სასწავლო წლის დაწყების პირველი დღე ჰონგ-კონგში მოსწავლეების საპროტესტო აქციით აღინიშნა. დღეს, მაღალი კლასის მოსწავლეები პროდემოკრატიული აქციების მხარდასაჭერად, პარკში, გაფიცვაზე გავიდნენ.
დემონსტრაციები ჰონგ-კონგში კვირასაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ გზებზე ბარიკადები ააშენეს და მთავარი მისასვლელები გადაკეტეს. აეროპორტის მმართველებს რამდენიმე ფრენის გადადება მოუწიათ.
როგორც წინა თვეში, პოლიციამ ამ უქმეებზეც სცადა დემონსტრაციების დაშლა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მათ აგურები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ერთ მომენტში ნამდვილი იარაღის ხმაც ისმოდა, თუმცა დაჭრილების, ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შაბათს საღამოს პოლიციამ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავა.