პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ისტორია

ბოლო ორი დღეა მსოფლიოს ყურადღება მძვინვარე ხანძარმა პარიზის ცენტრისკენ მიაპყრო, სადაც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვოდა. შენობა არამარტო მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ტურისტული ცენტრია, სადაც სამუზეუმო ღირებულების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნივთებს უდევს ბინა, არამედ ის მოქმედი კათოლიკური ტაძარიცაა, სადაც კვირაობით წირვა იმართება და სადაც პარიზის ეპარქიის არქიეპისკოპოსი მსახურობს.

ტაძრის (ფრანგულად მას ჰქვია Notre Dame de Paris) მშენებლობა პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სენის კუნძულ სიტეზე, 1163 წელს მეფე ლუი მეშვიდემ დაიწყო. კონსტრუქციის ძირითადი ნაწილის აგება 1196 წელს დაამთავრეს, თუმცა საბოლოო სახით, შუა საუკუნეების გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ მარგალიტად მიჩნეული ტაძრის მშენებლობა, მხოლოდ 1345 წელს დასრულდა.

ამბობენ, რომ ერთხანს მისი დანგრევაც კი იყო გადაწყვეტილი, მაგრამ გადმოცემის თანახმად, ტაძარი განადგურებას ნაპოლეონ ბონაპარტმა გადაარჩინა. სწორედ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში აკურთხეს ის იმპერატორად 1804 წელს.

ტაძარზე საფრანგეთის ისტორიის რამდენიმე ეპოქალური მოვლენაა ასახული. ის მნიშვნელოვნად დააზიანეს და თითქმის უპატრონოდ მიაგდეს საფრანგეთის რევოლუციის დროს, მე-18 საუკუნის 90-იან წლებში. და ეს მაშინ, როცა ამ ისტორიულ ადგილზე საფრანგეთის მეფეებს აკურთხებდნენ.

შემდეგ იყო ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი რომანი “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”, რომელშიც მოქმედება სწორედ ამ ტაძარში ვითარდებოდა. პოპულარულმა წიგნმა, რომელიც რევოლუციიდან თითქმის ნახევარი საუკუნის მერე გამოვიდა, საფრანგეთის ყურადღება ტაძარში შექმნილი სავალალო მდგომარეობისკენ მიაპყრო.

ტაძრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელდა ცნობა, რომ ნაცისტურ გერმანიას ახლად გარემონტებული ტაძრის დანგრევა სურდა. ფრანგებმა საგანგებოდ მოხსნეს მოჭიქული მინის მოზაიკური ვიტრაჟები, რათა ისინი მოსალოდნელი ბარბაროსობისგან დაეცვათ.

ვიტრაჟები თავის ადგილზე მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დააბრუნეს. ტაძარში ბინა მე-17 საუკუნის უნიკალურ ორღანსაც უდევს, რომელიც აქამდე მოქმედი იყო და მასზე არაერთ ცნობილ მუსიკოსს დაუკრავს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი მანამდეც არაერთხელ გაჩნდა. ისტორია ამბობს, რომ მისი პირველი, ხის ვერსიაც გადამწვარია და ჩვენამდე ტაძრის მხოლოდ გვიანდელმა სახემ მოაღწია.

ხანძარი 2019 წელს, ფოტოგალერეა:

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გუშინ და დღეს