იან კელი - ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში

იან კელი

შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე იან კელის კანდიდატურა დაამტკიცა. იან კელი რიჩარდ ნორლანდს სექტემბერში შეცვლის.

კელი 2010-2013 წლებში შეერთებული შტატების ელჩი იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), 2009-2010 წლებში კი - ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერად მუშაობდა. ამჟამად კელი ჩიკაგოში, ილიონოისის უნივერსიტეტში ასწავლის.

მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ევროპის კავშირში ინტეგრაციას. არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება ამ მისწრაფებას ვეტო დაადოს.
იან კელი სენატში გამოსვლისას, მაისი, 2015 წელი

ელჩობის კანდიდატი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე მაისში წარსდგა და გამოსვლისას ყურადღება საქართველოს სუვერენიტეტზე და მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა:

„ჩვენ ვგმობთ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაციას. რუსეთის ეგრეთწოდებული ხელშეკრულებები ამ რეგიონებთან ყოველგვარ ლეგალურ საფუძველს მოკლებულია.“

ელჩობის კანდიდატმა ამერიკის მხარდაჭერაზეც ისაუბრა:

"მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ევროპის კავშირში ინტეგრაციას. არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება ამ მისწრაფებას ვეტო დაადოს,“ თქვა კელიმ.

თავის გამოსვლაში კელიმ ყურადღება არჩევნებზეც გაამახვილა. მისი თქმით ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა "სრულად დემოკრატიულ სახელმწიფოდქცევისკენ" და 2012 და 2013 წლის არჩევნებით ქვეყანაში მთავრობა პირველად კონსტიტუციურად შეიცვალა. „ჩვენ ვიმუშავებთ ყველა პარტიასთან, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იყოს.“

გამოსვლის შემდეგ ელჩობის კანდიდატებს სენატის წევრებმა კითხვები დაუსვეს, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კითხვა ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნების დაკავებებზე დასვა:

“ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებებმა კანონის უზენაესობაზე და მართლმსაჯულების სისტემაზე კითხვები გააჩინა. თქვენი აზრით, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიის წინსვლას და როგორ დავეხმაროთ მას იმის მოგვარებაში, რომ პოლიტიკური ოპონენტები არ იყვნენ დანახული როგორც დაპატიმრებების ობიექტები, არამედ დარჩნენ იმად, რაც არიან - ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტებად.”

კელის თქმით, ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელსაც ელჩად დამტკიცების შემთხვევაში ყურადღებით დააკვირდება.

“საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვსურს ამ პროცესს ზიანი მიადგეს. ვიცი, რომ ელჩ ნორლანდს ამაზე კონსულტაციები ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს იმის აღქმაც კი, რომ ვინმე მართლმსაჯულებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს,“ განაცხადა კელიმ.

კელის თქმით, მისი საქმიანობის მთავარი მიზანი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და ორი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.