ჰუ ჯინტაო ამერიკაში ვიზიტს ასრულებს

ჰუ ჯინტაო ამერიკაში ვიზიტს ასრულებს

ვაშინგტონში ორ-დღიანი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ჯგუფს შეხვდა.

ჩინეთის მიმართ კეთილგანწყობილ ჯგუფს პრეზიდენტი ჯინტაო ჰენრი კისინჯერმა წარუდგინა. ეს ვიზიტის განმავლობაში ჰუს ერთადერთი საჯარო მიმართვა იყო. მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია იმაში რომ ამერიკასა და მის ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების დიდი პერსპექტივა არსებობს. მან ისიც დასძინა, რომ ურთიერთობა პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული:

„ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობაში ერთი ქვეყნის დანაკარგი მეორე ქვეყნის მოგებას არ ნიშნავს. ჩვენ ისეთი თანამშრომლობა უნდა დავამყაროთ, რომლის დროსაც ერთმანეთის მიმართ სტრატეგიულ და გრძელვადიან ნდობას გავაღვივებთ. ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ საერთო ინტერესების დაცვას ერთობლივი ძალისხმევით შევუდგეთ და ამასთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაღრმავოთ.“

ჰუმ ბევრი ის იდეა გაიმეორა, რომლებიც ბარაკ ობამამ ცოტა ხნით ადრე გააჟღერა. ობამამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთისა და შეერთებული შტატების ინტერესები გარკვეულ საკითხებში ერთმანეთს ეწინააღმდეგება, თანამშრომლობა მაინც უამრავ სფეროში მიმდინარეობს.

პოლიტიკური მიმომხილველი ჯოსეფ ჩენგის თქმით, ჰუს სიტყვას ისეთი ტონი უნდა ჰქონოდა, რომ სამომავლოდ კომპრომისის დაშვების შესაძლებლობა არ გამოერიცხა:

„ ჩემი აზრით, ორივე მხარეს სურს დაანახოს ერთმანეთს, რომ მათი კომპრომისზე ადვილად დაყოლიება ვერმოხდება ვერ მოხერხდება, თუმცა კომპრომისზე უარს არც ერთი მათგანი აცხადებს. ამ მხრივ ყველაზე მტკივნეული საკითხები ჩინური ვალუტის კურსი და ადამინის უფლებებია.“

კრიტიკოსების თქმით, პეკინი ხელოვნურად აწარმოებს საკუთარი ვალუტის - იუნის - გაუფასურების პოლიტიკას. ამით ჩინეთი საკუთარი პროდუქციის გაცილებით დაბალ ფასებში წარმოებას ახერხებს და შესაბამისად რთულია მისთვის კონკურენცის გაწევა. ამ საკითხზე ჰუმ განაცხადა, რომ სწორედ იმის გამო, რომ ჩინეთი შედარებით დაბალ ფასიან პროდუქციას აწარმოებს ამერიკელებმა ბოლო 10 წლის მანძილზე 600 მილიარდი დოლარის ოდენობის დანაზოგი გააკეთეს.

კონგრესის წევრებმა, რომლებიც ჰუს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ, განაცხადეს, რომ შეხვედრა დადებით ატმოსფეროში გაიმართა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი კი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გადასაჭრელი:

„მე რელიგიური თავისუფლებები მაშფოთებს. ასევე გამოვხატე ჩემი შეხედულება ინტელექტუალურ საკუთრებასა და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებ, რომ ამ თემებზე დიალოგს კვლავ გავაგრძელებთ.

ჰუმ აღნიშნა, რომ ჩინეთს სოციალური რეფორმების გარდაქმნა შეუძლია, მაგრამ ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად ტიბეტი და ტაივანი, პეკინი ისე მოიქცევა, როგოც მას მიაჩნია საჭიროდ.

მისივე თქმით მსოფლიოს ჩინეთის სწრაფი ზრდისა და განვითარების არ უნდა ეშინოდეს.

ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდის შედეგად შეერთებული შტატები პეკინს მსოფლიო ეკონომიკაში მეტი პასუხისმგებლობების აღებას სთხოვს. პრეზიდენტმა ჰუმ განაცხადა, რომ ჩინეთი პასუხისმგებლობას არ შეუშინდება, მაგრამ მას ვაშინგტონის მხრიდან უფრო აქტიური თანამშრომლობა სჭირდება.