ამერიკაში დღევანდელ არჩევნებში უპრეცედენტო აქტივობაა. გარდა იმისა, რომ 100 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე მისცა ხმა 3 ნოემბრამდე კენჭისყრის ნაადრევი პროცედურების გამოყენებით, არჩევნების ოფიციალურ დღესაც ამომრჩეველი კორონავირუსის რისკის მიუხედავად, ხმას ყველა შტატში აძლევს.
მიჩიგანში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია ამ არჩევნების საბოლოო შედეგის გადასაწყვეტად, დღეს, დღის 2:30-მდე 12 530 ახალი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. მოქალაქეებს აქვთ უფლება, საარჩევნო სიაში იმავე დღეს დარეგისტრირდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივნის პრეს-სპიკერმა ჯეიკ როლოუმ მიაწოდა.
Your browser doesn’t support HTML5
როლოუ ამბობს, რომ მიჩიგანის რამდენიმე ქალაქში საარჩევნო უბნებთან ადამიანები რიგში იდგნენ იმისთვის, რომ დარეგისტრირებულიყვნენ, ან ძველი რეგისტრაცია განეახლებინათ, თუმცა მთლიანობაში, შტატში კენჭისყრის პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს.
ეს პირველი არჩევნებია, რომელშიც მიჩიგანის მოსახლეობას უფლება აქვს იმავე დღეს გაიაროს რეგისტრაცია. ეს ინიციატივა 2018 წელს დამტკიცდა. წელს, 5 აგვისტოს შემდეგ მიჩიგანში საკმაოდ ბევრი - 360 ათასამდე ახალი ამომრჩეველი დარეგისტრირდა.
მიჩიგანი ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, რომლებიც დონალდ ტრამპმა 2016 წელს მცირე უპირატესობით მოიგო. 4 წლის წინ მან 10 704 ხმით მეტი მიიღო, ვიდრე მისმა დემოკრატმა მეტოქემ - ჰილარი კლინტონმა. მიჩიგანს დემოკრატი გუბერნატორი ჰყავს, რომელსაც დონალდ ტრამპი ხშირად კრიტიკებს კორონავირუსთან დაკავშირებული მკაცრი შემზღუდავი ზომებისთვის და ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვა კიდეც, რომ „4 ნოემბრიდან დემოკრატების მართული მიჩიგანი მალევე გაიხსნება“.
მაღალი აქტივობაა ჯო ბაიდენის მშობლიურ პენსილვანიაშიც. შტატის ზოგიერთი დიდი ქალაქის გარეუბანში, მოქალაქეებს საათობით უწევთ რიგში დგომა. „სი-ენ-ენ“-ის ცნობით, ზოგიერთ უბანთან მოქალაქეები 3-4 საათსაც კი იდგნენ რიგში. ზოგი კი ამბობს, რომ 90 წუთში მოახერხა ხმის მიცემა. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრები ამბობენ, რომ აქტივობა ჩვეულებრივზე ორჯერ მეტია.
Your browser doesn’t support HTML5
ფილადელფიის მნიშვნელოვან გარეუბნებს წელს ორივე კანდიდატი ეწვია. აქ 2016 წელს ჰილარი კლინტონმა სულ მცირედი უპირატესობით მოახერხა გამარჯვება. ასევე, გამოკითხვების თანახმად, გარეუბნებში მცხოვრებ ქალებში, დონალდ ტრამპი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. პენსილვანიაში ახლა ორ კანდიდატს შორის რეიტინგებში განსხვავება ძალიან მცირეა. საარჩევნო კოლეგიაში კი შტატს 20 წარმომადგენელი ჰყავს.
ყურადღების ცენტრში არიან ლათინურ-ამერიკული წარმოშობის მოქალაქეებიც. დემოკრატები აქტიურად ცდილობდნენ ამ ჯგუფის ახალგაზრდების დაინტერესებას. განსაკუთრებით ინტენსიურად მუშაობდნენ ამ მიმარტულებით აქტივისტები არიზონაში. "გარდიანის" ინფორმაციით, შტატში, ისევე როგორც ტეხასში, ფლორიდაში, ნევადაში, პენსილვანიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში, იმ ლათინოამერიკელების 33 %, რომლებმაც ხმა უკვე მისცეს, ის მოქალაქეები არიან, რომლებსაც 2016-ში არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.