აქტივისტებმა დღეს მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდეს, ბოიკოტი გამოუცხადონ მომავალი წლის ზამთრის ოლიმპიადას, რომელიც ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი სახელმწიფოს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ტარდება. უფლებადამცველი ჯგუფები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სთხოვდნენ გადაევადებინათ თამაშები, ან სხვაგან გადაეტანათ, ვიდრე პეკინი არ შეწყვეტს უიღურების გენოციდს და სხვა მუსლიმი უმცირესობების ჩაგვრას.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ საკითხისგან თავი შორს დაიჭირა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ტომას ბაქმა თქვა, რომ ოლიმპიური თამაშები "პოლიტიკისგან თავისუფალ სივრცეში" უნდა მიმდინარეობდეს. ოლიმპიადა სტარტს 4 თებერვალს იღებს.
უფლებადამცველების თქმით, მილიონამდე უიღური დღეს ჩინეთის ტერიტორიაზე განლაგებულ საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფება. მათ აწამებენ, აიძულებენ სტერილიზაციას და მონურ შრომაში ჰყავთ. ოფიციალური ჩინეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.
პეკინს ასევე გლობალურად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ჰონგ-კონგში. ჩინეთის პოლიტიკა ტაივანის და ტიბეტის მიმართაც კვლავ კრიტიკის საგნად რჩება.