ვიეტნამის დედაქალაქში, ჰანოის სასტუმრო „მეტროპოლში“ სადღესასწაულო ლანჩი და საგანგებო ცერემონია მზადდებოდა, პრეზიდენტ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჯონგ უნს შორის ორმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად. თუმცა, დღეს ორივე ღონისძიება 12 საათამდე ჩაიშალა, რამაც ადრევე დაასრულა ორი ლიდერის მეორე შეხვედრა.
"ჩვენ დოკუმენტები მომზადებული გვქონდა ხელმოსაწერად“-თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ „კიმს ყველა სანქციის მოხსნა დაუყოვნებლივ სურდა და ამის გაკეთება ჩვენ არ შეგვეძლო“. მან დაამატა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზად იყო ტერიტორიის დიდი ნაწილის ბირთვული განიარაღება მოეხდინა, თუმცა აშშ-ს სანქციების გაუქმება არ შეეძლო. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განხილული იყო იონგბიონის ბირთვული კომპლექსის საკითხი, თუმცა პრობლემური გამოდგა კიდევ ერთი ბირთვული ობიექტის ფაქტორი.
კიმმა, პრეზიდენტ ტრამპის განცხადების თანახმად, წინა ღამით პირობა დადო, რომ ფხენიანი ბირთვულ ან სარაკეტო გამოცდებს აღარ განახორციელებდა. ტრამპმა ჰანოიში ჩატარებული მოლაპარაკებები „პროდუქტიულად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ორი მხარე, საბოლოო ჯამში მიაღწევს შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით.