არავის ავიწყდება ამბავი, რომელმაც მილიონობით ადამიანის გულისცემა შეწყვიტა, ზოგის ცხოვრება კი სამუდამოდ შეცვალა და წარსული კოშმარულ მოგონებად აქცია. ნაცისტურმა გერმანიამ 1941-1945 წლებში, 6 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ პერიოდში სასტიკად მოკლეს ებრაელები, ბოშები, ჰომოსექსუალები და სხვა ის ადამიანები თუ ჯგუფები, რომლებიც უმცირესობებს წარმოადგენდნენ. ნაცისტები ყველაზე მეტად დაუნდობლები ებრაელი ერის მიმათ იყვნენ.
დღეს ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეა. ეს არის დღე, რომელიც ნათელი მაგალითია იმის, თუ რა შედეგი შეიძლება მიიღოს კაცობრიობამ თუ სიძულვილი და სხვადასხვა ნიშნით ადამიანების დევნა არ შეწყდება.
ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს ყოველთვის ბევრი ემოცია ახლავს თან. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ე.წ. ჯოჯოხეთის კარიბჭეს, აუშვიცის ან სხვა საკონცენტრაციო ბანაკს თავი დააღწიეს. ეს ადამიანები ფიზიკურად გადარჩნენ, თუმცა ცხოვრობენ მძიმე მოგონებებით, წარსულით, რომელიც როგორც თავად ამბობენ, მოსვენებას ძილშიც არ აძლევს. 2020 წლის მონაცემებით, ჰოლოკოსტს გადარჩენილი, დაახლოებით, 200 ადამიანი დღემდე ცოცხალია.
ასევე ნახეთ: "ჯოჯოხეთის კარიბჭე" - აუშვიცის გათავისუფლების 75 წელიაუშვიცის ბანაკის გათავისუფლებიდან 76 წელი გავიდა, თუმცა დრომ ტკივილი ვერ გაანელა. სიტყვა „ჰოლოკოსტი“ ძველი ბერძნული სიტყვაა და სრულად დაწვას ნიშნავს. წლებია მსოფლიოში ამ სიტყვას მსხვერპლთა გასახსენებლად იყენებენ. 2005 წლის შემდეგ ყოველი წლის 27 იანვარს მსოფლიო მასშტაბით ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება იმართება ეწყობა, თუმცა წელს პანდემიის გამო, ათობით ღონისძიება გაუქმდა, ნაწილი კი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
"პატივს მივაგებთ მილიონობით ადამიანის ხსოვნაც, რომლებიც ნაცისტებმა და მათმა მოკავშირეებმა, სასტიკად, ჰოლოკოსტის დროს მოკლეს. ეს იყო სისტემური ქმედება," - ასე დაიწყო ვიდეომიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა. გუტერეში ამბობს, რომ გაერო განაგრძობს ბრძოლას ანტისემიტიზმთან და ქსენოფობიასთან. მას მიაჩნია, რომ ჰოლოკოსტი ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარე დისკრიმინაციული თავდასხმების, დევნისა და პერიოდულად ებრაელების მასობრივი მკვლელობების კულმინაცია იყო.
"ანტისემიტიზმი უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ეს იდეა დღემდე ცოცხლობს და აქტიურია სხვდასხვა საზოგადოებაში. ეს ადამიანები ცდილობენ შეცვალონ ჰოლოკოსტის ისტორია. კოვიდ-19-ის პანდემიამ მათ კიდევ ერთხელ მისცა საშუალება მოახდინონ თავდასხმა სხვადასხვა უმცირესობებზე. ისინი მიზანმიმართულად ესხმიან თავს რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს, ადამიანებს საიმიგრაციო სტატუსის მიხედვით. ეს დაუშვებელია. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ შევაჩეროთ ისინი. ეს წელი უნდა იყოს განკურნების წელი, პანდემიისგან და დაყოფილობისგან, რომელმაც ძალიან ადვილად გაიდგა ფესვები ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ გვახსოვს ჰოლოკოსტის დროს დაღუპულები და პატივს მივაგებთ გადარჩენილებს. ჩვენი ტვირთი კი არის ის, რომ შევქმნათ თანასწორობის, სამართლიანობისა და ღირსების სამყარო," - თქვა ვიდეო მიმართაში გუტერეშმა.
სისტემა, რომელმაც მილიონობით ადამიანი სასტიკად აწამა და მოკლა, ადოლფ ჰიტლერმა შექმნა. ის დაფუძნებული იყო ისეთ იდეოლოგიებზე, როგორიც არის სოციალური დარვინიზმი, ელიტიზმი, ტოტალიტარიზმი, რასიზმი, ანტისემიტიზმი. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კვლავ არის შემორჩენილი ნაცისტური პარტიები და მოძრაობები. 2017 წლის მონაცემებით ასეთი ორგანიზაციები გვხვდება უნგრეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში (ჩეჩნეთში), ბელგიაში, ნიდერლანებში, ნორვეგიაში, ლატვიასა და ბელარუსში.
ნაცისტური გერმანიის სისასტიკის მთავარი ცენტრი პოლონეთში მდებარე აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკია - ტერიტორია, სადაც ადამიანები მიჰყავდათ, ნომრავდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. დღეს ამ ტერიტორიაზე მუზეუმია განთავსებული, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ბანაკს, სადაც ადამიანებს წამებით კლავდნენ, მოიხსენიებენ როგორც "ჯოჯოხეთს დედამიწაზე."
ასეც არის. სისასტიკეს გადარჩენილი ადამიანები ამბობენ, რომ წარმოუდგენელია დედამიწაზე ადამიანმა განიცადოს ისეთი ფიზიკური და სულიერი ტკივილი, რომელიც ნაცისტების სისასტიკეს მოჰქონდა ბანაკში.
გადარჩენილები იხსენებენ, რომ ტერიტორიაზე ებრაელები მატარებლებით ჩაყავდათ და ისინი პირდაპირ გადაყავდათ ბანაკის „საბოლოო გამოსასვლელის“ ნაწილში, რომელიც ებრაელი ერის განადგურებას ისახავდა მიზნად.
ბანაკის ტერიტორიაზე შეყვანილ სხვა პატიმრებს რეგისტრაციის გავლა უწევდათ. მათ ხდიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელს, პარსავდნენ წვერს, სჭრიდნენ თმას და ციხის ფორმას აცმევდნენ. იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი ძალიან სუსტი იყო, რეგისტრატორები მას გაზის კამერაში უშვებდნენ, ხოლო ძლიერებს მძიმე სამუშაოს კეთებას აიძულებდნენ.
აუშვიცის ბანაკის გათავისუფლებიდან, მსოფლიოს 60 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ დაეგმო ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის სრული ან ნაწილობრივი უარყოფა. დღემდე არსებობენ ჯგუფები, მათ შორის, ქვეყნებიც, რომლებიც ჰოლოკოსტს, როგორც ისტორიულ მოვლენას უარყოფენ.
2005 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ასევე განისაზღვრა, რომ ყოველი წლის 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღე აღინიშნებოდა.