ისტორიული გაცვლა - ამერიკელმა პატიმრებმა რუსეთი დატოვეს

შეერთებულმა შტატებმა დღეს, 1 აგვისტოს დაადასტურა რუსეთთან პატიმრების უპრეცედენტო გაცვლის ფაქტი. მათ შორის ორი ამერიკელი ჟურნალისტია, ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა. ასევე საუბარია ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანზე და ვლადიმირ კარა-მურზაზე.

საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ციხეებიდან 16 ადამიანის გათავისუფლება უზრუნველყო. მათ შორის ხუთი უკანონოდ დაკავებული გერმანელი და შვიდი რუსეთის მოქალაქეცაა. მათ სანაცვლოდ, გათავისუფლებულია რვა ადამიანი, რომლებიც შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, პოლონეთში, ნორვეგიასა და სლოვენიაში იყვნენ დაკავებულები.

მსგავსი მასშტაბის პატიმართა გაცვლა მოსკოვს და ვაშინგტონს შორის, ცივი ომის შემდგომ პერიოდში არ მომხდარა. ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ჯეიკ სალივანმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, გაცვლას "ისტორიული" უწოდა. მისი თქმით, "ეს არის მრავალრაუნდიანი მოლაპარაკების კულმინაცია, რომელიც ბევრი თვის განმავლობაში გრძელდებოდა".

ასევე ნახეთ: შედგება თუ არა დასავლეთს და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა?

"სახელმწიფო დეპარტამენტის უამრავი თანამშრომლისა და მთავრობაში მომუშავე ადამიანების არნახული მცდელობების შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეძლო შეთანხმების მიღწევა და მათი თავისუფლების უზრუნველყოფა", - განაცხადა მომხდართან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში.

დღესვე, რუსეთის ციხეებიდან გათავისუფლებულ ამერიკელებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვდება. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც მათთან შეხვედრის მიზნით, ჰიუსტონიდან ვაშინგტონში ბრუნდება. ჰარისი, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატთა კანდიდატია, ჰიუსტონში გარდაცვლილი კონგრესმენის, შეილა ჯექსონ ლისთვის პატივის მისაგებად იმყოფებოდა.

კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ევან გერშკოვიჩისა და პოლ უელანის შეწყალების შესახებ. რაც შეეხება მათ გათავისუფლებას, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსი პატიმრების შინ დაბრუნების მიზნით - იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია "რია-ნოვოსტი".