წარმომადგენელთა პალატამ იარაღის კონტროლის კანონპროექტი მიიღო

წარმომადგენელთა პალატამ, იარაღის კონტროლის შესახებ კანონპროექტი შემოიღო. ეს საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის პასუხია ამერიკაში ბოლო დროს გახშირებულ მასობრივ მკვლელობებზე. ახალი კანონპროექტის მიხედვით უნდა გაიზარდოს მინიმალური ასაკი, რომლის მიღწევისასაც პირს იარაღის შეძენა შეეძლება.

კანონპროექტი 223 ხმით, 204-ის წინააღმდეგ მიიღეს. მას თითქმის არ აქვს შანსი გახდეს კანონი. კანონად ქცევისთვის, საჭიროა, რომ ამ პროექტს მხარი ჯერ სენატმა დაუჭიროს, შემდეგ კი ხელმოსაწერად ის პრეზიდენტს გადაეცეს. სენატი კი ამას, დიდი ალბათობით, არ იზამს, ვინაიდან ზედა პალატა აგრძელებს მოლაპარაკებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების გაუმჯობესებაზე, სკოლის უსაფრთხოების გაძლიერებაზე და წარსულის შემოწმების გაძლიერებაზე.

ასევე ნახეთ: რუსეთი წარმატებებს აცხადებს, ზელენსკი ამბობს, რომ დონბასის გმირული დაცვა გრძელდება

თუმცა, წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი დემოკრატ კანონმდებლებს საშუალებას მისცემს, ნოემბერში, შუალედური არჩევნებისთვის მოემზადონ და ამომრჩეველს ნათლად დაანახონ, თუ რა არის მათი პრიორიტეტი.

"ჩვენ არ შეგვიძლია გადავარჩინოთ ყველა სიცოცხლე, მაგრამ, ღმერთო ჩემო, არ უნდა ვცადოთ? ამერიკა, გვესმის თქვენი და დღეს პალატაში ვმოქმედებთ ისე, როგორც თქვენ ითხოვთ", - თქვა წარმომადგენელმა ვერონიკა ესკობარმა, დემოკრატმა კანონმდებელმა ტეხასის შტატიდან.