წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჟამინდელი, მმართველი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო თემა „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ ბრძოლაა. „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ესაა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ხელისუფლება, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ჰომოფობიაზე აგებული წინასაარჩევნო კამპანია მეტ ხმას მოუტანს არჩევნებზე.
მესამე მოსმენით კანონი პარლამენტში 17 სექტემბერს გავიდა, ერთი დღის შემდეგ კი სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურაში დასაქმებულმა მოქალაქემ ტრანსგენდერი ქალი, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
საქართველოში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ორი ფაქტი, შესაძლოა, პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ იყოს ერთმანეთთან, რადგან, სავარაუდოდ, მკვლელი ანტი ლგბტ კანონის მიღებას არ ელოდებოდა მკვლელობის ჩასადენად, თუმცა ზოგად სურათში, მათ შორის ლოკიგური კავშირი იკვეთება. იკვეთება იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსფობიური და ანტილიბერალური ფონის შექმნითა და წახალისებით, ხელისუფლება მწვანე შუქს ანთებს აგრესიული და არაადამიანური ქმედებებისთვის.
Your browser doesn’t support HTML5
მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა სპიკერმა 2 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიისთვის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ორიდან ერთი საკვანძო საკითხია. მისი თქმით, უკვირს, რომ ოპოზიცია ამ თემას წინასაარჩევნოდ არ იყენებს, რადგან ეს საზოგადოებაში კარგად მუშაობს, არჩევნებზე ხმების მისაღებად. მდინარაძე ოპოზიციის მიერ ლგბტ თემის გამოუყენებლობას იმით ხსნის, რომ ამას „მათი პატრონები უკრძალავენ“.
„ოცნება“ რომ წინასაარჩევნოდ უმცირესობების წინააღმდეგ კამპანიას მასობრივად იყენებს, კარგად გამოიკვეთა პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების შეხვედრაზე კასპში, სადაც გორისა და კასპის მერებმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კასპელებს წარუდგინეს დაპირება იმის თაობაზე, რომ „კასპში გეი წყვილების ქორწინებას არ დაუშვებენ“. მართალია, კამპანიის ეს ნაწილი, შემდგომ, კომიკური ვიდეოების სახით გავრცელდა საზოგადოებაში და იუმორისტული ელფერი შეიძინა, თუმცა ის მაინც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი ლგბტ თემის, როგორც მტრის ხატის ჯერ აქტუალიზებას საზოგადოებაში, შემდეგ კი მის წინააღმდეგ ბრძოლას.
Your browser doesn’t support HTML5
37 წლის კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში ყოფილმა პარტნიორმა სასტიკად მოკლა - ცივი იარაღით 28 ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ბექა ჯაიანი დააკავა, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია. 26 წლის ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. მას გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის გამო 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროპაგანდა ლგბტ პირებს ამრავლებს.
Your browser doesn’t support HTML5
„გამოწვევები ძალიან სერიოზულია, თქვენ ხედავთ რამდენად სწრაფი ტემპით აფართოებს არეალს ლგბტ პროპაგანდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ადრე ამტკიცებდნენ, რომ ამ პროპაგანდას ვერ ექნებოდა ვერავითარი გავლენა ადამიანების ცხოვრების წესზე, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეს ამტკიცებს. პროპაგანდის შემდეგ და კვალდაკვალ, 20 პროცენტს გადააჭარბა ლგბტ პირების რაოდენობამ შესაბამის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი და არავის საქმე არ არის პირადი ცხოვრება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს უმკაცრესად დაცული, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, ვფიქრობთ, რომ ამ პროპაგანდის უკან დგას ძალიან მანკიერი პოლიტიკური მიზნები. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ პროპაგანდის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს დემოგრაფიას, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, არის, უბრალოდ, აუცილებელი, საკონსტიტუციო დონეზეც“,- ამბობს პრემიერი კობახიძე.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, უფლებადამცველი, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ ფემიციდი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნიშნულზე იყო საქართველოში. როდესაც სახელმწიფო ცდილობდა მის პრევენციას და ჩართული იყო ქალების წინააღმდეგ ძალადობის შესამცირებლად, ყოველთვის კლებულობდა ფემიციდის რაოდენობა. ახლა კი სურათი განსხვავებული და დამძიმებულია, რადგან. „ქართული ოცნებისთვის“ თანასწორობა აღარაა ღირებულება.
„ჩვენ პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ, სადაც კაცებს ჰგონიათ, რომ უფლება აქვთ საკუთარ ქალებს მოექცნენ ნივთებივით და თუ რამე არ მოეწონებათ, ისინი სიკვდილითაც დასაჯონ. კესარიას შემთხვევა კლასიკური ფემიციდია. მართალია, ჩვენ ამ შემთხვევაში ტრანს ქალზე ვსაუბრობთ, თუმცა ის მოკლეს ზუსტად ისე, როგორც კლავენ საქართველოში ქალებს. მოკლა ყოფილმა პარტნიორმა, რომელიც ხანგრძლივად ძალადობდა მასზე.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“, რომელიც იღებდა კვოტებს და ჰქონდა ძალიან სერიოზული პროგრამები ქალების დასახმარებლად, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში არათუ აღარაფერს აღარ აკეთებს, არამედ აფუჭებს საქმეს და საკუთარ, მიღწეულ შედეგებსაც თმობს,“- გვეუბნება ბაია პატარაია.
უფებადამცველი იხსენებს, როგორ გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ სავალდებულო კვოტები და დანერგა საშინელი თავდასხმების პრაქტიკა პოლიტიკოს ქალებზე. მათ შორის, ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროვების ფაქტებს პირდაპირი ეთერების წინ და საპარლამენტო ტრიბუნების გამოყენებით. „ეს, ზოგად ფონს, მნიშვნელოვნად აუარესებს. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ პარლამენტში მიმდინარე ამბები არ გადაითარგმნება საზოგადოებაში. საზოგადოება თუ ხვდება, რომ ქალის პატივისცემისა და სათანადო მოპყრობის მაგალითს არ იძლევიან, მოძალადეები უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს,“- ამბობს პატარაია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ სიძულვილის ენით გამოირჩევა არა მარტო უმცირესობების, ან ტრანსი თემის მიმართ, არამედ ქალების მიმართ, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ. „აღარაფერს ვამბობ, როგორ გადაგვიწყვიტა, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა გაგვიუქმოს. ასეთი რამ, სიტყვითაც კი არავის უთქვამს საქართველოს ისტორიაში. ასეთი აგრესია იწვევს მოძალადეების პირდაპირ წახალისებას. შევხედოთ რუსეთს, იქ საერთოდ გააუქმეს ოჯახში ძალადობის კანონმდებლობა. დანაშაულადაც აღარ ითვლება ცოლისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ფიზიკური ძალადობა... ჩვენ თუ ვდგებით რუსეთის გზაზე, მაშინ აიხსნება ის რეგრესი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მაგრამ ქართველ ხალხს ეს არ აურჩევია და ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას თავის დასავლური არჩევანი არჩევანზე,“- მიიჩნევს პატარაია.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ფემიციდის 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.
2022 წლის ანგარიშში კი ნათქვამია: წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების შემთხვევების კლების ტენდენცია კვლავ არ შეინიშნება. სამწუხაროდ, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს გაზრდილია ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის შემთხვევები. კერძოდ, 2022 წელს 25 ქალის მკვლელობისა და 37 ქალის მკვლელობის მცდელობის შემთხვევა გამოვლინდა.”
„ის, რომ შსს-ს ორ თანამშრომელს ფინანსური სანქციები დაუწესა ამერიკამ ხალხზე ძალადობის გამო, ფაქტია. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს აქვთ მძლავრი განცდა, რომ მათ ხელს ვერავინ ახლებს. კესარია აბრამიძის მკვლელიც, როგორც აღმოჩნდა, იყო ის დაქირავებული „ტიტუშკა“, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა აქტივისტებისა და აქციების დასარბევად. ნახეთ, რამხელა კავშირია ამ ყველაფერს შორის. ადამიანს რომელსაც წაახალისებ, აცემინებ სხვა ადამიანებს, შეპირდები დაუსჯელობას, ის, შემდეგ იმდენად ხელშეუხებლად იგრძნობს თავს, რომ კიდევ უფრო სასტიკ დანაშაულს ჩაიდენს. სწორედ ესაა დაუსჯელობის სინდრომი, რასაც თესავს „ქართული ოცნება“, რის შედეგადაც ჩვენ ასეთ სასტიკ დანაშაულებს ვხედავთ,“- ამბობს ბაია პატარაია.
კესარია აბრამიძის ოჯახსა და ახლობლებს სურვილი ჰქონდათ, ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, მიცვალებულისთვის ეკლესიას წესი აეგო, თუმცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, ტრანსგენდერი ქალისთვის წესის აგებაზე უარი განაცხადა.
წლების განმავლობაში, საქართველოში, სექსუალური უმცირესობების მიმართ აგრესია არ კლებულობს. კესარია აბრამიძე მეოთხე ტრანსგენდერი ქალია, ვინც მოკლეს. 2024 წელს ანალოგიური სისასტიკე განიცადა საბა ბერიანმა. ის 23 წლის იყო, როდესაც საკუთარ სახლში მოკლეს და დაწვეს. 2015 წელს ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა გარდაცვლილი იპოვეს. 2016 წელს ზიზი შეყილაძის სასტიკი მკვლელობის თაობაზე შეიტყო საზოგადოებამ. მათი სურვილის წინააღმდეგ, ყველა მათგანი კაცის ტანსაცმელით დაკრძალეს.
ადამიანის უფლებების დამცველების თქმით, ჰომოფობიური კანონების მიღებით, საქართველო კიდევ უფრო დაშორდება დასავლურ კურსს და სულ უფრო დაემსგავსება რუსეთს.