ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში საქართველოს მუნიციპალური არჩევნების, პოლიტიკური გარემოსა და ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ საუბრობენ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან როგორც ამერიკელი კანონმდებლები, ისე ანალიტიკოსები და რეგიონის მკვლევრები. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ვითარების მეტ პოლარიზებას შეუწყო ხელი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთი მხრივ დაბრუნებამ, მეორე მხრივ კი - მისმა დაკავებამ.
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ამბობს, რომ ვითარება ორივე მხარისთვის თითქოსდა ხელსაყრელ პოლიტიკურ ვითარებას ქმნის, თუმცა ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამება
"მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ არალეგალურად გადაეკვეთა ქვეყნის საზღვარი, ვფიქრობ, პოლიტიკური კატასტროფაა. საქართველოში დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ძალაუფლების უკიდურესი პერსონალიზება. პოლიტიკურ დინამიკაში სააკაშვილის თავიდან შემოსვლას ქართული პოლიტიკა ნამდვილად ერთ კონცეფტამდე დაჰყავს: ესაა „მიშა-ბიძინას წინააღმდეგ“ და ეს მნიშვნელოვნად ტოქსიკურ და მომწამვლელ ატმოსფეროს ქმნის. ეს ისრუტავს ჟანგბადს მთელი პოლიტიკური დინამიკიდან", - ამბობს ყოფილი ელჩი და დასძენს, რომ ვითარება გარკვეულწილად, ორივე პოლიტიკური მხარისთვის მომგებიანია.
"მიშასთვის, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა ტენდენცია, რომ სურს გამოიყენოს ქუჩა. არ ვიცი ვუწოდებდი თუ არა პოლიტიკურ პატიმარს, ეს სხვა ორგანიზაციებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის არსებობა აძლევს ერთგვარ მიზეზსა და გამართლებას დემონსტრაციებს, რომლებიც შეიძლება ძალიან სწრაფად გარდაიქმნას ძალადობად. „ქართული ოცნების“ მხარეს კი არის ლიდერობა, რომელიც ფოკუსირებულია, მონსტრი „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების მცდელობაზე. ისინი ხელებს ისრესენ იმ შესაძლებლობით, რომ გასრისონ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს თავდაყირა აყენებს პოლიტიკურ დინამიკასა და წონასწორობას. მისი გასამართლება იქნება ცირკი და ეს არ იქნება საქართველოს ინტერესებში", - ამბობს იან კელი.
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკის ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ საუკეთესო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, იყო საზღვრის არალეგალური გადმოკვეთისთვის "მისი პოვნა და უკან გაბრუნება".
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერიც, იან კელის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია კონკრეტული პერსონებზე მეტ ყურადღებას, ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივებს უნდა უთმობდეს.
"ფრიდომ ჰაუზის" ყოფილი პრეზიდენტი და რეგიონის მკვლევარი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნებამ შესაძლოა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის მობილიზება გამოიწვია. მაგრამ "სააკაშვილი არ არის ნავალნი":
"უნდა ვცადოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია შეუერთდნენ სამოქალაქო საზოგადოებას და ფოკუსირდნენ ქვეყნის პრობლემებზე და არა პერსონალიებზე, იქნება ეს სააკაშვილი თუ ივანიშვილი", - ამბობს დევიდ კრამერი.
„ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამერიკელი სენატორები არჩევნების წინა დღეებშივე ამბობდნენ, რომ ნებისმიერი მხარის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დესტაბილიზაციისკენ იქნება მიმართული, ვერ მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ამერიკელი კანონმდებლები და რეგიონის ექსპერტები ხაზგასმით ამბობენ, რომ სამართლიანი არჩევნები მხოლოდ კარგად ადმინისტრირებულ კენჭისყრის დღეს არ ნიშნავს. და მაშინ, როდესაც განმეორებითი დარღვევები იმედისგამაცრუებელია, ხელისუფლებას მეორე ტურის არაძალადობრივ და შედარებით თანაბარ პირობებში ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
საარჩევნო პროცესები შეაფასა საქართველოში ამერიკის დიპლომატიურმა მისიამაც. საელჩოს განცხადებით, ღრმად შემაშფოთებელია „სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი“. საელჩომ წუხილი გამოთქვა ამომრჩეველთა დაშინების, ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დესტაბილიზაციის მცდელობისა და სხვა ისეთი დარღვევების შესახებ, რომელიც არ შეესაბამებოდა არჩევნების სამართლიანობის იმ მაღალ სტანდარტს, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს. „მაშინ, როდესაც ზოგიერთმა გატარებულმა ზომამ მოიტანა პოზიტიური ცვლილება, საერთო წარუმატებლობა, განმეორებადი ხასიათის დარღვევების შემცირების კუთხით, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, იმედგაცრუებას იწვევს“, - ვკითხულობთ დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
არჩევნები რომ მხოლოდ კარგად ან ცუდად ადმინისტრირებული კენჭისყრის დღე არ არის, ამას იმეორებს ამერიკელი დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინიც. სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე „ამერიკის ხმის“ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ ტექნიკურად კარგად ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, „საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის თაობაზე“:
ასევე ნახეთ: შაჰინი: ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს„ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ჰქონდეთ მათი ლიდერების და მომავლის არჩევის საშუალება. მე ნათლად ვთქვი, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა. შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ დაიცვას თავისი დემოკრატიული პრინციპები. მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის“, - ამბობს ჯინ შაჰინი.
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში კი ამბობს, რომ დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ საყოველთაო ცნობებით შეშფოთებულია:
„არჩევნების მეორე ტურების ორგანიზებისას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომლებიც ეუთო-მ გამოკვეთა, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდის დროს არსებული ძალადობა და არათანაბარი პირობები პარტიებისთვის, რომლებიც მმართველი პარტიისთვის გამოწვევას ქმნიან. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია... საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას არჩევნების მეორე ტურებზე", - ამბობს სენატორი რიში.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მერის არჩევნები პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიგო. მერისა და საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს - 30 ოქტომბერს 64-დან 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.