ბაიდენი მემარცხენე ამომრჩევლების გულის მოგებას ძველი პოზიციების დათმობის გარეშე ცდილობს

ახლა, როდესაც ჯო ბაიდენი დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატია, ის განსაკუთრებით აქტიურობს. ამერიკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ცდილობს კონსესუსის მიღწევას და იმ ამომრჩევლის გულის მოგებას, ვინც მისდამი სკეპტიკურადაა განწყობილი. ამომრჩეველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბაიდენს საკმაოდ მკაფიო პროგრამა არ აქვს ჯანდაცვის, სტუდენტური სესხებისა და კლიმატის კრიზისი თემებზე.

ჩანაფიქრი ისაა, რომ პარტიამ არ გაიმეოროს 2016 წლის მარცხი, როდესაც ჰილარი კლინტონმა ვერ შეძლო ბერნი სანდერსის მომხრეების, ახალგაზრდა ელექტორატის, ე.წ. პროგრესისტების დარწმუნება და გადაბირება. 2020 წლის წინასაარჩევნო დინამიკა განსხვავებულია. დემოკრატები ახლა ერთიანდებიან ტრამპის წინააღმდეგ. თუმცა, ბაიდენის მემარცხენეობისკენ გადახრამ, შესაძლოა, დემოკრატების ნაწილი გააღიზიანოს და ეს წარუმატებელი მცდელობა აღმოჩდეს დემოკრატებისთვის.

“მიდგომა, რომელიც ახლა მათ აქვთ, ნამდვილად ჰგავს მცდელობას ორივე მხარის გული მოიგონ”, ამბობს ევან ვებერი, მოძრაობა “სანრაიზის” თანადამფუძნებელი. ეს ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც კლიმატის საკითხზე ცვლილებებისთვის იბრძვის და ბაიდენის კამპანიასთან ამ თემაზე შემუშავებული პოლიტიკის შეთავაზებებზე მუშაობს.

ბაიდენს ამ მიმართულებით შეკითხვა ამერიკულ ტელეარხ "ეს-ენ-ბი-სიზე" (CNBC) დაუსვეს. ჟურნალისტმა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხა, ნიშნავს თუ არა მისი ბოლო ნაბიჯები იმას, რომ ის პოზიციონირდება, როგორც “პროგრესული”. ამ კითხვას დემოკრატიული პარტიის წამყვანმა კანდიდატმა ასე უპასუხა: “მე ვაპირებ, რომ ვიყო ჯო ბაიდენი. შეხედეთ ჩემს წარსულს”.

ბოლოდროინდელი ინტერვიუები და კამპანიები იმ ნიუანსებს უსვამს ხაზს, რითაც ბაიდენი იმედოვნებს, რომ ცენტრისტ და მემარცხენე ამომრჩევლებს, ერთდროულად მოიზიდავს. “ ვფიქრობ, ჯანდაცვა უფლებაა და არა პრივილეგია”, თქვა მან ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში. თუმცა იქვე დაამატა: “არ ვუჭერ მხარს საყოველთაო დაზღვევას”.

ბაიდენის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზე გავლენა პანდემიამაც იქონია. სენატორი, რომელიც, ერთ დროის, ბიუჯეტის დაბალანსებული ცვლილების მომხრე იყო, ახლა იმ დემოკრატებს ემხრობა, ვინც ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ახალი კორონავირუსის საპასუხოდ, ტრილიონობით დოლარს გამოყოფს.

მისი თანაშემწეები ამბობენ, რომ ბაიდენს უნიკალური პოზიცინიორება აქვს, რადგან ამომრჩევლები პოლიტიკურ პროგრამასთან ერთად, უპირატესობას ანიჭებენ გამოცდილებასა და ტემპერამენტს. კამპანია თვლის, რომ ბაიდენის ამომრჩევლები არიან აფრიკელი ამერიკელები, სამხრეთ ამერიკელები, გარეუბნებში მცხოვრები და კოლეჯის განათლება მიღებული თეთრკანიანები, ქალები და ისინი, ვინც ტრამპით იმედგაცრუებულნი არიან.