ხაბაროვსკში რადიაციის მაღალი დონის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკის ხელისუფლებამ 5 აპრილს განაცხადა, რომ ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში, რადიაციის მაღალი დონის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია, რადგან სპეციალისტები მუშაობენ გამოსხივების წყაროს დადგენაზე.

ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებას ამ დროისთვის არაფერი ემუქრება. საინფორმაციო სააგენტო RBK აცხადებს, რომ ტერიტორიაზე, სადაც რადიაციის მაღალი დონე დაფიქსირდა, ჯართის შემგროვებელი ცენტრია განთავსებული.

ხაბაროვსკის სპეციალიზებული ქარხანა „რადონის“ თანამშრომლები ამ დრომდე რადიაციის წყაროს პოვნას ცდილობენ, რათა ის უსაფრთხო ადგილზე გადაიტანონ და გაანადგურონ.