ჯანდაცვის სპეციალისტები მთავრობებს ვირუსისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებენ

ჩინეთი კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლებას იტყობინება, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები სხვა ქვეყნების მთავრობებს მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, თუკი ვირუსი მათ საზღვრებთანაც დაფიქსირდება.

ჩინეთის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს 406 ახალი შემთხვევა დააფიქსირეს. თითქმის ყველა მათგანი ჰუბეის პროვინციაში, დაავადების აფეთქების ეპიცენტრში. გარდაცვალების 52-ივე შემთხვევაც ამავე პროვინციაში მოხდა. ტერიტორია უკვე რამდენიმე კვირაა ჩაკეტილია იმ მიზნით, რომ დაავადება სხვა პროვინციებსა და დასახლებებშიც არ გავრცელდეს.

ბრიუს აილვარდმა, რომელიც ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიას ხელმძღვანელობს, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის რეგირებამ და ვირუსთან დაკავშირებით მიღებულმა ზომებმა "ამ აფეთქების მიმართულება შეცვალა" და ამით შესაძლოა ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ამ ეტაპზე ვირუსი 30-მდე ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ამ ქვეყნების მთავრობებმა დაავადებულთა სწრაფ იდენტიფიცირებაზე უნდა იზრუნონ, მალევე გამოავლინონ ისინი, ვისთანაც ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ და მათი იზოლაცია მოახდინონ.

მედიკოსების თქმით, აუცილებელია სიფრთხილის ინდივიდუალური ზომების დაცვაც, ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაცვა იმ ადამიანებისგან, ვინც ახველებს ან აცემინებს, ხელებით ნაკლები შეხება საკუთარ თვალებთან, ცხვირთან თუ პირთან. სიცხისა და დაავადების სხვა სიმპტომების შემთხვევაში კი ადამიანებმა სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ.

ჩინეთის გარდა, სხვა ქვეყნებში დაავადების დაახლოებით 2 700 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 40 ადამიანი დაიღუპა.

სამხრეთ კორეაში ოთხშაბათს 1261 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ამერიკული მხარე აცხადებს, რომ სამხრეთ კორეაში მივლენილი ერთ-ერთი ამერიკელი ჯარისკაცის ანალიზები ვირუსზე დადებითია და ის ახლა კარანტინში იმყოფება. შემთხვევების უმეტესობა სამხრეთ კორეაშიც ერთ ზონაშია იზოლირებული, თუმცა ოფიციალური პირები აგრძელებენ იმ ეკლესიის მრევლისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შემოწმებას, რომელებიც დაავადებულთა ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენენ.

დანარჩენი მსოფლიო კი ყურადღებით აკვირდება შემთხვევების რაოდენობის ცვლილებას იტალიასა და ირანში, საიდანაც დაავადება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონს უქმნის საფრთხეს. იტალიაში დაინფიცირების 300-ზე მეტი და 10 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. ირანში ამ ეტაპზე ოფიციალურად 139 დაავადებულია და მათგან 19 გარდაიცვალა.

ალჟირი აცხადებს, რომ იტალიიდან დაბრუნებული ზრდასრული მოქალაქის ანალიზები ვირუსზე დადებითია. ეს ეგვიპტის შემდეგ, აფრიკის კონტინენტზე ვირუსის გამოვლენის მეორე შემთხვევაა. ოთხშაბათს სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროდანაც. ქვეყანაში მეორედ ჩაუტარეს ანალიზები ადამიანს, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. თუ მას ვირუსი დაუდასტურდა, ეს სამხრეთ ამერიკაში პირველი შემთხვევა იქნება.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით კი ვირუსის გავრცელება მხოლოდ დროის საკითხია და არ უნდა ისმოდეს კითხვა, დაავადდება თუ არა ვინმე შეერთებულ შტატებშიც, რადგან ცენტრის ცნობით ეს მოხდება. თუმცა ცენტრისავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაავადების გავრცელების მახასიათებლები ცნობილია და ის ჩინეთს გარეთაც მხოლოდ იმ ადამიანებს აღენიშნებათ, ვინც იქიდან გამოემგზავრა ან ვისაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდა.

ჯანდაცვის სპეციალისტების ცნობით, ვირუსი დაავადებულთა დაახლოებით 2 %-ისთვის ფატალურად სრულდება. ეს რიცხვი ჩვეულებრივი გრიპის ვირუსისთვის 0.1 %-ია.