საუბარია ორივე მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ოღონდ ორივე მხარეში იგულისხმებიან ქართული და სამხრეთ ოსური შეიარაღებული ფორმირებები და ეს რას ნიშნავს, ძალიან გაუგებარი და წარმოუდგენელი ცნებაა.“

ამერიკის ხმასთან საუბრისას თამარ აბაზაძე, საიას იურისტი ამბობს: „არ გამოვრიცხავ, რომ ამ მისიის წარმომადგენლები არ შეუშვან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, დე-ფაქტო ხელისუფლების ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ მტკიცებულებების საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება გამოტანილი, რაც ხელთ ექნება პროკურორს. შესაბამისად, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მხარემ მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია, რაც ხელთ აქვთ“.

ჰააგის სისხლის სამართლის პროკურორი ფატუ ბენსუდა გასული წლის ოქტომბერში საქართველოში იმყოფებოდა. მისი ჩამოსვლის დროს ითქვა იმის შესახებ, რომ ჰააგის პროკურორის ოფისი დაინტერესებული იყო მასალების მოძიებით ომის დანაშაულის შესახებ. გამოქვეყნდა სპეციალური ვადაც, როდესაც ამ მასალების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდა არა მხოლოდ ოფიციოზს, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც. ეს ვადა 2015 წლის 13 ნოემბერს ამოიწურა.

რაც შეეხება ვადებს იმის თაობაზე, თუ როდემდე შეიძლება გააგრძელდეს გამოძიება, რის შემდეგაც საქმეს ჰააგის სასამართლო განიხილავს, პასუხები არაერთგვაროვანია. ამის შესახებ არც კონკრეტული და არც მიახლოებითი თარიღები სახელდება.