ჰონგ-კონგში ე.წ. ქოლგების აქციის ორგანიზატორებს გაასამართლებენ

ჰონგ-კონგის მასობრივი აქცია ქოლგებით, 9 ოქტომბერი, 2014 წ.

მომავალ ორშაბათს ჰონგ-კონგში გაასამართლებენ "ქოლგების მოძრაობად" ცნობილი, 2014 წლის მასობრივი საპროტესტო აქციის 3 მთავარ ორგანიზატორს. პროკურორები მათთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ.

ბენი ტაის, ჩენ კინმენს და ჩუ იუს ბრალი შეთქმულებაში ედებათ, რომლის მიზანი არეულობის გამოწვევა იყო. მსგავსი დანაშაულისთვის ჰონგ-კონგში 7-წლიანი პატიმრობაა განსაზღვრული.

სამეულმა ე.წ. ქოლგების მოძრაობა 2013 წელს დაიწყო სახელით "დაიკავე ცენტრი სიყვარულით და მშვიდობით". მოძრაობა ნიუ-იორკში მიმდინარე "დაიკავე უოლ-სტრიტის" მსგავსად მიმდინარეობდა. დემონსტრანტები ჩინეთის ხელისუფლების მიერ საარჩევნო კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ.

პეკინის დაპირების მიხედვით, 2017 წლამდე ჰონგ კონგის მმართველი ღია არჩევნების წესით უნდა აერჩიათ, თუმცა 2013 წელს გადაწყდა, რომ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მხოლოდ სამთავრობო კომიტეტის მიერ დამტკიცებული სიიდან შეეძლო. ძლიერი მზის და სიცხის გამო აქციის მონაწილეებს ქოლგები ეჭირათ, რაც მოგვიანებით მათი მასობრივი გამოსვლების სიმბოლოდ გადაიქცა.