„მკვლელი როკი“ ეს გახლავთ სახელწოდება სამხედრო სწავლებისა, რაც ამ დროისთვის დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. „РОК“ აბრევიატურაა და გულისხმობს სწავლების ორ კონტურს საცეცხლე და სადაზვერვო შემადგენლობით. წვრთნები დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარეობს და თანამედროვე ტაქტიკებს ითვალისწინებს არტილერიისა და სხვა დანაყოფების ერთიანი ქმედებების შემთხვევაში. რუსულ–ოსური გაერთიანებული წვრთნები საველე პირობებში, ძარწემის პოლიგონზე ხორციელდება. ამავე ბაზაზე მიმდინარეობს სწავლება, რაც სნაიპერის უნარების გაუმჯობესებას ითვალისწინებს სნაიპერული შაშხანების გამოყენებით. ამ მიმართულებით სწავლებაში რუსეთის 58 არმიის სამხრეთ სამხედრო ოლქის ბაზაა ჩართული ჩართული.
შეგახსენებთ, რომ ძარწემი ქართული სოფელი გახლდათ, რომლის ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა. სამხედრო ბაზის მოწყობის მიზნით, სოფელში არსებული ყველა საცხოვრებელი სახლი განადგურდა.
„საქართველომ უარი უნდა განაცხადოს საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენებაზე, რადგან ეს კონფრონტაციას უწყობს ხელს და გათვლილია პროვოკაციაზე“ – ეს რუსული მხარის განცხადებაა ჟენევის დისკუსიაზე.
სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაცია ასევე ეხმიანება რუსეთის ფედერაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იტოვებს უფლებას გასცეს შესაბამისი პასუხი და გატარდეს შესაბამისი ქმედებები ნატოს აქტიურობის გაძლიერების გამო კავკასიაში, რაც მათი თქმით, რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.
ამერიკის ხმასთან ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საუბრობს, რომლის მიმართ დე–ფაქტო ადმინისტრაციამ ახლა უკვე მესამე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უფრო სწორად, მეორე საქმე, რომელიც მის მიერ სამხრეთ ოსეთის პასპოსრტის გამოყენებას ეხებოდა ორად გაყო. ერთი საქმე მოიცავს ყალბი პასპორტის დამზადებას, მეორე კი მის გამოყენებას. თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები მხოლოდ დაშინების ფუნქციას არ ატარებს, ქმედებები, შესაძლოა, უფრო შორსაც წავიდეს და მისი დაპატიმრებით დასრულდეს. „მე რომ ადვოკატი არ მყავდეს, ასეც იქნებოდა“, – გვეუბნება აქტივისტი.
„ჩემს მიმართ საქმე აღიძრა ოთხი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, აქედან 2–ს ვიცნობ, დანარჩენ ორთან კი შეხება არ მქონია. საჩივარში მიუთითეს, რომ გასული წლის 16 აგვისტოს წავედი თბილისში და თუკი დაბრუნებისას დამაპატიმრებდნენ, შესაძლოა, ჩემს ჩანთაში აღმოეჩინათ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებსო. საჩივრის ორი ავტორი პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრები არიან: სპარტაკ დიაევი და მაია ქისიევა. ეს უკანასკნელი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გადაადგილდება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ბრუნდება სამხრეთ ოსეთში. მე ვერ ვამტკიცებ მის საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ვერც იმას ვიგებ, რა ლოგიკას ეყრდნობა მისი ჩივილი, რატომ მოითხოვს ჩემს დაპატიმრებას, დასჯასა და ჯვარზე გაკვრას.“
თამარ მეარაყიშვილი ჩვენთან საუბრისას იმის თაობაზეც ამხვილებს ყურადღებას, რომ ინფორმაცია მისი საქმის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ჯეროვნად არაა დაყენებული. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამერიკის ხმასთან არაერთგზის უთქვამთ, რომ მეარაყიშვილის მიმართ არსებული უფლებების დარღვევის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებენ, თუმცა თავად თამარი ამ ცნობას არ ადასტურებს და ვერც შედეგს ხედავს.
„სახელწმიფო ჩემზე საერთაშორისო სივრცეში არ საუბრობს. ყოველ შემთხვევაში, მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ სადმე გაიჟღერა ჩემი საქმის შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებამ. ერთადერთი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩემს შესახებ გააკეთა განცხადება, გახლდათ, როდესაც რადიო „მოზაიკა“ დაუკავშირდა მათ და ჰკითხა, თუ დააყენეს ჩემი საკითხი სადმე. მათ უპასუხეს, რომ ჩემი საკითხი გასული წლის სექტემბერში დააყენეს ერგნეთში. ეს იყო და ეს. სექტემბერში დადგა ჩემი საკითხი, რადგან ეს იყო პირველი შეხვედრა, რაც ჩემი დაკავების შემდგომ გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. მას შემდგომ მე არ მაქვს ინფორმაცია, სად და ვინ ისაუბრა ჩემზე საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით.“
ადამიანის უფლებების დარღვევის, მკვლელობისა და გაუჩინარების ფაქტების ფონზე, დე–ფაქტო ადმინისტრაცია დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილესთვის ემზადება, სადაც სულ 9 ქვეყნის დელეგაციას უნდა უმასპინძლოს, რომელთა შორისაა რუსეთის ფედერაცია. ვენესუელა, სირია, ნიკარაგუა, აფხაზეთის, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები, დნესტრისპირეთი და მთიანი ყარაბაღი.