HRW: თურქეთში ასობით იურისტის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს

უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ვოჩის" ინფორმაციით, თურქეთი ასობით იურისტს "თვითნებურად" აპატიმრებს. ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თურქეთის მიერ იურისტების დაკავება 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდგომ სადამსჯელო ღონისძიებებს უკავშირდება.

"იურისტების რიცხვი, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლო დევნა მიმდინარეობს, იმაზე უფრო მაღალია ვიდრე უკანასკნელ პერიოდში გვინახავს", - ამბობს ემა სინკლერ-ვები ორგანიზაციის უფროსი მკლევარი. ის აცხადებს, რომ იურისტების დაკავება მთელ საზოგადოებას შემაშფოთებელ მესიჯს უგზავნის.

ანგარიშში საუბარიაიმაზე, თუ როგორ ხდებიან იურისტები, რომლებიც საკუთარ ტერორიზმში ბრალდებულ კლიენტებს იცავენ, გამოძიების სამიზნე.

"ასობით იურისტის დაკავება და სასამართლო პროცესი, მათთვის საშუალების შეზღუდვა, რომ დაიცვან პოლიციის მიერ დაკავებული ადამიანები და ბრალდებულები სასამართლოში, თურქეთის კრიმინალური სამართალწარმოების სისტემის საშინელ მდგომარეობას ასახავს და ეს უნდა იყოს ძალიან შემაშფოთებელი ყველასთვის თურქეთში, თუ საერთაშორისო დონეზე", - ამბობს ჰიუ უილიამსონი "ჰუმან რაითს ვოჩიდან".

ორგანიზაცია უფლებადამცველ ორგანიზაციას, თურქეთის "დაკავებული იურისტების ინიციატივას" ციტირებს და ამბობს, რომ 2019 წლის აპრილის მონაცემებით, 1 546 იურისტის წინააღმდეგ აღიძრა საქმე, 274 მათგანი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებულად ცნეს, ხოლო 598-ს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა სხვადასხვა ვადით.

ორგანიზაცია თურქეთის ანტი-ტერორისტულ კანონში 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდგომ ცვლილებებზე საუბრობს. 2016 წლის გადატრიალებაში ბრალს თურქეთის მთავრობა სასულიერო ლიდერს, ფეტულა გულენს დებს, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ შეთქმულებაში მონაწილეები თურქეთის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. გულენი თურქეთის მთავრობის ბრალდებებს უარყოფს.

ორგანიზაცია საერთაშორისო ინსტიტუტებს, მათ შორის ევროკომისიას და ევროსაბჭოს მოუწოდებს ანკარაზე ზეწოლა განახორციელონ.