ჰარისი და ბლინკენი აბუ დაბიში სამძიმრით ჩავიდნენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აბუ დაბიში უერთდება იქ მყოფ მაღალი რანგის სხვა დელეგაციას, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ხელმძღვანელობს, რათა სამძიმარი გამოუცხადოს გაერთიანებული არაბული საემიროების პარასკევს გარდაცვლილი პრეზიდენტის, შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ოჯახს.

მოსალოდნელია, რომ ჰარისი და ბლინკენი შეხვდებიან გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმას, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს, რომელიც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი და ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმაც, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა.

ასევე ნახეთ: გერმანია აცხადებს, რომ რუსული ნავთობის იმპორტის შეწყეტა ზაფხულის ბოლოსთვის “რეალისტურია”

ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ეს ნავთობით მდიდარ და რეგიონის საკვანძო ფინანსურ ქვეყანაში, ყველაზე მაღალი დონის ვიზიტია. დელეგაციაში ასევე შედიან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი და კლიმატის საკითხების დესპანი ჯონ კერი.

აბუ დაბი უკმაყოფილო იყო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მოეხსნა ტერორისტის სტატუსი იემენის ჰუთი ამბოხებულებისთვის, რომლებსაც მხარს ირანი უჭერს და საემიროებს და საუდის არაბეთს რაკეტები და დრონები დაუშინეს. საემიროები და სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოები ასევე ეწინააღმდეგებიან ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევას, გააცოცხლოს ირანის ბირთვული შეთანხმება, რომლიდანაც შეერთებული შტატები ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს გამოიყვანა.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვაშინგტონმა საემიროებს და საუდის არაბეთს სთხოვა ნავთობის მოპოვება გაეზარდათ, რათა საწვავზე მკვეთრად გაზრდილი ფასები შემცირებულიყო და ევროპის ენერგო-ბაზრებზე სტაბილურობა გაუმჯობესებულიყო. რიადმა და აბუ დაბიმ ვაშინგტონის მოთხოვნები უარყვეს და სურთ რუსეთთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნონ.