როგორ უნდა შევებრძოლოთ ტრანსნაციონალურ დანაშაულს

რუსეთის ქალაქ სოჭში ოქტომბრის დასაწყისში გამართულ უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მაშინდელმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალმა ჯეიმს ჯონსმა განაცხადა, რომ „ტრანსნაციონალური დანაშაული აღარ წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალდამცავების პრობლემას, რომელიც მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის შიგანაგან საქმეთა ორგანოების ექსკლუზიურ პრეროგატივაში შედის. პირიქით, ტრანსნაციონალური დანაშაული საფრთხეს უქმნის თითოეულ ქვეყანას და ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ.“

მართალია გასულ ათწლეულებში კრიმინალური ორგანიზაციები ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის ან რეგიონის ფარგლებში მოქმედებდნენ და მათი ცენტრალიზებული ხასიათის გამო ერთი მნიშვნელოვანი წევრის დაპატიმრება ზოგჯერ საკმარისი იყო მთელი ქსელის ალაგმისთვის, დღეს გლობალური კრიმინალური სინდიკატები ტრანსნაციონალურად მოქმედებენ. ამგვარი სინდიკატები გახსნილი ქსელებისგან შედგება, რომელიც ერთნამენთთან თანამშრომლობენ მაგრამ საკუთარ დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ. მათი წინამორბედებისგან განსხვავებით, ისინი ხშირად უახლეს ტექნოლოგიებსა და ფინანსურ ილეთებს იყენებენ, აღნიშნა გენერალმა ჯონსმა.

„ის წამოწყებები, რომლებიც ადრე რომელიმე გარკვეულ უკანონო საქმიანობაზე ფოკუსირებულები იყვნენ, ახლა სულ უფრო ხშირად სხვადასხვა სახის ოპერაციებს ახორციელებენ,“ აღნიშნა მან. „თუ ჩვენ ერთად არ ვიმოქმედებთ მათ საწინააღმდეგოდ, მაშინ ეს ტენდენციები ახლო მომავალში სულ უფრო ინტენსიური გახდება. ეს კი ყველა სახელმწიფოს უნდა ადარდებდეს. ტრანსნაციონალური საფრთხეებით სავსე მსოფლიოში ტრანსნაციონალური დანაშაული სულ უფრო მზარდ ხასიათს იძენს,“ განაცხადა გენერალმა ჯონსმა.

მისი თქმით, ამ ფენომენის დასაძლევად ჩვენ ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ მოქალაქეები ძალადობისგან და კრიმინალური ქსელების ექსპლუატაციისგან უნდა დავიცვათ. დაუცველ ქვეყნებს ჩვენ კორუფციასთან ბრძოლასა და ეფექტურ სახელმწიფო მართვაში დახმარება უნდა გავუწიოთ. ჩვენ ტრანსნაციონალური კრიმინალური ქსელების ფინანსური ინფრასტრუქტურა უნდა დავშალოთ და საერთაშორისო კონსენსუსის ჩამოყალიბებასა და თანამშრომლობას უნდა შევუწყოთ ხელი.

ყოველივე ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება სამართალდამცველი სამსახურების ფუნქციების გაძლიერების მეოხებით, საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში კრიმინალური პირების საქმიანობის აღკვეთით, და ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვის შეწყვეტით, რომელიც ბევრ უკანონო დაჯგუფებას ასაზრდოებს. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ რათა სახელმწიფო საზღვრების დაცვის განმტკიცების ფონზე კრიმინალებმა საზღვრების გადაკვეთა ვეღარ შეძლონ. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორობა უნდა განვავითაროთ რათა წყნარი და ატლანტიკური ოკეანეების რეგიონში ტრანსნაციონალური კრიმინალური საფრთხეებისა და უკანონო ქსელების დროული ამოცნობა უფრო ეფექტური გახდეს.

„ტრანსნაციონალური დანაშაულის მზარდი ხასიათი, მნიშვნელობა და გავლენა ყოველ ამ პრინციპს საფრთხეს უქმნის,“ აღნიშნა გენერალმა ჯეიმს ჯონსმა. „ტრანსნაციონალური დანაშაული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევებიდან ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულს წარმოადგენს. არც ერთ სახელმწიფოს, როგორი ძლევამოსილიც არ უნდა იყოს იგი, ამ პრობლემასთან მარტოდ გამკლავება არ ძალუძს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ თითოეული ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.“