"ჰიუმან რაითს უოჩი" საქართველოზე

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მსოფლიოს ქვეყნებში არსებული მდგომარეობის 2018 წლის მიმოხილვა წარმოადგინა.

საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემები წინა პლანზე წამოწია. მთავრობამ გადადგა ნაბიჯები კანონდამცველების მიერ ძალის ბოროტად გამოყენების შემთხვევების შესასწავლად, თუმცა ეს პროცესი მისგან დამოუკიდებელი არ ყოფილა.

შეშფოთების სფეროებს შორის იყო ნარკოპოლიტიკა, შრომის უფლებები, ჰომოსექსუალების, ლესბოსელი და ტრანსგენდერი თემის უსაფრთხოება და დაცვა, ასევე მედიის დაშინება და პლურალიზმი.

საპრეზიდენტო არჩევნები

საქართველოში, ბოლო, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, „კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის განხორციელება“ და ამომრჩეველს ჰქონდა არჩევანის საშუალება, თუმცა ადგილი ჰქონდა მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას."

პოლიციის ანგარიშვალდებულების პრობლემასა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ ძალის გადამეტებაზე საუბრისას, ხაზგასმულია ის, რომ კანონდამცავი სამსახურების დაუსჯელობა გამჭოლ პრობლემად რჩებოდა. გამოძიება, გახსნის შემთხვევაში, მოსარჩელის სარჩელს ითვალისწინებდა, თუმცა პროცესი იშვიათად სრულდებოდა ბრალდებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება იშვიათად ანიჭებდა დაზარალებულის სტატუსს მას, ვინც შეურაცხყოფაზე ჩიოდა.

ასევე, აქვე ნათქვამია, რომ შარშან, ომბუდსმენის ოფისმა 149 საჩივარი მიიღო პოლიციის, ან ციხის თანამშრომლების მიერ ცუდი მოპყრობის შესახებ. გამოძიებები დაიწყო - ამბობს "ჰიუმან რათს უოჩი", მაგრამ არცერთი შემთხვევა არ დასრულებულა ბრალდებით.

მაისში, სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის გარდაცვალებისთვის დაკავებულები, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა სამართალდამცველების მიკერძოების შესახებ - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, სექტემბერში ამ საკითხის თაობაზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პროკურატურის ერთერთმა თანამშრომელმა, რომელიც ნათესაურ კავშირში იყო ორ ბრალდებულთან, დამალა დანაშაულის რამდენიმე ფაქტი. საგამოძიებო კომისიაში, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოძიების შეცდომები საგამოძიებო სისტემის შეცდომების გამო მოხდა. ერთერთი გარდაცვლილის მამამ-ზაზა სარალიძემ - გააკრიტიკა მმართველი გუნდის მიერ გამოტანილი დასკვნა, როგორც იმათი დაცვის მცდელობა, ვინც გამოძიება გააყალბა. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა და მთავრობამ ზაზა სარალიძე დააკავა.

2017 წლის დეკემბერში, ანგარიშის თანახმად, დაზვერვის ეროვნული სამსახურის ოპერაციის შედეგად, თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა, რომლის წინააღმდეგ, ტერორიზმში ეჭვით, ოპერაცია ჩატარდა პანკისის ხეობაში. მთავრობამ უარი განაცხადა მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭებინა, რამაც ოჯახს საგამოძიებო მასალებზე წვდომის საშუალება დაუბლოკა.

„ჰუმან რაითს უოჩის“ განცხადებით, სასიამოვნო ცნობა იყო ის, რომ მთავრობამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი შექმნა, რომელიც ოჯახურ ძალადობას, სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს, ბავშვებისა თუ ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის საკითხებში მიმდინარე გამოძიებებს გაუწევს ზედამხედველობას.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ანგარიში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალეულობის შემთხვევები იკლებდა, მთავრობა აგრძელებდა ხისტი პოლიტიკის გატარებას ნარკოტიკების მოხმარების და ტარების შემთხვევებში. ამ დროს, ხდებოდა თავისუფლების აღკვეთა ხანგრძლივი დროით და სხვა უფლებების აკრძალვა. "პოლიცია აძალებდა ათასობით ადამიანს ნარკო ტესტირება ჩაეტარებინა, და ზოგიერთ შემთხვევაში ამ ადამიანებს 12 საათით აკავებდა."

გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია

ომბუდსმენზე დაყრდნობით, ლგბტ პირების უფლებებს ხშირად, არღვევდნენ. ხდებოდა მათი დისკრიმინაცია. ჰომოფობიური განცხადებები მთავრობის მოხელეების მხრიდან, საზოგადოებაში ჰომოფობიის ტალღას უხსნიდა კარს.

საქართველოს კანონებით, ტრანსგენდერი ადამიანების გენდერული ამოცნობა შესაძლებელია, თუმცა ტრანსგენდერი ადამიანები მოვალე არიან გენდერის ჩასწორების მიზნით გადატანილი ოპერაციის საბუთი წარმოადგინონ.

მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება

კანონმა „მაუწყებლობის შესახებ“ საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება მისცა დამატებითი შემოსავალი მიეღო კომერციული რეკლამების შედეგად. არასამთავრობო სექტორმა და კერძო ტელევიზიებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს. კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტელევიზიის შესვლა უკვე ისედაც შემჭიდროებულ სარეკლამო ბაზარზე, მათი აზრით, პატარა, რეგიონულ ტელევიზიებს ემუქრებოდა და ზოგადად, ქვეყანაში მედია პლურალიზმს საფრთხეს უქადდა.

პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა მოახერხა.

ანგარიშში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული არხის - რუსთავი2-ის მესაკუთრეობის დავის საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რჩებოდა. ამ დავამ, ანგარიშის დასკვნით, შეშოთება წარმოშვა მთავრობის ჩარევის შესახებ მედიაში.

საერთაშორისო მოთამაშეები

გაერომ, ევროკავშირმა, აშშ-მ და საქართველოს სხვა ორმხრივმა თუ მრავალმხრივმა პარტნიორებმა რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავზე განცხადებები გამოაქვეყნეს. რამდენიმე მათგანი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მოთხოვნით გამოვიდა.

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო აღნიშნულ ომამდე, ომის დროს და მას შემდეგ, ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას აგრძელებდა.