ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „Human Rights Watch-მა“, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თქმით, პოპულისტი ლიდერები ამერიკასა და ევროპაში და მათი ხელისუფლებაში მოსვლა, საფრთხეს უქნის ადამიანთა ძირითად უფლებებს და ხელს უწყობს ავტოკრატების მიერ მათ შელახვას მსოფლიოს გარშემო.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეტ როტმა განაცხადა, მის წინასიტყვაობაში, რომელიც 687 გვერდიან ანგარიშს თან ახლავს, პოპულისტი ლიდერები მსოფლიოს გარშემო ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპს ძირს უთხრიან, არიან რა უფრო ტოლერანტული მათი დარღვევების შემთხვევებში და არ მიიჩნევენ მას როგორც აუცილებელ კომპონენტს სახელმწიფო მართვაში, არამედ როგორც უმრავლესობის სურვილის დანამატს.
„პოპულიზმის ზრდა ადამიანის უფლებებისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს“ , - განაცხადა მან.
ანგარიშში საუბარია რუსეთზე და საფრთხეზე, რაც ერთპიროვნული ლიდერების აღზევებას და ძლიერი მმართველის ხატის შექმნას მოსდევს. ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ რუსეთში, თურქეთში, ფილიპინებსა და ჩინეთში ლიდერები ცდილობენ თავიანთი თავი წარმოაჩინონ, როგორც ერთადერთი გარანტი კეთილდღეობის და უსაფრთხოებისა, ნაცვლად ანგარიშვალდებული მთავრობისა და კანონის უზენაესობა.
„კრემლი ცდილობს პუტინის ავტოკრატიის და მისი კლებადი რეიტინგების გაზრდას ნაციონალიზმის სენტიმენტების გაღვივების მეშვეობით, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას მოჰყვა“, - ნათქვამია ანგარიშში.
სხვა ქვეყნებთან ერთად, ორგანიზაცია ასევე საუბრობს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და ძირითადი თავისუფლებების მიხედვით არსებულ მდგომარეობაზე. ანგარიშში საუბარია საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე. ორგანიზაციის თქმით „წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების რამდენიმე, უკანონოდ ჩაწერილი სატელეფონო საუბრის ინტერნეტში გამოქვეყნება, სავარაუდოდ, ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად.“
ორგანიზაცია საუბრობს იმაზე, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა ქსელებთან საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“ და „პრობლემად რჩება პასუხისმგებლობის საკითხი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. აგრეთვე, საუბარია მედიის თავისუფლების საკითხზე და ლგბტ ადამიანების უფლებათა დარღვევებზე.
ორგანიზაცია მიმოიხილავს საქართველოში გასულ წელს მომხდარ მოვლენებს და საარჩევნო პერიოდს. ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მომხდარმა ძალადობრივმა ინციდენტებმა „დაარღვია სხვამხრივ მშვიდობიანად მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესი“.