უნგრეთი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციებს შეურთდება

უნგრეთი ბუდაპეშტში დაფუძნებული რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციებს შეასრულებს. უნგრეთის მხარის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ამერიკის სანქციებმა ბანკი "დაანგრია".

ამ თემაზე პარასკევს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ისაუბრა და დასძინა, რომ უნგრეთი შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მაგრამ გააგრძელებს მათ წინააღმდეგ კრიტიკული პოზიციის გამოხატვას.

ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც ბლოკის წევრებს შორის, რუსეთთან ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს, სახელმწიფო რადიოსთან საუბარში თქვა, რომ შეერთებული შტატები უნგრეთის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მაგრამ მოკავშირეებს შორის, უკრაინის ომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

შეერთებული შტატები „არ ამბობს უარს მცდელობაზე, რომ ომის ალიანსში ყველა ჩართოს“, რასაც უნგრეთი, რომელიც უკრაინას იარაღს არ აწვდის, ორბანის თქმით, წინააღმდეგობას გაუწევს.

ორბანის მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ გააუქმებს კავშირებს ბანკთან IIB, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, მისი განმარტებით, განვითარებისთვის საჭირო პროექტებს აფინანსებს. ბანკმა სათავო ოფისი 2019 წელს მოსკოვიდან ბუდაპეშტში გადაიტანა.

ასევე ნახეთ: უნგრეთმა უკრაინის დახმარება დაბლოკა, ევროკავშირმა კი ბუდაპეშტს დახმარება შეუჩერა

რუსეთი მისი უმსხვილესი, უნგრეთი კი - სიდიდით მეორე აქციონერია. უნგრეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები იქ იკავებდნენ მაღალ პოზიციებს, მათ შორის ბანკის საბჭოში. აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა IIB-თან ურთიერთობა გასულ წელს გაწყვიტეს, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ამ კვირაში შეერთებულმა შტატებმა ბანკს ახალი სანქციები დაუწესა მათ შორის მის სამ მაღალჩინოსანს, ორ რუსს და ერთ უნგრელ პირს. ვაშინგტონმა მოუწოდა უნგრეთს, გაწყვიტოს კავშირი „კრემლის მიერ კონტროლირებად გაუმჭვირვალე პლატფორმასთან“.

ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი შეასრულებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ ის მათ მხარს არ უჭერს.

„ჩვენ არ ვეთანხმებით სანქციებს, მაგრამ არ აღვუდგებით წინ სხვების უფლებებს, მათ შორის ამერიკის, დააწესოს სანქციები“, - თქვა მან. ”ომის (დაწყების) შემდეგ, აშკარა იყო, რომ ბანკის (IIB) შესაძლებლობები ვიწროვდებოდა... და ახლა, როდესაც ამერიკელებმა ის სანქციების ქვეშ მოაქციეს, მათ ფაქტობრივად გაანადგურეს იგი“, - თქვა უნგრეთის პრემიერმა.

ასევე ნახეთ: უნგრეთი ამბობს, რომ „საჩივრები“ აფერხებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას

უნგრეთი ნატოს წევრია და ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ ვიქტორ ორბანი წლების განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობას აყალიბებდა რუსეთთან და თავს იკავებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკისგან. მიუხედავად იმისა, რომ ორბანი აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მის მთავრობას არ დაუბლოკავს ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები.