ჰააგა საქმეებს ცალკეული ქეისების დონეზე შეისწავლის

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სასამართლო პროცესს მოუძღვნის, მანამდე კი ომის დანაშაულებებს ჰააგის სისხლის სამართლის პროკურორის ოფისი სწავლობს.

ერთ–ერთი ასეთი GCRT–ია, ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან მუშაობს. მათი ბენეფიციარები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები არიან. ორგანიზაცია ექსკლუზიურ და ინდივიდზე მოგრებულ სერვისს სთავაზობს ასეთ კატეგორიაში მოხვედრილ ადამიანებს. ამერიკის ხმასთან სოფო ტაბაღუამ, GCRT–ის რეგიონულმა კოორდინატორმა ისაუბრა: „ჩვენი ბენეფიციარებიდან უმეტესობა გახლავთ ტყვედ მყოფი პირი და მძიმე ისტორიები აქვთ გადატანილი, ან პირდაპირ, უშუალო ძალადობაა მათზე განხორციელებული. 2008 წელს გვაქვს ასევე ორი უმძიმესი შემთხვევა, რომლებზეც GCRT– ის გორის ოფისი მუშაობდა და ეს სექსუალური ძალადობის ფაქტებია ქალების მიმართ. იმავე პერიოდში ჩვენ გავაკეთეთ კვლევა იმის შესახებ, რამდენად სურდათ მათ ამ ისტორიების გატანა „გარეთ“, მათ შორის ქვეყნის გარეთ, რომ ეს ქცეულიყო ერთ–ერთ „იარაღად“ სამართლებრივ ბრძოლაში, დაწყებულიყო გამოძიება და ასე შემდეგ. თუმცა, ამ ქალბატონებმა უარი თქვეს და გამოძიებაც შეწყდა. ამის შემდგომ შევეცადეთ მათ ფსიქო–სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციით დავხმარებოდით და ამით შემოვიფარგლეთ. ცალკე ჯგუფადაა გამოსაყოფი აუცილებლად უზგო–უკვლოდ გაუჩინარებული პირების საკითხი სამხედრო მოქმედებების დროს 2008 წელს. მათი ოჯახის წევრები, დღევანდელი მონაცემებით, ითვლებიან გათანაბრებულებად წამებისა და არაჰუმანური მოპრყობის ქვეშ მყოფ პირებთან, რადგან ყველა ადამიანს აქვს უფლება იცოდეს სადაა და როგორაა მისი ოჯახის წევრი. როდესაც სახელმწიფო ვერ ეხმარება გაუჩინარების გამოძიების საქმეში, ოჯახის წევრებიც უტოლდებიან არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლებს. ჩვენ ვმუშაობთ ასეთ ოჯახებთან, რომელთა რაოდენობა, დაახლოებით 27–მდეა. რამოდენიმე თვის წინ ჩამოვიდა ჰააგის პროკურორის ჯგუფი, ჩვენ გვქონდა მათთან კომუნიკაცია, ცალკეული ქეისების შესწავლის დონეზე. ესაა მიმდინარე პროცესი და სიახლე, თუმცა ჩვენ ისედაც ყოველწლიურად ვაწვდით ასეთი ტიპის ინფორმაციის შემცველ ანგარიშებს გაეროს, წამების კომიტეტსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.“

აგვისტოს ომის დროს ერთ–ერთი დაზარალებული ნაზი ბერუაშვილის ოჯახია. ამერიკის ხმასთან საუბრისას ის ამბობს, რომ მისი სახლი, ისევე როგორც ყველა მისი თანასოფლელის, განადგურებული და მიწის პირისგან აღგვილია კეხვში. ნაზი ბერუაშვილი ასევე ერთ–ერთია, ვინც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. იგი საქმის განხილვას დიდი მოთმინებით ელის: „სტრასბურგის სასამართლოსთვის რომ მიგვემართა, ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხეს: რა ქონებას ვფლობდი, რანაირი სახლი მქონდა, მივიყვანე მეზობლებიც, რომლებმაც დაამოწმეს ეს ინფორმაცია. მეორე სართულზე თერთმეტი ოთახი მქონდა, მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან კარგად ვცხოვრობდი. ამის შესახებ შემეკითხნენ და ჩაიწერეს. ჩემი მეზობელი გამოვიდა კეხვიდან ყველაზე გვიან, 13 აგვისტოს, იმალებოდა საღორეში და მან თავისი თვალით დაინახა, როგორ გადაწვეს ჩემი სახლი. ახლა ეს სოფელი აღარ არსებობს საერთოდ, არც ერთი სახლი აღარ დგას იქ, მიწასთანაა გასწორებული, თუმცა ყველა ჩემ მეზობელსა და თანასოფლელს არ მიუმართავს სტრასბურგისთვის. ზოგმა ვერ გაიგო, ზომა ვადები გაუშვა და ამის გამო... ახლა ველოდებით, რა შედეგი იქნება. ფულს თუ მომცემენ კომპენსაციის სახით, ავიღებ, აბა რას ვიზამ.“

"ამერიკის ხმა" ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელს თამარ ავალიანს ესაუბრა. ეს ორგანიზაცია ერთ–ერთია იმ ოთხ ორგანიზაციას შორის, ვისთანაც ჰააგის პროკურორის ოფისი თანამშრომლობს: „ომის დამნაშავეების სახელებისა და გვარების იდენტიფიცირება, ბუნებრივია, ძალიან რთულია. მსხვერპლები, რა თქმა უნდა საუბრობენ ფაქტებზე, იკვეთება მოროდიორობის, ქონების განადგურების შემთხვევები, ძარცვა, არასათანადო მოპყრობა, მკვლელობა და სხვა, თუმცა, ძალიან რთულია დაზარალებულს მოსთხოვო ახსოვდეს დამნაშავის ვინაობა. ზოგადად, იდენტიფიცირება სახელებით და გვარებით საომარი მოქმედებების დროს, რთულია, თუმცა ისინი საუბრობენ დარღვევების შესახებ. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, ჩვენ ავღნუსხეთ ეს ფაქტები ძალიან მალე, 2009 წელში. ჩვენი ორგანიზაციის მიერ სტრასბურგის სასამართლოში 193 ადამიანის სარჩელია შეტანილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გავუზიარეთ ჰააგის პროკურორის ოფისის წარმომადგენლებს, ვინც უშუალოდ მათ გამოიძიებს. ჩვენ მათთან შევთანხმდით კომუნიკაციის საკითხებზე, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოძიება ინტენსიურ ფაზაში შევა, შევეცდებით მაქიმალურად წარმოვადგინოთ ჩვენი მსხვერპლების ინტერესები და უფრო მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიოთ სასამართლოსთან“.

ომის საქმეებზე გამოძიება დაწყებულია ჰააგის პროკურორის ოფისის მიერ. დე–ფაქტო ცხინვალის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი მზად არიან საერთაშორისო წარმომადგენლები ცხინვალში შეუშვან. უცნობია, პროკურორის ოფისი თბილისში გახსნის დროებით წარმომადგენლობას, თუ ჰააგიდან იმუშავებს გამოძიებაზე.