ყოველწლიურად, მსოფლიოში ინკოგნიტოდ მილიონობით დოლარი მოძრაობს. კორუმპირებული მმართველები, გავლენიანი ადამიანები და პოლიტიკოსები აღმოსავლეთ ევროპაში და მის მიღმა, სახელმწიფო ხაზინიდან ან ბიზნესის მიტაცებიდან მიღებულ ფულს დასავლეთში „ოფშორულ“ კომპანიებში ათავსებენ. ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების გამოყენების ხარჯზე არაკანონიერი გზებით მდიდრდებიან ცდილობენ კვალის დაფარვას, ფული საზღვარგარეთ გადააქვთ, და ე.წ. „ფუღურო“ კომპანიებში დებენ, რომლებიც მათ ფულის კვალის დამალვაში ეხმარება.
კლეპტოკრატების მიერ ფულის გათეთრების მასშტაბები შთამბეჭდავია. ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან კვიპროსის სანაპირომდე, ბევერლი ჰილსიდან - ნიუ-იორკამდე ვრცელდება. რუსი ბიუროკრატებიდან დაწყებული ცენტრალური აზიის ავტორიტარი მმართველებით დამთავრებული, კლეპტოკრატებს დღეს ცოტა რამ თუ უშლით ხელს უკანონოდ მოპოვებული ფულის დაფარვასა და მოძრაობაში. ამ ჩამონათვალში, მათ შორის ხვდებიან მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები საქართველოსა თუ უკრაინაში.
კლეპტოკრატიული მეთოდებით ქონების დაგროვება მოახერხეს ვლადიმირ პუტინმა (200 მილიარდამდე), მუამარ კადაფიმ (200 მილიარდი), ჰოსნი მუბარაკმა (70 მილიარდი), ვიქტორ იანუკოვიჩმა (32 მილიარდი) და ა.შ.
ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ტრილიონამდე დოლარი მოძრაობს ამ მეთოდებით. ამ უკანონო ფულის მხოლოდ 25%-ის გამოვლენა ხდება. კლეპტოკრატიული მეთოდებით ქონების დაგროვება მოახერხეს ვლადიმირ პუტინმა (200 მილიარდამდე), მუამარ კადაფიმ (200 მილიარდი), ჰოსნი მუბარაკმა (70 მილიარდი), ვიქტორ იანუკოვიჩმა (32 მილიარდი) და ა.შ.
„ანონიმური ოფშორული კომპანიები მთავარი საშუალებაა, რომელსაც კლეპტოკრატები იყენებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად საქართველო და უკრაინა. ისინი არამარტო სახელმწიფო ქონებას ძარცვავენ, არამედ კერძო ბიზნესმენებსაც აშანტაჟებენ, მათგან ფულს ითხოვენ, მათ კომპანიებს ესაკუთრებიან, ან წილებს ეპატრონებიან. ეს მოპარული ქონება ოფშორებში გადადის, ანონიმურ კომპანიებში“, - ამბობს ჰადსონის ინსიტუტის, "კლეპტოკრატიის ინიციატივის" მკვლევარი ბენ ჯუდა.
ანონიმური ოფშორული კომპანიები მთავარი საშუალებაა, რომელსაც კლეპტოკრატები იყენებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად საქართველო და უკრაინა. ისინი არამარტო სახელმწიფო ქონებას ძარცვავენ, არამედ კერძო ბიზნესმენებსაც აშანტაჟებენ, მათგან ფულს ითხოვენ, მათ კომპანიებს ესაკუთრებიან, ან წილებს ეპატრონებიან.ბენ ჯუდა
კორუფციას და ფულის მსგავს არაკანონიერ მოძრაობას ფესვები მყარად აქვს გადგმული პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სადაც 1990-იან წლებში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესმა, ბევრ შემთხვევაში, შესაძლებლობა მისცა ბიუროკრატებს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღოთ ამ პროცესიდან. ვლადიმირ პუტინის რუსეთში, მისი მმართველობა მომგებიანი აღმოჩნდა მისი KGB-ს და სანტ-პეტერბურგში მოღვაწეობის პერიოდის მეგობრებისთვის, რომელთა სახელებიც „ოფშორულ“ კომპანიებთან დაკავშირებით იკვეთება. თავად პუტინის სახელი არ ფიგურირებს, თუმცა ეს მსგავსი ტიპის არალეგალური ფინანსური სისტემისთვის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია და სავარაუდოდ ამ ქონების კვალი კრემლამდე მიდის.
“თუ შენ ხართ კორუმპირებული თანამდებობის პირი, პროვინციულ რუსეთში თუ პროვინციულ ყაზახეთში ან ბოლივიაში და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოიპარე, ან მტაცებელი ხართ და კერძო კომპანია გაანადგურეთ, ახლა თქვენ ეს ჭუჭყიანი, შავი ფული გაქვთ, როგორ მოახერხებთ მის შენარჩუნებას? თქვენ მას ოფშორში განათავსებთ, შემდეგ ეს ფული დაფარული ხდება, და შეგიძლიათ დასავლეთში გაათეთროთ, მაგალითად უძრავი ქონების შეძენით“, - ამბობს ჯუდა.
გლობალიზაცია და მისი უკმაყოფილებანი
გლობალიზაციას, რომელიც ბევრის მოლოდინით, მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას შეუწყობდა ხელს, საშუალო კლასს გამდიდრებაში დაეხმარებოდა და ავტორიტარულ რეჟიმებს დაამხობდა, სარგებელთან ერთად სხვა თანამდევი ეფექტებიც ახლავს.
დღეს, საუბრობენ იმაზე, რომ გლობალიზაციას უკმაყოფილება მოჰყვა, მან ვერ შეაღწია საშუალო კლასის ოჯახებში. ამასთან, "საერთაშორისო გამჭირვალობის" მიხედვით დემოკრატიული ქვეყნების რაოდენობა მსოფლიოში უკანასკნელი დეკადის განმავლობაში იკლებს.
ამ პროცესმა კლეპტოკრატებისთვის პოზიტიური როლი ითამაშა. გლობალურ ეპოქაში, ავტოკრატიულმა რეჟიმებმა და კლეპტოკრატებმა მიაგნეს დინამიურ გზებს, რომლითაც მათ შეუძლიათ რესურსები მოიპოვონ, გაანაღდონ, დასავლეთში მომხრეები იპოვონ და შედეგად ხელი შეუშალონ თავიანთ ქვეყანაში ცვლილებებს.
ვაშინგტონიდან ბრიუსელამდე, ავტოკრატიული მთავრობები მილიონობით დოლარს ხარჯავენ მხარდაჭერის მოპოვებასა და მოკავშირეების შეძენაში. მაგალითად, რუსეთი ბევრ ორგანიზაციას და ადამიანს აფინანსებს, რათა ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურონ, ამავე მეთოდს მიმართავს აზერბაიჯანი, ყატარი და სხვა ქვეყნები. ხშირ შემთხვევაში, ეს თანხები ადრესატამდე დახურული კომპანიების საშუალებით აღწევს, რომლის რეალური მფლობელის მიგნება თითქმის შეუძლებელია.
„კლეპტოკრატიის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ როდესაც ქვეყანას კრიმინალები ეპატრონებიან და ისინი მთელს სისტემაზე ავრცელებენ კონტროლს, მათ აქვთ შეუზღუდავი შესაძლებლობა მოიპარონ რამდენიც სურთ“, - ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი და ავტორი ოლივერ ბულოუ ამერიკის ხმასთან საუბარში.
კლეპტოკრატიის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ როდესაც ქვეყანას კრიმინალები ეპატრონებიან და ისინი მთელს სისტემაზე ავრცელებენ კონტროლს, მათ აქვთ შეუზღუდავი შესაძლებლობა მოიპარონ რამდენიც სურთოლივერ ბულოუ
ბულოუ, ჰადსონის ინსტიტუტთან ერთად, პროგრამას ხელმძღვანელობდა, რომელიც ლონდონში ჩამსვლელებს „კლეპტოკრატიის ტურს“ სთავაზობდა. ტურზე მსურველებს იმ სახლებს აჩვენებდნენ, რომლებიც საეჭვო წარმომავლობის ფულით უცხოელებმა შეიძინეს. ამ ადამიანებს შორის არიან დიმიტრო ფირტაში, უკრაინელი ბიზნესმენი, ასევე პუტინის ძველი მეგობარი და რკინიგზის ყოფილი უფროსი ვლადიმირ იაკუნინი, რომლის სახლიც 23 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.
შერლოკ ჰოლმსის ისტორიების მოყვარულებს, ირონიულად მოეჩვენებათ თუ გეტყვით, რომ 221ბ ბეიკერ სთრითის ლიტერატურული მისამართი და მის გარშემო არსებული საკუთრება ყაზახეთის საიდუმლო სამსახურის ყოფილ უფროსს უკავშირდება. მსგავსი შემთხვევების ჩამონათვალი გრძელია. წამყვან დედაქალაქებში უძრავი ქონების შეძენა ნიგერიელების, ეგვიპტელების, აზერბაიჯანელების და სხვა მრავალი ქვეყნის წარმომადგენელთათვის ფულის გათეთრების ერთ-ერთი გზაა. ეს მხოლოდ ერთი მეთოდია. ამავე სქემის გამეორე ფეხბურთის გუნდის ყიდვთ თუ სხვა სახის ინვესტიციითაც ხერხდება.
„მაგალითად ქვეყანაში, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ რუსეთი, თუ ვინმე ძალიან ბევრ ფულს მოიპარავს და ის კავშირშია მთავრობასთან, მას შეეძლება შემდეგ ამ ფულს დააბანდება ვთქვათ „ბევერლი ჰილზე“ უზარმაზარი სახლის შეძენით. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა კანონდამცველებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს ქონება უკანონო მეთოდებით არის შეძენილი, მათ ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ვინაიდან რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ამ ადამიანს ვერ დასჯიან, და პრობლემაც ამაში მდგომარეობს," - ამბობს ბულოუ.
კლეპტოკრატიის წინააღმდეგ
თანამედროვე ავტორიტარული სახელმწიფოების უმრავლესობა კლეპტოკრატიულია, მათი მიზანი შემდეგია: მოიპარო იმ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობა არ არის დაცული და შემდეგ მოახერხო მისი უსაფრთხოდ შენახვა ისეთ ქვეყნებში, სადაც კანონს იცავენ და შესაბამისად, დაიცავენ შენს კერძო საკუთრებას. შემდეგი ეტაპი, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი ოჯახის დასავლეთში გადასახლებაა -- შორს საკუთარი ქვეყნის არასტაბილურობიდან და ახლოს მანჰეტენის მაღაზიებთან.
ხშირად, კლეპტოკრატიული რეჟიმის წარმომადგენლები მოსკოვიდან პეკინამდე, ცდილობენ საკუთარ იმიჯზე მუშაობას, იმის დამტკიცებას, რომ მათ შეუძლიათ სტაბილურობის შექმნა თავიანთ ქვეყანაში, ტერორიზმის საფრთხის შეკავება ან უბრალოდ სურთ ფილანტროპიით დაკავდნენ დასავლეთში. ამ სამივე ეტაპზე, როგორც ამას ბენ ჯუდა აღწერს, მათ დასავლელი ბანკირები, იურისტები და ფინანსისტები ეხმარებიან.
გასულ წელს გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა, რომელიც „პანამის დოკუმენტების“ სახელით გახდა ცნობილი, საერთაშორისო კორუფციის უპრეცენდენტო სურათი წარმოაჩინა. ეს დოკუმენტაცია პანამაში არსებული ერთი „ოფშორული“ კომპანიის საბუთებს მოიცავდა და მასში მსოფლიოს ათობით ქვეყნიდან არაერთი პოლიტიკოსი, ლიდერი, პრეზიდენტები და მინისტრები ამხილეს ფულის გათეთრებაში ან გადასახადებისგან თავის არიდებაში. საქართველოდან, პანამის დოკუმენტებში 72 ადამიანი იყო მოხსენიებული, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პანამაში დარეგისტრირებული კომპანიის „ლინდენ მენეჯმენტის” ბენეფიციარია, თუმცა მას მის საჯარო დეკლარაციებში ვერ იპოვით.
ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც კლეპტოკრატიის კლასიკურ მაგალითად ხშირად განიხილება - უკრაინაა. უკრაინამ 2004-2013 წლებში 116 მილიარდი დოლარი დაკარგა უკანონო ფინანსურ ტრანზაქციებში („გლობალური ფინანსური გამჭირვალობის“ კვლევის მიხედვით). ოლივერ ბულოუ ამბობს, რომ თუ „1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებისას, უკრაინის ეკონომიკის ზომა ახლოს იყო პოლონეთთან, დღეს უკრაინა პოლონეთს სამჯერ ჩამორჩება და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიდი რაოდენობით მოპარული ფული და კორუფციაა, რომელიც განვითარებას აფერხებს.“ მისი თქმით, საქართველომ ამ მხრივ პროგრესს მიაღწია და ამაზე უმრავლესობა თანხმდება.
„საქართველომ პროგრესი განიცადა [კორუფციის აღმოფხვრის კუთხით]. დღეს, მისი დაჯგუფება რუმინეთის და ბულგარეთის გასწვრივ შეიძლება, თუ შევადარებთ იმ კატასტროფულ სიტუაციას, რომელშიც [თბილისი] იმყოფებოდა“, - ამბობს ის.
საქართველომ პროგრესი განიცადა [კორუფციის აღმოფხვრის კუთხით]. დღეს, მისი დაჯგუფება რუმინეთის და ბულგარეთის გასწვრივ შეიძლება, თუ შევადარებთ იმ კატასტროფულ სიტუაციას, რომელშიც [თბილისი] იმყოფებოდაოლივერ ბულოუ
მსოფლიოს გარშემო კლეპტოკრატების მიერ ფულის გათეთრების ეს მეთოდები ამერიკის საგარეო პოლიტიკას აზარალებს და ძირს უთხრის დემოკრატიულ სისტემებს დასავლეთსა და განვითარებად ქვეყნებში. ხშირად, ამგვარი არაკანონიერი ფულით ფინანსდებიან ტერორისტული ორგანიზაციები, კრიმინალური დაჯგუფებები და პროპაგანდისტული საშუალებები მთელს მსოფლიოში.
აქტივისტები დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებენ, რომ მიიღონ ზომები რათა მოხდეს კომპანიის მეპატრონეების ვინაობის გასაჯაროვება, ოფშორული ზონების აქტივობის შეზღუდვა და გამოაშკარავდეს კლეპტოკრატი ლიდერები და ბიუროკრატები.
„ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, რომ ამ კუთხით რუსეთი ან ჩინეთი გადადგამენ ნაბიჯებს, ვინაიდან მათ ეს აწყობთ და ეს სისტემა აკმაყოფილებთ. ჩვენ ამას დასავლეთში უნდა ვებრძოლოთ და პირველ რიგში, მთავარ ფინანსურ ცენტრებში, აშშ-ში დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში“, - ამბობს ოლივერ ბულოუ.