მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დღეს უკრაინაში რუსეთის ქმედებების შესახებ საქმე გახსნა და უკრაინული მხარის წარმომადგენლებს მოუსმინა. სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას „რაც შეიძლება მალე“ მიიღებს, რათა შეჩერდეს, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში.
ხვალ, 8 მარტს, სასამართლო რუსული მხარის პოზიციების მოსმენას გეგმავს, თუმცა კრემლი სასამართლოს ბოიკოტს უცხადებს და მასში მონაწილეობას არ აპირებს.
უკრაინა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსგან ომის „დაუყონებლივი შეწყვეტის“ შესახებ გადაწყვეტილებას ითხოვს.
უკრაინაში 12-ე დღეა, რაც რუსეთმა შეჭრა განაახლა. რუსული ჯარი უკრაინულ ქალაქებზე საჰაერო იერიშების მიტანას აგრძელებს, იბომბება საცხოვრებელი სახლები და საავადმყოფოები. ამ დრომდე, კრემლი კიევის მისადგომებთან ზრდის სამხედრო მობილიზებას.
გაეროს მონაცემებით, უკრაინა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რაოდენობა უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება.