რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიურ სკანდალებს მრავალწლიანი ისტორია აქვს. ამერიკიდან რუსი დიპლომატების ყველაზე დიდი რაოდენობის გაძევების შემთხვევა 1986 წელს მოხდა, თუმცა მაშინ ისინი საბჭოთა დიპლომატები იყვნენ. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, მაშინ ამერიკის პრეზინდენტმა რონალდ რეიგანმა ამერიკიდან საბჭოთა კავშირის 880-მდე მოქალაქე გააძევა.
მაშინ სკანდალი გენადი ზახაროვის დაპატიმრებით დაიწყო, რომელსაც ამერიკამ ჯაშუშობაში დასდო ბრალი. საპასუხოდ, მოსკოვში ამერიკელი ჟურნალისტი ნიკოლას დანილოვი დააპატიმრეს, რასაც რეიგანმა რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.
საბჭოთა კავშირმა დანილოვი პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლა, თუმცა საკუთარ მოქალაქეებს ამერიკის საელჩოში მუშაობა კანონის ძალით აუკრძალა. ამის გამო, ამერიკის დიპლომატიურ მისიას რუსეთში 260 ადამიანი ერთ დღეში მოაკლდა.
ამის შემდეგ, ყველაზე გახმაურებული დიპლომატიური სკანდალი 2001 წელს მოხდა. ამერიკამ რობერტ ჰანსენი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა და ამასთან, რუსეთის ოთხ დიპლომატს ქვეყნის დატოვება უბრძანა.
ამის შემდეგ საპირისპირება გაღრმავდა და საბოლოო ჯამში მხარეებმა ერთმანეთის 50 დიპლომატი გააძევეს საკუთარი დედაქალაქებიდან.
9 წლის შემდეგ, 2010 წელს ამერიკაში რამდენიმე რუსი ჯაშუში გამოავლინეს და დააკავეს. მათ შორის სკანდალური ისტორიებით ცნობილი ანა ჩაპმანი იყო, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეობა ქორწინებით მიიღო. ჯაშუშების ჯგუფს მიწისქვეშა სადაზვერვო საქმიანობაში დაედოთ ბრალი. მოგვიანებით ისინი რუსეთში დაპატიმრებულ ოთხ ადამიანში გავცალეს.
ერთ-ერთ მათგანი სერგეი სკრიპალი იყო, რომლის მოწამლვის გამოც ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კონფლიქტი დაიწყო.
მომდევნო 6 წლის განმავლობაში დიპლომატიური სკნადალები თითქოს ჩაწყნარდა. ეს მშვიდი პერიოდი 2016 წელს დამთავრდა, როცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 35 რუსი დიპლომატი გააძევა ამერიკიდან. ამის მიზეზი კი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდება იყო.
ამჯერად მოსკოვმა რეაგირება დააყოვნა და დიპლომატების გაძევებას მხოლოდ 8 თვის შემდეგ, ივლისში უპასუხა. კრემლმა ამერიკის დიპლომატიური კორპუსის 755 ადამიანით შემცირების ბრძანება გასცა. ამის საპასუხოდ ამერიკამ რუსეთის მოქალაქეებზე არა-საემიგრაციო ვიზების გაცემა შეწყვიტა. სექტემბერში კი სან ფრანცისკოში რუსეთის საკონსულო, და ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა დახურა.
ამ დიპლომატიური დაპირისპირების ბოლო ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპის მიერ 60 რუსი დიპლომატის გაძევება და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვა იყო.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობიდან დღემდე იმაზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევა შეერთებული შტატებიდან, ვიდრე ბარაკ ობამამ ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.