ამერიკელმა კონგრესმენმა დემოკრატიული პარტიიდან, ადამ სმიტმა (ვაშინგტონის შტატიდან) ამერიკის კონგრესში კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიზანი მოკავშირეების ერთიანობის შენარჩუნებაა რუსული აგრესიის პირისპირ. კონგრესმენს სურს, წარმომადგენელთა პალატა უფრო აქტიურად ჩაერთოს ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საპასუხო ქმედებების შემუშავებაში. მისი თქმით საჭიროა ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება.
„პირველ რიგში კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს რუსული აგრესიის შეკავების თაობაზე სტრატეგიის შემუშავების ინიციატივას. წარმომადგენელთა პალატა უფრო მეტს ორჭოფობს ამ გზით წასვლაზე, ვიდრე სენატი. მაკკეინი, გრამი და სხვები იქ ბევრს საუბრობენ ამაზე... მე ვფიქრობ ამ თემაზე ორმხრივი მხარდაჭერა გვაქვს და როგორც ვთქვი, აღნიშნულს მხარს უჭერენ ასევე ტრამპის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირები“, - განაცხადა მან ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტში (AEI).
კანონპროექტში საუბარია რუსულ აგრესიაზე აღმოსავლეთ ევროპაში, საინფორმაციო პროპაგანდაზე და ჰიბრიდულ ომზე.
“ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ადმინისტრაციისგან სტრატეგიის შემუშავების მოთხოვნა. ამასთან ითვალისწინებ ისეთ საკითხებს, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის წარმომადგენლობის გაზრდა, რუსეთის ქმედებების შეკავების მიზნით. შემდეგ, ის შეეხება კიბერ-უსაფრთხოებას და რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით. შემდეგ საუბრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საინფორმაციო სტრატეგია“, - აღნიშნა სმიტმა.
კანონპროექტი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფაზე საუბრობს და 2008 წლის ომზე საუბრობს.
“რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აგრესიას მის პერიფერიაში. 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოში კონფლიქტი წამოიწყო. ასევე მოახდინა ყირიმის უკანონო ოკუპაცია და ანექსია. ასევე. რუსეთის ფედერაცია უძღვება რუსულ და სეპარატისტულ ნაწილებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან კონფლიქტს აღვივებს და აგრძელებს“, - ნათქვამია კანონპროექტში.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებთ „ქმედებების გაძლიერებას რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელის ამერიკის და მოკავშირეები ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული“. კანონპროექტი ამისთვის, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის დაფინანსებას და ასევე ევროკომისიის მიერ შექმნილ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობა ითვალისწინებს. ამასთან ის საუბრობს ისეთი ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდაზე, როგორიცაა ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება. დღეს სენატის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოსკოვს დამატებითი სანქციები დაუწესონ და გაართულონ პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის, მათი გაუქმების პროცესი. სენატში იმედოვნებენ, რომ მათ ორპარტიული მხარდაჭერა ექნება, სანქციების გაზრდა რუსეთის მავნე კიბერ-აქტივობის და ასადის რეჟიმის დახმარების გამო იგეგმება. აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს კონგრესისთვის გადახედვის უფლების მინიჭებას, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება გადაწყვეტს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს სენატში სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ დამატებითი სანქციების „მოლაპარაკებების არხების დახურვას“ გამოიწვევს. მან სენატს „მოქნილობისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია მსგავსი ნაბიჯების გადადგმას მაშინ გეგმავს, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს.