ამერიკის გენერალური პროკურორი ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირების მიზნით, ნარკო-დამნაშავეების მიმართ სასჯელის შემსუბუქების იდეით გამოდის
Your browser doesn’t support HTML5
შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა ფედერალური ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელიც ნარკო-დანაშაულებების ჩადენისთვის მსჯავრდებული დამნაშავეების სასჯელის მოხდას უკავშირდება. ცვლილებების მიზანი პატიმრებით გადავსებულ ციხეებში სიტუაციის განტვირთვაა. ვაშინგტონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მალონი მოგვითხრობს.
შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა სან ფრანცისკოში
გამართულ ამერიკის იურისტთა ასოციაციის შეკრებაზე გამოსვლისას რამდენიმე მოსალოდნელ ცვლილებაზე ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ ამერიკის ძალიან ბევრი მოქალაქე ციხეში პატიმრობის ხანგრძლივი დროით იხდის სასჯელს. მისი ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო დაბალი რანგის ნარკო-დანაშაულებებზე, რომლის დროსაც სასჯელი ხშირად მინიმუმ ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჰოლდერი აცხადებს, რომ ფედერალური ხელისულფება ახლა რამდენიმე შტატის მიერ შემუშავებულ პოლიტიკას მიმართავს, სადაც ნარკო-დამოკიდებულებისგან განკურნებას და საზოგადოებრივი მუშაობის პროგრამების ჩატარებას პატიმრობის ალტერნატივად განიხილავენ, სწორედ იმ კატეგორიის ნარკო-დამნაშავეებთან მიმართებაში, რომლებიც კრიმინალურ დაჯგუფებებთან ან ნარკოკარტელთან დაკავშირებულები არ არიან.
ერიკ ჰოლდერი: ხანგრძლივი პატიმრობა ფედერალური, შტატების ან ადგილობრივ დონეზე არაეფექტურ და არასანდო საშუალებას წარმოადგენს. ის მნიშვნელოვანი ეკონომიკურ ხარჯებს მოითხოვს. მარტო 2010 წელს ამ კატეგორიის პატიმრების შენახვისთვის მთლიანობაში 80 მილიარდი დაიხარჯა. ეს ასევე ადამიანურ და მორალურ ხარჯთანაც არის დაკავშირებული, რისი დათვლაც შეუძლებელია.
სასჯელის ფორმა - პატიმრობა იყო მთავარი სადავო საკითხი 80-იანი წლების დასაწყისში ნარკო-დანაშაულთან ბრძოლის გამოცხადების დროს. თუმცა ჰოლდერი ამბობს, რომ ახლა საპატიმროების ფედერალური სისტემა თავის შესაძლებლობებზე დამატებით 40 % იყენებს, რადგან 1980 წლიდან დღემდე ციხეებში მყოფი პატიმრების რაოდენობა მთელი 800 % გაიზარდა. საპატიმროებში მყოფთა ნახევარზე მეტი ნარკო-დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.
ჰოლდერმა ასევე ქვეყნის მასშტაბით ფედერალურ პროკურორებს მოუწოდა, რომ შეიმუშაონ რეკომენდაციები მსჯავრდებულებთან მიმართებაში და თან რასისტული უთანასწორობის პრობლემაც გაითავლისწინონ. მან მაგალითად მოიყვანა ბოლო ანგარიში, რომლის მიხედვით აფრო-ამერიკული წარმოშობის დამნაშავეების სასჯელი 20%-ით აღემატება იგივე დანაშაულისთვის მისჯილი თეთრკანიანი პატიმრების რაოდენობას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფედერალური ხელისუფლების პოლიტიკა გადაიხედება და გახდება უფრო შემწყნარებლური ხანდაზმული ან ავადმყოფი პატიმრების მიმართ, რომელთაც ძალადობრივი დანაშაული არ აქვთ ჩადენილი და სასჯელის ძირითადი ნაწილი უკვე მოხდილი აქვთ.
ერიკ ჰოლდერი: ეს არის შანსი, რომ ამერიკის სასამართლო სისტემა ყველაზე მთავარ ღირებულებებთან შესაბამისობაში იყოს. ეს არის მათი დაპირება უფრო სამართლიანი საზოგადოების შექმნის მიზნით.
პენიტენციალური სისტემის რეფორმას ბევრი მიესალმება, მათ შორის მოლი გილი, რომელიც ორგანიზაცია „ოჯახები სავალდებულო მინიმუმის წინააღმდეგ“ წარმომადგენელია.
მოლი გილი: სასამართლო გადაწყვეტილებამდე დამნაშავეები ყოველთვის მოელიან, რომ მათ სასჯელს ინდივიდუალურად განიხილავენ. ისინი მოელიან, რომ მათ მოუსმენენ და გაუგებენ. და როდესაც სასჯელი მინიმუმია, არ აქვს მნიშვნელობა როგორია ის, ბევრი ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ ეს არასამართლიანი განაჩენია.
თუმცა, ასეთი ტიპის დამნაშავეებისთვის ციხეებში სასჯელის მოხდის მომხრეები და ნარკ-დანაშაულთან მებრძოლი ორგანიზაციები ჰოლდერის ინიციატივებთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნებით გამოვიდნენ.
ყოფილი გენერალური პროკურორი და ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერისტეტის სამართლის ცენტრის პროფესორის თანაშემწე უილიამ ოტისი ამ თემაზე საუბრობს.
უილიამ ოტისი: მე ვშიშობ, რომ ჰოლდერის ეს განცხადება ინტერპრეტირებული იქნება იმ მხრივ, რომ ფედერალური ხელისუფლება დაიღალა ნარკო-დანაშაულთან ბრძოლაში. თუმცა ეს ბრძოლა უფრო წარმატებული იყო, ვიდრე იქნება ხელისუფლების ის გეგმა, რაზეც ახლა სხვა ადამიანები მათ შორის ჰოლდერიც საუბრობენ.
ჰოდერი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, რომ ამ გზით, შეერთებული შტატების ფედერალურ ციხეებში სასჯელმისჯილთა რაოდენობა შემცირდება. ამ დროისთვის მათი რაოდენობა 219 ათასს შეადგენს. ჰოლდერმა აღნიშნა ისიც, რომ შეერთებულ შტატების მოსახლეობა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 5% ს წარმოადგენს, ციხეებში მყოფ პატიმართა რაოდენობით მსოფლიოს პატიმართა მეოთხედს შეადგენს.